ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა, 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლი


ლექსო ლაშქარავა, "ტვ პირველის" ოპერატორი (კადრი "ტვ-პირველის" ვიდეოდან)

ტელეკომპანია "პირველი" იუწყება, რომ გარდაიცვალა ტელეკომპანიის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. მასზე 5 ივლისს, აქციის გაშუქებისას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სიძულვილის ჯგუფებმა იძალადეს. გარდაცვალების უშუალო მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ამ წუთებში მიმდინარეობს ექსპერტიზა. "TV პირველი" აცხადებს, რომ მათ ოპერატორს შინაგან საქმეთა სამინისტრო ექსპერტიზას ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ უტარებს.

ლექსოსთან ერთად გადაღებაზე 5 ივლისს მყოფი მირანდა ბაღათურია ყვება, რომ მათზე იმ დღეს 20-მდე პირი ძალადობდა. პროკურატურის ვერსიით, ფიზიკური ანგარიშსწორება ხელ-ფეხით და ბლაგვი საგნებით ხდებოდა, რის შედეგადაც ლექსოს სახის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და თვალი დაზიანებული. მას ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს ორი ადამიანი დააკავეს და მათ პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ლექსოს გარდაცვალების გამო უკვე დაიგეგმა აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გაკეთებული განცხადების გამო ფართო კრიტიკის საგანი გახდა. მაშინ, როცა ძალადობრივი ჯგუფები "თბილისი პრაიდის" კონტრაქციისთვის ემზადებოდნენ და ძალადობრივ განცხადებებს აკეთებდნენ, პრემიერმა თქვა, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა პრაიდის ჩატარებას. აღნიშნული განცხადება სამოქალაქო სექტორმა შეაფასა, როგორც ძალადობის წახალისება.

პრემიერმა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას "წარმოუდგენელი ტრაგედია" უწოდა. „უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, “ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა მომხდარს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განაცხადა, რომ უნდა დადგეს ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. "ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს ვერ დაიცვა ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან, ასევე ვერ უზრუნველყო მედიის უსაფრთხო საქმიანობა... მოძალადე ჯგუფები კვლავ განაგრძობენ მედიასთან ორგანიზებულად სიძულვილის ენით საუბარს, რაც ახალისებს ძალადობას" - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

ქარტია ასევე აწერს ხელს 20 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომის თაობაზე. ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები 5 ივლისს მედიაზე მიტანილ იერიშში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ხელმომწერთა შორის არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, გაეროს ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს ატლანტიკური საბჭო და მრავალი სხვა.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, მომხდარს უკვე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი. მან მიუსამძიმრა ლექსო ლაშქარავას ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს. ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას.

„დღეს გულისტკივილით შევიტყვე ტელეკომპანია პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრების და კოლეგების ღრმა მწუხარებას. ბატონი ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას“ - ნათქვამია კარლ ჰარცელის განცხადებაში.

დაახლოებით ერთი საათის წინ, "ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც მმართველი პარტიის წევრები იყვნენ შეკრებილები, ოპოზიციის ლიდერები მივიდნენ. ისინი ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვდნენ. ოპოზიციის ლიდერებს შორის იყვნენ: ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და სხვები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG