ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი რეგიონალურ გავლენას კარგავს


მორსის წასვლამ თურქეთსა და ეგვიპტეს შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:55 0:00
ბმული

ბოლო წლების განმავლობაში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა თავის ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთაც სერიოზული გავლენა მოიპოვა. თურქეთის პრემიერ-მინისტრის მთავარი სტრატეგია შერბილებული პოლიტიკური მიდგომა იყო. ეკონომიკური მოქმედებები წარმატებულად ჩანდა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით.

თუმცა, ახლა პრობლემები სახეზეა, და როგორც ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, არაბული გაზაფხულის შემდგომი პერიოდი ერდოღანს და თურქეთის მეკავშირეებს სულ უფრო უკარგავს სიმშვიდის შეგრძნებას.

ბოლო პრობლემა თურქეთის მმართველი ისლამისტური პარტიისთვის პრეზიდენტ მორსის ხელისუფლებიდან წასვლა იყო, რამაც ქაიროს და ანკარას შორის ურთიერთობები გააუარესა. მოჰამედ მორსი „მუსლიმთა საძმოდან“ პირველი არჩევნების გზით არჩეული პრეზიდენტი იყო, რომელიც თურქეთის პრემიერ-მინისტრის მთავარ იდეოლოგიურ მეკავშირედ მიიჩნეოდა. „მუსლიმთა საძმოსთვის“ ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტია იყო მოდელი საარჩევნო პოლიტიკაში გამოცდილების კუთხით.

3 ივლისს, ეგვიპტეში განხორციელებულმა მოვლენებმა, რაც მორსის ჩამოგდებით დასრულდა, ფაქტობრივად აჩვენა, თუ რა საფრთხე ემუქრება პოსტ-არაბული გაზაფხულის შემგომ ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. „ეგვიპტე, მთავარი არაბული ქვეყანა, თურქეთის რეგიონალური სტრატეგიის წამყვანი პროექტი იყო“- ამბობს არაბული ლიგის ყოფილი მაღალჩინოსანი ნასიფ ჰიტი.

ქაიროს და ანკარას შორის მჭიდრო კავშირი დასრულდა. 30 ივლისს, ამ თვეში უკვე მეორედ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთის ელჩი გამოიძახა, და საყვედური განუცხადა ეგვიპტის საშინაო საქმეებში თურქეთის ჩარევის გამო.

ეგვიპტის დიპლომატის უცაბედი განრისხების მიზეზი, როგორც ექპერტები განმარტავენ, თურქეთის ლიდერების მხრიდან მორსის გადადგომის თაობაზე არაერთგზის გაკეთებული კრიტიკული განცხადებები გახდა. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა რწმენით ეს სახელმწიფოებრივი გადატრიალება იყო და არა ხალხის ნების გამოხატვა. რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ათობით გამოსვლა მიუძღვნა სამხედრო გადატრიალების გზით მორსის ჩამოგდებას, მანვე მოითხოვა დაპატიმრებული პრეზიდენტის დაუყოვნებლივი გათავისუფლებაც.

ამ კვირის დასაწყისში, ერდოღანმა დაუნდობელი რისხვა დაატეხა თავს დასავლეთს ამ თვის დასაწყისში ქაიროში მორსის მომხრე დემონსტრანტების დარბევის და დახოცვისთვის, მისი თქმით „სუსტი რეაგირების“ გამო. მუსლიმთა საძმოს წევრები პასუხისმგებლობას მათი გარდაცვალების გამო უშიშროების სამსახურებს აკისრებენ. ერდოღანმა განაცხადა “ისინი ვინც მშვიდად უყურებდნენ ეგვიპტელი ხალხის ნების გამოხატვის დროს მათ ხოცვა-ჟლეტას, ახლაც მშვიდად აკვირდებიან ეგვიპტელი მოსახლეობის მასობრივ კვლას. ვკითხულობ, სად არის ევროპა, სად არის ევროპული ღირებულებები, სად არიან ისინი, ვინც დემოკრატიის შესახებ გაკვეთილებს ატარებს მთელს მსოფლიოში?“

ზოგიერთი დასავლელი მიმომხილველი ამტკიცებს, რომ ერდოღანის თავდასხმა დასავლეთზე არის საპასუხო სვლა ამერიკული და ევროპული კრიტიკის გამო, რომელიც თურქეთის ხელისuფლების მიერ გეზის პარკის საკითხზე სტამბოლის ცენტრში დემონსტრაციების დარბევის დროს აქციის მონაწილეების გარდაცვალებას მოჰყვა.

თუმცა ანალიტიკოსი ჰიტი დარწმუნებულია, რომ ერდოღანის მრისხანება უფრო მისი იმედგაცრუების გამოხატვაა იმ პრობლემების გამო, რითაც გარშემორტყმულია თურქეთი და ასევე, თურქეთის სტრატეგიის მარცხი, რომელიც თურქეთისთვის საკმაოდ შედეგიანი იყო და მას რეგიონალური ძალაუფლების კიდევ უფრო განმტკიცების და გაზრდის საშუალებას აძლევდა. ექპერტი ამბობს, რომ „ მუსლიმთა საძმოს რეჟიმის დამარცხება ეგვიპტეში თურქეთისთვის სტრატეგიული და იდეოლოგიური დარტყმა იყო.“

სხვა დამატებითი რეგიონალური პრობლემები

ეგვიპტეში არსებული დაძაბულობა ერდოღანის საგარეო პოლიტიკურ ამბიციებზე უარყოფითად აისახება. სამოქალაქო ომი მეზობელ სირიაში სირიელ ქურთებს გარკვეულ სიმხნევეს მატებს, რომ ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე საკუთარი ავტონომიის მოთხოვნის გეგმა განახორციელონ. თურქეთში, სადაც ქურთთა საკმაოდ დიდი დიასპორაა წარმოდგენილი, თურქთა და ქურთთა სეპარატისტული მოძრაობით სერიოზულად არის შეშფოთებული, შესაძლოა ჩაიშალოს ანკარის მცდელობა აბდულა ოჯალანთან სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვასთან დაკავშირებით. აბდულა ოჯალანი თურქეთში მოქმედი ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერია, რომელიც თურქეთის ციხეში იხდის სასჯელს.

რაც შეეხება საშინაო პრობლემებს, ერდოღანს სერიოზული ოპოზიცია უპირისპირდება თურქეთის ხელისუფლების გეზის პარკის მოდერნიზების გეგმის გამო.

მორსის ჩამოგდებამდე, თურქეთის მმართველი პარტია არაბული გაზაფხულის რევოლუციის შემდეგ გამარჯვებულ ძალად მიიჩნეოდა. ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის გაბედული ისლამისტი სახელმწიფოები, მათ შორის ლიბია და ტუნისი, თურქეთს სამაგალითო ქვეყნად მიიჩნევდნენ, სადაც დემოკრატია და ისლამი ერთმანეთს ხელს არ უშლიდა. სწორედ ამან გააძლიერა თურქეთის რეგიონალური გავლენაც.

სავაჭრო გავლენის გაძლიერება

ერდოღანის ხელისუფლება ასევე გამჭრიახობით გამოირჩევა პოლიტიკისა და ბიზნესის წარმოების საქმეში. კადაფის პრეზიდენტობის შემდგომი ლიბია იმის მაგალითი გახდა, თუ თურქულ კომპანიებს რამხელა როლი შეუძლიათ შეასრულონ დანგრეული ქვეყნის მშენებლობის საქმეში.

თურქეთის სამი ათასზე მეტი მოქალაქე იქნა ევაკუირებული ლიბიიდან 2011 წლის თებერვალში, მოამარ კადაფის გადაყენების მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქციების დროს, ხოლო ლიბიის ვალმა ასამდე თურქული კომპანიების მიმართ თითქმის ოცი მილიონი შეადგინა. ანკარამ თავის კომპანიებთან, ძირითადად სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეთანხმებას მიაღწია, რომ მათ დავალიანებას სხვა ქვეყნების დავალიანებაზე ადრე გაისტუმრებდნენ. ამ წინადადებამ კარგად იმუშავა.

თურქული ძალაუფლების დასამტკიცებლად საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ლიბიამ თურქულ კომპანიებს კონტრაქტის საფუძველზე უკვე გადაუხადა დავალიანების ნახევარი, რამაც ლიბიაში მოქმედი ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, რიჩარდ გრიფიტის კმაყოფილება გამოიწვია. მისი განცხადებით, „როდესაც ლიბიაში რაიმე ბიზნეს- ღონისძიება იმართება, ეს იქნება გამოფენა თუ სხვა მოვლენა, მას ყოველთვის ესწრება
წარმომადგენლობითი დელეგაცია თურქეთიდან და ისინი ყოველთვის სასარგებლო შედეგს იღებენ.“

ეგვიპტის მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით, ერდოღანის ხელისუფლებამ მუსლიმთა საძმოს მიერ მართულ ქვეყანაში არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფინანსური ინვესტიციაც განახორციელა. 2 მილიარდი დოლარი თურქეთმა ეგვიპტეში სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად ჩადო, ხოლო 250 მილიონი დოლარი კი კრედიტის სახით, რომ ეგვიპტეს თურქეთის სამხედრო აღჭურვილობა შეესყიდა. ასევე თურქეთის ხელისუფლებამ ეგვიპტესთან ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტექნოლოგიის და საბანკო სფეროში ათობით თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

30 ივლისს ანკარამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეგვიპტესთან სამხედრო თანამშრომლობას წყვეტს, თუმცა ჯერ არ არის ნათელი, მოუნდება თუ არა ეგვიპტეს ამ ტიპის თანამშრომლობის გაგრძელება თურქეთთან იმ შემთხვევაში, თუკი ერდოღანი კვლავ გააგრძელებს წუხილის გამოხატვას მორსის ჩამოგდებასთან დაკავშირებით. ეს ფაქტორი ერდოღანს ეგვიპტის ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში აშკარა ბარიერს უქმნის.

ანალიტიკოსი მუსტაფა ალ-ლაბადი ლიბანურ გაზეთში „ალ-საფირში“ წერს რომ, „ეგვიპტეში დამყარებული ახალი პოლიტიკურ წესრიგის თანახმად, თურქეთი რეგიონალურ კონკურენტად უფრო განიხილება, ვიდრე პარტნიორად.“

ანკარასა და ქაიროს შორის დაპირისპირება როგორც ჩანს გაღრმავდება, აცხადებენ ანალიტიკოსები. თუკი ერდოღანი ეგვიპტის სამხედროების ლანძღვას და კონფრონტაციულ რიტორიკას გააგრძელებს. ამან კი შეიძლება ეგვიპტეში გააძლიეროს სპარსეთის ყურის იმ ქვეყნების გავლენა, რომლებიც მუსლიმთა საძმოს ეწინააღმდეგებიან.
XS
SM
MD
LG