ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარა ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ ზომების მიღებას ითხოვს


ანკარა ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ ზომების მიღებას ითხოვს
ანკარა ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ ზომების მიღებას ითხოვს

თურქეთის სამხრეთაღმოსავლეთ რეგიონში ქურთისტანის მუშათა პარტიის ტერორისტული საქმიანობა გააქტიურდა

თურქეთის სამეხდრო ძალებსა და ქურთ მეამბოხეებს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, თურქეთი მოუწოდებს ქურთისტანის მთავრობას დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ჩრდილოეთ ერაყში დაბანაკებული ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე თურქეთის მთავრობამ სამხრეთაღმოსავლეთ საზღვრის გასამაგრებლად დამატებითი საჯარისო ნაწილები გაგზავნა. როგორც ცნობილია, სწორედ ამ რეგიონში მოქმედებს ქურთისტანის მუშათა პარტია, რომელიც ავტონომიისთვის იბრძვის. ამ მიზნით ეს ტერორისტული ორგანიზაცია თურქულ ტერიტორიაზე თავდასხმებს აწყობს მეზობელი ჩრდილოეთ ერაყის მაღალმთიანი რაიონებიდან. რამდენიმე კვირის წინ თურქეთის არმიამ ერაყის ჩრდილოეთ რეგიონში ქურთისტანის მუშათა პარტიის ბაზები დაბომბა.

ცოტა ხნის წინ ქურთისტანის მუშათა პარტიის მეამბოხეებთან შეტაკებისას მოკლული თურქი ჯარისკაცის დაკრძალვაზე ემოციური დაძაბულობა შეინიშნებოდა.

ქურთისტანის მუშათა პარტიამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება ოფიციალურად 1 ივნისს შეწყვიტა. ამის საბაბად ამ ექსტრემისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაასახელეს ის, რომ თურქეთის მთავრობის 26-წლიანი კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული ინიციატივები ჩიხში მოექცა.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე თურქეთის ქურთებით დასახლებულ აღმოსავლეთ და სამხრეთაღმოსავლეთ რეგიონებში საბრძოლო შეტაკებების შედეგად ათობით თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა. თურქეთის არმია და მთავრობა აცხადებენ, რომ ქურთი მემაბოხეები თურქეთის ტერიტორიაზე გადმოდიან ჩრდილოეთ ერაყში განლაგებული ბაზებიდან. თურქეთის არმიის მთავარსარდალმა გენერალმა ილკერ ბასბუგმა სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ თურქეთის მოთმინება მალე ამოიწურება.

ჩვენ მივუახლოვდით იმ ზღვარს, როცა სიტყვები საქმეს აღარ შველის, აღნიშნა ბასბუგმა. მისი თქმით, ქურთისტანის მუშათა პარტიის საყრდენი ბაზები ჩრდილოეთ ერაყში უარყოფით გავლენას მოახდენს როგორც თურქეთ-ერაყის ისე თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებზე.

ამ მოსაზრებას იზიარებს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბეშირ ატალაი, რომელმაც გააფრთხილა, რომ „არცერთი სახელმწიფო არ დაუშვებს ტერორისტული ირგანიზაციის საყრდენი ბაზების ფუნქციონირებას, რომელიც მეზობელ ქვეყანას საფრთხეს უქმნის.“

თურქეთის მთავრობის განცხადებით, ჩრდილოეთ ერაყში ბაზირებულია 4,000-ზე მეტი ქურთი მეამბოხე, რომლებიც ძირითადად კანდილის მთებში არიან განლაგებულნი.

მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ წარსულში ჩრდილოეთ ერაყში თურქული სამხედრო ოპერაციები წარუმატებელი აღმოჩნდა, იყო ის, რომ რეგიონში მცხოვრები ერაყელი ქურთები ამ ზომებს მხარდაჭერას არ უცხადებდნენ. როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ ერაყის რეგიონს ნახევრად-ავტონომიური ქურთისტანის რეგიონალური მთავრობა აკონტროლებს. წარსულში ანკარა ეჭვის თვალით უყურებდა ქურთისტანის რეგიონალურ მთავრობას და მას თურქეთის ქურთულ მოსახლეობაში სეპარატისტული მოსაზრებების გაღვივებაში ადანაშაულებდა. მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები მნიშვნლოვნად გაუმჯობესდა. სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად ვითარდება და მიმდინარე წლის დასაწყისში ქურთისტანის რეგიონალური მთავრობის ლიდერი მასუდ ბარზანი ოფიციალური ვიზიტით ანკარას ეწვია. მაგრამ ახლა თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ ერაყელმა ქურთებმა უნდა გადაწყვიტონ ვის მხარეზე არიან ისინი.

შეერთებული შტატები უკვე აწვდის სადაზვერვო მონაცემებს თურქულ სამხედრო ძალებს, მაგრამ მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონი ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციებისთვის საჯარისო ნაწილებს ალბათ არ გამოყოფს.

თურქეთის სამხედრო ძალების მთავარსარდალმა აღიარა, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიის დამარცხება მხოლოდ სამხედრო ძალების გამოყენებით შეუძლებელია. მაგრამ მთავრობის მიერ ამ პრობლემის პოლიტიკური მეთოდებით გადაჭრა, როგორც ჩანს, ჩიხშია მოქცეული და თურქეთი აგრძელებს ანტი-ტერორისტული კანონების გამოყენებას ქვეყნის მთავარი ლეგალურად მოქმედი პრო-ქურთული პარტიის წევრების დაკავების მიზნით. ეს კი, მიმომხილველთა აზრით, იმის მანიშნებელია, რომ თურქეთი 26-წლიანი კონფლიქტის გადასაჭრელად კვლავინდებურად სამხედრო მეთოდების გამოყენებას ანიჭებს უპირატესობას.

XS
SM
MD
LG