ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა ისრაელს საჰაერო სივრცე დაუხურა


თურქეთმა ისრაელს საჰაერო სივრცე დაუხურა
თურქეთმა ისრაელს საჰაერო სივრცე დაუხურა

ანკარამ ისრაელის სატვირთო თვითმფრინავს თურქეთის საჰაერო სივრცეში შესვლა აუკრძალა

მაისის მიწურულს ღაზას სექტორში მიმავალ ჰუმანიტარულ გემზე ისრაელის საზღვაო ძალების მიერ განხორციელებული რეიდის საპასუხოდ გუშინ თურქეთის პრემიერ მინისტრმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თურქეთმა დახურა საჰაერო სივრცე და არ დაუშვა ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების გარკვეული რეისების ტრანზიტი. თურქეთის მთავრობის ეს ნაბიჯი კიდევ უფრო დაძაბავს თურქეთ-ისრაელის ურთიერთობებს.

თურქეთის მთავრობამ ისრაელის სატვირთო თვითმფრინავის თურქეთის საჰაერო სივრცის ტრანზიტზე უარი განაცხადა და უბრძანა ალტერნატიული მარშრუტის მონახვა. გუშინ თურქმა დიპლომატებმა დაადასტურეს ეს ცნობა.

კვირას ტორონტოში გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ერდოღანმა აგრეთვე განაცხადა, რომ 31 მაისს ღაზაში მიმავალ ჰუმანიტარულ გემზე ისრაელის საზღვაო ძალების რეიდის გამო, რომლის შედეგადაც ცხრა თურქი მოქალაქე დაიღუპა, თურქეთის მთავრობამ ისრაელის საჰაერო ძალებს დაუწესა აკრძალვა თურქეთის საჰაერო სივრცის ტრანზიტზე.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო ისრაელის საზღვაო ძალების ხსენებული რეიდი. ექვსი გემისგან შემდგარი ფლოტილია ღაზის სექტორზე დაწესებული საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა. ისრაელის მთავრობა ამტკიცებს, რომ ბლოკადის შენარჩუნება აუცილებელია იმის გამო, რომ ის ღაზას სექტორში ჰამასის მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებას ხელს უშლის.

დაუსახელებელი თურქი ოფიციალური პირის ცნობით თურქეთის მთავრობამ დააწესა ოფიციალური პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც თურქეთის საჰაერო სივრცეში ისრაელის თვითმფრინავების ტრანზიტი მთლიანად აკრძალული არ არის. თურქეთის მთავრობა ისრაელის თვითმფრინავების ტრანზიტს ინდივიდუალურად მიუდგება.

დიდი ოცეულის სამიტის პრეს კონფერენციაზე გამოსვლისას ბატონმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთ-ისრაელის ორმხრივი ურთიერთობა გაუმჯობესდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისრაელის მთავრობა თურქეთის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

„თურქეთი ისრაელისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ეს ჩვენი პირველი მოთხოვნაა. მეორე, ისრაელის მხარემ უნდა აღიაროს, რომ თურქულ გემზე საჰაერო და საზღვაო თავდასხმა მოხდა. და მესამე, ჩვენ ვითხოვთ პალესტინურ ტერიტორიებზე დაწესებული ემბარგოს გაუქმებას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას,“ განაცხადა ერდოღანმა.

ბატონმა ერდოღანმა მოუწოდა ისრაელს გადაუხადოს ფინანსური კომპენსაცია რეიდის დროს ისრაელის სამხედრო ძალების მიერ მოკლულ თურქულ მოქალაქეთა ოჯახებს.

მართალია გასულ კვირას ისრაელის მთავრობამ ოდნავ შეასუსტა ღაზას სექტორზე დაწესებული ეკონომიკური ემბარგო, მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ისრაელი ბატონი ერდოღანის ყველა მოთხოვნას ალბათ არ დააკმაყოფილებს.

საჰაერო ტრანზიტის აკრძალვისა და ისრაელის მიმართ თურქეთის მთავრობის მოთხოვნების ფონზე თურქეთის მედიაში გავრცელდა ცნობები, რომლის მიხედვითაც დიდი ოცეულის სამიტზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და თურქეთის პრემიერ მინისტრის შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ობამამ მოუწოდა თურქეთს მოაწესრიგოს ურთიერთობა ისრაელთან. აღსანიშნავია, რომ 1990-იან წლებში თურქეთი და ისრაელი პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით სტრატეგიულ პარტნიორებად ითვლებოდნენ. მაგრამ გასული რამდენიმე წლის მანძილზე ისრაელის პოლიტიკა ღაზას სექტორის მიმართ თურქეთის ისლამური ორიენტაციის მთავრობასთან მზარდი დაძაბულობის მთავარი საგანი გახდა.

XS
SM
MD
LG