ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში მცხოვრები ალევის სექტის წევრების პროტესტი


თურქეთი სირიის რეჟიმის მთავარი მოწინააღმდეგეა რეგიონში, ამავე დროს თავად თურქეთში ალავიტური სექტის უმცირესობა არსებობს, რომლებსაც ამ პრობლემისადმი განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ.

თურქეთში მათ ალევის ეძახიან. სტამბოლის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ამ სექტის ლიდერმა ალი ქენანოღლუმ მკაცრად გააკრიტიკა თურქეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკა სირიაში, რომელიც ოპოზიციის მხარდაჭერაში გამოიხატება.

ქენანოღლუ ჰუბიარ სულთან ალევის კულტურული საზოგადოების თავმჯდომარეა სტამბოლში. მისი თქმით:“ მართალია პრემიერ-მინისტრის პოლიტიკა სუნიტების მხარდაჭერით სარგებლობს, მაგრამ ალევის სექტაში ეს დიდ შეშფოთებას იწვევს. სირიის ოპოზიციას დემოკრატიასთან საერთო არ გააჩნია. მათი პოზიცია შემაშფოთებელია, რადგან ალავიტებს სუნიტი მმართველების დროს მათ წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს აგონებს.“

თებერვალში თურქეთში მცხოვრები ალევის სექტის წევრები სირიის საზღვართან მივიდნენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერის მიზნით.

როგორც სტამბოლში მდებარე ჰაკი ბექთას კულტურული ფონდის თავმჯდომარე ქამილ აიკანათი აცხადებს:“ რელიგიური და კულტურული სხვაობის მიუხედავად სირიასა და თურქეთში მცხოვრები ალავიტები ძმები არიან. მათ უამრავი საერთო გააჩნიათ. ქამილ აიკანათის თქმით ანატოლიელი და არაბი ალავიტები მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი.“

ალევის სექტას თურქეთში ოფიციალური წარმომადგენელი არა ჰყავს, რადგან სახელმწიფო არ აღიარებს მათ რელიგიურ უფლებებს. თავად ამ სექტის წარმომადგენლები თვლია, რომ ისინი თურქეთის მოსახლეობის ერთ-მეოთხედს შეადგენენ.

თურქი პოლიტოლოგის სოლი ოზელის განცხადებით აღნიშნული სექტის წევრები მმართველი პარტიის სუნიტურ ფესვებს ეჭვის თვალით უყურებენ.

მისი თქმით:“ იმ რეგიონში, სადაც რელიგიური დაპირისპირება უმწვავესი ხასიათისაა, ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა დაიცვას თურქეთის მთვარობამ ბალანსი და თავიდან აიცილოს ალავიტებსა და სუნიტებს შორის მოსალოდნელი დაპირისპირება.“

ალევის სექტის წარმომადგენლები მეჩეთებში არ დადიან. ქალები და კაცები კი ერთად ლოცულობენ. ეს გარემოება მათ მიმართ სუნიტი მუსულმანების აგრესიულ განწყობას განაპირობებს.

თურქეთში მცხოვრები ალავიტები არაერთხელ გამხდარან აგრესიის მსხვერპლნი. 1993 წელს ათობით ადამიანი დაიღუპა, როდესაც სასტუმროში კულტურულ ღონისძიებაზე შეკრებულ ალავიტებს სუნიტების ბრბომ ცეცხლი წაუკიდა.

როგორც ალევის კულტურული ფონდის თავმჯდომარე ქამილ აიკანათი აცხადებს, თუ თურქეთში ალავიტებსა და სუნიტებს შორის მწვავე კონფლიქტი გაჩაღდება, წარსულის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე ალევის სექტის წარმომადგენლები ორგანიზებულად დაიცავენ თავს.

თურქეთის მედიაში ყოველდღე გადასცემენ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის ამსახველ კადრებს, რაც კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას და არ არის გამორიცხული, რომ სუნიტებსა და ალავიტებს შორის არსებული დაპირისპირება სირიიდან თურქეთზეც გავრცელდეს.

XS
SM
MD
LG