ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს საქართველოში მომხდარ ძალადობას


ცოტა ხნის წინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გააკეთა. ნედ პრაისი გმობს ძალადობას საქართველოს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებზე და ჟურნალისტებზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, საქართველოს მთავრობა მოვალეა დაიცვას მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლებები.

"ჩვენ ვგმობთ საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებზე და ჟურნალისტებზე 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ თავდასხმას. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავები მოვალენი არიან დაიცვან გამოხატვის და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და დასაჯონ ისინი, ვინც ძალადობაში იღებს მონაწილეობას" - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ნედ პრაისმა საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე ასევე გამოაქვეყნა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი საელჩოების ერთობლივი განცხადება. მას შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ისრაელის, ავსტრიის, ფინეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ირლანდიის, შვედეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის საელჩოებთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლობებიც აწერენ ხელს. ერთობლივ განცხადებაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ძალადობას ერთხმად გმობენ.

„ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას“ - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოძალადეები სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ და დაისაჯონ. „ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით".

დიპლომატები საქართველოს მთავრობას და ყველა ლიდერს, ასევე სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებენ "იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა“ - ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG