ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობა ღრმავდება


თურქეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ უფრო მჭიდრო დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობა დაამყარეს ერთმანეთთან, მას შემდეგ რაც უშედეგოდ დამთავრდა სომხეთის მცდელობა ანკარასთან დაახლოების შესახებ.

თურქეთის მთავრობის წევრები აზერბაიჯანში ხშირად ჩადიან და მხარს უჭერენ ბაქოს ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში. 1988 წელს ამ რეგიონის სომეხმა მოსახლეობამ აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა მოითხოვა. ექვსწლიანი ომის შემდეგ, რომელმაც 35 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 1994 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დაიდო.

თებერვალში სტამბოლში დიდი მიტინგი ჩატარდა, 1992 წელს სომხების მიერ აზერბაიჯანული სოფლის, ხოჯალის ამოწყვეტის 20 წლისთავთან დაკავშირებით. ამ ტრაგედიას 603 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიტინგზე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ამაღელვებელი სიტყვა წარმოთქვა:“ სანამ თურქეთი იარსებებს სისიხლისღვრის მოთავეებს პასუხი მოეთხოვებათ.“ განაცხადა ნაიმ საჰინმა.

ხსოვნის დღის აღსანიშნავად ათასობით თურქი და აზერბაიჯანელი ნაციონალსტი ჩავიდა სტამბოლში, რომელთაც ხელთ ეპყრათ პლაკატები წარწერით:“ ერთი ერი, ორი სახელმწიფო.“ მიტინგი ანტი-სომხური განწყობით მიმდინარეობდა.

სტამბოლის ბაჰჩისეირის უნივერსიტეტის პოლიტიკური ანალიტიკოსის ჩინგიზ ახტარის განცხადებით მიტინგზე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის გამოჩენა და მისი გამოსვლის შინაარსი მეტყველებს, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა.

ბატონი ახტარის განცხადებით:“ ძალზე მიშვნელოვანია, რომ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე მსგავსი არაფერი მომხდარა თურქეთში. აზერბაიჯანი თურქეთის პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრში მოექცა. თურქეთმა თავისი პოლიტიკა სომხეთის მიმართ მთლიანად დაუმორჩილა აზერბაიჯანის ინტერესებს.“

ანკარამ ბაქოს განრისხება გამოიწვია 2009 წლის ოქტომბერში სომხეთთან ხელმოწერილი პროტოკოლის გამო, რომელიც ამ ქვეყნასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას და თურქეთის მიერ სომხეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური ემბარგოს გაუქმებას ითვალისწინებდა.

როგორც სტამბოლის ეკონომიკის და საგარეო ურთიერთობათა სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი მაღალი რანგის დიპლომატი სინან ულგენი აცხადებს, ანკარას ერევანთან დაახლოებით ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების იმედი ჰქონდა, მაგრამ აზერბაიჯანის მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამო თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ერდოგანმა შეაჩერა ეს პროცესი.

ბატონი ულგენის განცხადებით:“ პრემიერ-მინისტრმა ბაქოს თვალსაზრისი გაიზიარა, რადგან თურქეთში ძალზე ძლიერია ნაციონალისტური ტენდენციები. აზრბაიჯანმა წარმატებით შეძლო ამ კარტის გათამაშება.“

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ წლის დასაწყისში გააკრიტიკა თურქეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკა სომხეთთან მოლაპარაკების ჩიხში შეყვანის გამო. ამასობაში ბაქომ და ანკარამ რამდენიმე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც აზერბაიჯანული გაზით თურქეთის მომარაგებას ითვალისწინებს. ამ გარიგებამ თურქეთის ხელისუფლებას საშუალება მისცა შეამციროს ამ ქვეყნის დამოკიდებულება ირანულ ბუნებრივ აირზე.

მიუხედავად ამისა თურქეთის საგარეო საქმეთა სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მურატ ბილჰანი აცხადებს, რომ ბაქო კვლავაც ეჭვის თვალით უყურებს თურქეთის საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს.

მისი თქმით:“ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა არ არის დამყარებული ურთიერთნდობაზე. თურქეთი სუნიტური ქვეყანაა, აზერბაიჯანში კი უმეტესობა შიიტები არიან. თუმცა მათ საერთო ინტერესები აკავშირებთ, რაც პირველ რიგში ენერგეტიკულ პროექტებში მდგომარეობს. გარდა ამისა არსებობს სომხეთის გვერდის ავლით რკინიგზის გაყვანის იდეაც.“

ანკარა ამავე დროს დაინტერესებულია სომხეთთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენით, რათა შეწყდეს თურქეთზე მიმდინარე საერთაშორისო ზეწოლა პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების გენოციდის აღიარების მიზნით. თურქეთი უარყოფს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ამბები სამოქალაქო ომის შედეგი იყო.

თურქი პოლიტოლოგის სინან ულგენის განცხადებით:“ 2015 წელს იმ ტრაგიკული ამბებიდან ასი წელი სრულდება და თურქეთს მოუწევს თავისი პოლიტიკის მკაფიოდ ჩამოყალიბება, თუმცა მასზე გადამწყვეტ გავლენას მაინც აზერბაიჯანის პოზიცია მოახდენს.

თებერვალში სომხების გენოციდთან დაკავშირებით თურქეთსა და საფრანგეთს შორის მკვეთრად დაიძაბა ურთიერთობა, როდესაც საფრანგეთის პარლამენტმა სომხების გენოციდის უარყოფისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოიღო. შეერთებული შტატების სენატშიც არ წყდება მცდელობები სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით, რაც თურქეთის გაღიზიანებას იწვევს.

თურქეთი ერევანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას თუ შეეცდება აუცილებლად მოუწევს ამ საკითხში ბაქოს პოზიციის გათვალისწინება.

XS
SM
MD
LG