ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი: პოლიტიკურმა ლიდერებმა დაგმონ ძალადობა


სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა, დღეს „ამერიკის ხმის“ ცენტრალური ნიუსრუმის შეკთხვის პასუხად, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს აქვთ გამოხატვის თავისუფლების და შეკრების თავისუფლების დაცვის ვალდებულება.

„ჩვენ ვგმობთ ძალადობრივ ქმედებებს საქართველოში, რომლებიც 5 ივლისს მოხდა სამოქალაქო აქტივისტების, თემის წევრების და ჟურნალისტების წინააღმდეგ. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავები ვალდებულები არიან დაიცვან გამოხატვის და შეკრების კონსტიტუციური უფლება და გაასამართლონ ისინი, ვინც ძალადობას სჩადის. ქართველებს, ისევე როგორც ყველა ადამიანს მსოფლიოს გარშემო, აქვთ უფლება გამოხატონ მათი შეხედულებები, მაშინაც კი, როდესაც ისინი, გარკვეულ კონტექსტში, არაპოპულარული თუ წინააღმდეგმდეგობრივია.

ჩვენ შევახსენებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს და სამართალდამცავ ოფიციალურ პირებს და ინსტიტუტებს პასუხისმგებლობის შესახებ, რომ დაიცვან ყველა, ვინც კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობს, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც პრესის თავისუფლებით სარგებლობენ და საჯაროდ დაგმონ ძალადობა“, - განაცხადა პრაისმა.

„შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში ხელი მოაწერა საერთო განცხადებას, საქართველოში სხვა საელჩოებთან ერთად. ამიტომ ამაზე მხოლოდ შეერთებული შტატები არ საუბრობს, არამედ პარტნიორებიც“, - თქვა მან.

5 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტი მომხდარს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა და მოუწოდა ძალადობაში მონაწილე პირების გასამართლებისკენ.

"ჩვენ ვგმობთ საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებზე და ჟურნალისტებზე 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ თავდასხმას. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავები ვალდებული არიან დაიცვან გამოხატვის და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და დასაჯონ ისინი, ვინც ძალადობაში იღებს მონაწილეობას", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა 5 ივლისს.

თბილისში განვითარებულ მოვლენებს, ასევე „ტვიტერზე“ გამოეხმაურა რესპუბლიკელი კონგრსმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი და თქვა, რომ ის განვითარებულ მოვლენებს აკვირდება.

„მე ვაკვირდები ძალადობას თბილისში და ვიზიარებ ჩვენი საელჩოს განცხადებას. მე ვეცდები შევისწავლო რა დგას LGBT თემის წინააღმდეგ ძალადობის უკან. ამერიკას სჯერა თავისუფლების“, - განაცხადა კონგრესმენმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG