ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარა-ბრიუსელი: ორმხრივი დილემა თუ გადალახვადი ბარიერი?


ბრიუსელისა და ოფიციალური თურქეთის ურთიერთობებს სტამბოლში, "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი დორიან ჯონსი სწავლობდა. ის ექსპერტებსა და ოფიციალურ პირებს გაესაუბრა.

ევროსაბჭოს მეთაური თორნბიორდ იაგლანდი გასულ კვირას თურქეთის პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა, რათა ევროპის მზარდი შეშფოთება განეხილა ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო თურქეთში.

გასულ ოთხშაბათს, ევროკავშირმა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, უპრეცედენტოდ მკაცრი კრიტიკა გამოითქვა თურქეთში შექმნილი მდგომარეობის გამო, სადაც განსაკუთრებულად იქნა დაგმობილი ივლისში, გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწყებული რეპრესიები.

შინან ულგენი, რომელიც კარნეგის ევროპის ცენტრს წარმოადგენს, "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში კრიზისს პროგნოზირებს თურქეთისა და ბრიუსელის ურთიერთობებში.

შინან ულგენი: ორმხრივ ურთიერთობებში სირთულეები წარსულშიც გვქონია, თუმცა პროგრესის ანგარიშის ნეგატიური ფონი, ასევე, ევროკავშირის წევრების მხრიდან მოლაპარაკებების შეჩერების მოწოდებები უფრო მეტად ძაბავს სიტუაცის. ამ ვითარებას ტოქსიკურს შევადარებდი.

ამასობაში, ანკარამ უარყო ევროკავშირის რამდენიმე წევრის კრიტიკული შენიშვნები, და მათ ორმაგ სტანდარტებში, ასევე თურქეთის დემოკრატიის წინაშე მდგარი გამოწვევების გაუცნობიერებლობაში დასდო ბრალი.

თურქეთის მთავრობას ესმის, რომ არსებულ უარყოფითი შეფასებებთან ერთად, ანკარას ვითარების დამძიმება არანაირად არ აწყობს.
შინან ულგენი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე ცინიკური იუმორით ილაპარაკა ევროპელ ლიდერებზე. მან აღნიშნა: "ამბობთ, რომ თურქეთისა და ევროკავშირის მოლაპარაკებების პროცესის გადახედვა უნდა მოხდეს, მაგრამ დაგაგვიანდათ. ამ პროცესს სასწრაფოდ გადახედეთ და მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება."

ანკარამ ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობის ძალისხმევა 1963 წელს დაიწყო, როცა განაცხადი ევროპის ეკონომიკურ კავშირში შესვლაზე გააკეთა. დამკვირვებლები ფიქრობენ, რომ თურქეთის გაწევრიანების ძალისხმევა ნაწილობრივ ამ ქვეყნის მუსლიმური იდენტობის გამო დაიბლოკა. თუმცა შინან ულგენი, მიუხედავად მიმდინარე აქტიური, უარყოფითი რიტორიკისა ფიქრობს, რომ ინტეგრაციის პროცესის შესანარჩუნებლად ორივე მხარეს ძლიერი არგუმენტები არსებობს:

შინან ულგენი: ერთერთი არგუმენტია ლტოლვილების საკითხში არსებული რთული მდგომარეობის გაკონტროლება და აქ თურქეთს მნიშვნელოვანი როლი. კიდევ ერთი არგუმენტი კვიპროსის საკითხის მოგვარების შესაძლებლობაა, რასაც კუნძულზე მიმდინარე მოლაპარაკებები ასაზრდოებს. თურქეთის მთავრობას ესმის, რომ არსებულ უარყოფით შეფასებებთან ერთად, ანკარას ვითარების დამძიმება არანაირად არ აწყობს, მითუმეტეს, რომ შიდა სიტუაცია არასტაბილურია, ეკონომიკური ვითარება კი გამოწვევებს აწყდება.

ამ ფონზე, ანკარა იმუქრება, რომ წლის ბოლომდე ბრიუსელთან გააუქმებს შეთანხმებას, რომელიც თურქეთის გავლით ევროკავშირში გადასვლის მსურველი ლტოლვილების რაოდენობის გაკონტროლებას ითვალისწინებს. ერდოღანი ასევე ცდილობს სიკვდილით დასჯის შემოღებას, რაც ავტომატურად შეაჩერებს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების მოლაპარაკებებს.

"ბრექსიტი" საინტერესო მოდელია თურქეთისთვის. თუ დიდი ბრიტანეთი ამ ტიპის ეკონომიკურ კავშირებს დასჯერდება ევროკავშირი ის ურთიერთობებისთვის შესაძლოა მისაბაძი მაგალითი იყო.
სოზენ ულჩური

ერდოღანის საერთაშორისო ურთიერთობების მრჩეველი სოზენ ულჩური აცხადებს, რომ ევროკავშირის მოლაპარაკებების დასრულება სერიოზული შესაძლებლობაა, განსაკუთრებით კი "ბრექსიტის" შემდეგ:

სოზენ ულჩური: "ბრექსიტი" საინტერესო მოდელია თურქეთისთვის. თუ დიდი ბრიტანეთი ამ ტიპის ეკონომიკურ კავშირებს დასჯერდება ევროკავშირთან, ეს შესაძლოა ურთიერთობებისთვის მისაბაძი მაგალითი იყოს თურქეთისთვის.

ამ ნაბიჯმა შესასძლოა მორიგი წუხილი გამოიწვიოს თურქეთის მთავრობის კრიტიკოსთა და სეკულარული ხელისუფლების მომხრეთა წრეებში. მაგრამ ექსპერტები აცხადებენ, რომ ისტორიულად, ყოველთვის, როცა თურქეთი ევროპას შორდებოდა, ის აშშ-ს უახლოვდებოდა. ცხადია, ვაშინგტონსა და ანკარას შორის განსხვავებები მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სირიის საკითხში, თუმცა დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა აქვე ამ ურთიერთობების გადახალისების შესაძლებლობას აჩენს.

XS
SM
MD
LG