ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამოქალაქო აქტივიზმი იქ, სადაც ერთმანეთს თოფის ლულიდან უმზერენ


თბილისიდან თხუთმეტიოდე წუთის სავალზე დასავლეთის მიმართულებით, წეროვანია, პატარა სოფელი. 2008 წელს ამ ადგილს ახალი მაცხოვრებლები შეემატნენ და ახალი დასახლება გაჩნდა იმ ადამიანებისთვის, ვინც რუსული ოკუპაციის გამო დევნილად იქცა.

წეროვანი საქართველოში არსებულ დევნილთა ჩასახლებებს შორის ყველაზე დიდია და ერთგვარი ახალი სამყაროა, თავისი ერთნაირი ფორმისა და ზომის სახლებითა და ქუჩებით. აქ დასახლებულ ადამიანებს 2008 წლიდან თავისი თავისთვის სრულიად ახალი ცხოვრების გამოგონება მოუხდათ.

ნანა ჩქარეული
ნანა ჩქარეული

ერთ-ერთი მათგანია ნანა ჩქარეული. ის არასამთავრობო ორგანიზაციას 2008 წლამდეც ხელმძღვანელობდა ახალგორში, თუმცა დევნილობის პირობებში, რეალობასთან შეგუება იოლი არ ყოფილა. გაურკვევლობისა და ადაპტაციის პერიოდი ერთ წელს გაგძელდა. „მთელი ამ ხნის განმავლობაში, სრულიად დაკარგული ვიყავი ყველა ფიქრში და ყველა გეგმაში. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგორშიც მქონდა, ამდენად, გამოცდილება ამ მიმართულებით გამაჩნდა, საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ყველა იდეა, რაც მომდიოდა, ჩემსავე ფიქრებში, აღმოჩნდებოდა, რომ „ვახორციელებდი“ ახალგორში. ერთი წელი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ესაა სხვა რეალობა, რასაც გინდა, თუ არ გინდა, უნდა მოერგო.“

ნანა წეროვანში ახლა ორ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. პირველი, არასამთავრობო ორგანიზაცია ამბიციური და ოპტიმისტური სათაურით: „უკეთესი მომავლისკენ“ 2009 წელს დააარსა. ორი წლის შემდგომ კი სოციალური საწარმოც შექმნა, რომლის საწყისი კაპიტალი 700 ევრო იყო, ახლა ის 22 თანამშრომელს ითვლის და თავისი თავის შენახვასაც ახერხებს.

ერთ-ერთ შეხვედრაზე მესამე ქვეყანაში, ჩემმა ოსმა კოლეგამ აღნიშნა, რომ ჩვენ და უფრო ძველ თაობებს კარგი მოსაგონარიც გვაქვს და ცუდიც, ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ახალგაზრდები წლების მანძილზე მხოლოდ თოფის ლულიდან უმზერენ ერთმანეთსო. მათ ურთიერთობის შესაძლებლობაც არასდროს ჰქონიათ, დრო უარყოფითად მუშაობს ჩვენზე და ზოგადად, ამ ვითარებაზე.

ნანას არასამთავრობო ორგანიზაცია წეროვანის ერთ ჩვეულებრივ კოტეჯშია განთავსებული და ბევრი ახალგაზრდისთვის ახერხებს სარგებლის მოტანას. მის ანგარიშშია პროექტები ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით.

„მხოლოდ ის, რომ ადამიანები გიცნობენ და გენდობიან, არაა საკმარისი ასეთი ტიპის პროექტების განსახორციელებლად და ამიტომაცაა ასეთი იშვიათი შეხვედრები მხარეებს შორის,“ გვეუბნება ნანა და დასძენს, რომ ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით პრობლემატურია ურთიერთობის აწყობა, გამომდინარე იმ უარყოფითი გამოცდილებიდან, რაც არსებობს. „ერთ-ერთ შეხვედრაზე მესამე ქვეყანაში, ჩემმა ოსმა კოლეგამ აღნიშნა, რომ ჩვენ და უფრო ძველ თაობებს კარგი მოსაგონარიც გვაქვს და ცუდიც, ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ახალგაზრდები წლების მანძილზე მხოლოდ თოფის ლულიდან უმზერენ ერთმანეთსო. მათ ურთიერთობის შესაძლებლობაც არასდროს ჰქონიათ, დრო უარყოფითად მუშაობს ჩვენზე და ზოგადად, ამ ვითარებაზე.“

ნანა ახალგორიდან დევნილია, თუმცა მას არ აქვს საბუთი, რითაც ახალგორში შესვლას შეძლებდა: „მე, როგორც აქტიური მოქალაქე, დე-ფაქტო ადმინისტრაციისთვის არ ვარ სასურველი ადამიანი. ასეთი დამოკიდებულება ბევრჯერ მიგრძვნია, მათ შორის, რიგითი მოქალაქეებისგან. ზოგჯერ, იმის გამო, რომ პრობლემა არ შეექმნათ პირადად, ადამიანები თავს მარიდებენ, ჩემთან ურთიერთობას გაურბიან,“გვეუბნება ნანა და იმ შემთხვევას იხსენებს, როდესაც ხელმოწერის გამო ცხინვალელი კოლეგა დე-ფაქტო რეჟიმმა დასაჯა. ეს ამბავი 2011 წელს მოხდა, მაგრამ იმდენად საგულისხმო შემთხვევა აღმოჩნდა, რომ ბევრი ადამიანის ქცევასა და დამოკიდებულებაზე იქონია გავლენა.

ამბავი ასეთია: ჰოლანდიაში შეკრებილმა ქართველებმა და ოსებმა ერთობლივი ტექსტი შეიმუშავეს, რითაც ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებს მიმართეს. მიმართვას ხელი ყველა მონაწილემ მოაწერა. ერთ-ერთ ოსს, რომელიც დაბრუნდა ცხინვალში, სერიოზული პრობლემა შეექმნა, სასტიკად სცემეს ამ ხელმოწერის გამო.

„იმ პერიოდში მქონდა საბუთი, რითაც ახალგორში დავდიოდი. ამ ინციდენტის შემდგომ, ჯერ ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა მეც შემქნოდა პრობლემა, მაგრამ შემდგომ საკუთარი თავი გადავარწმუნე და ახალგორში წავედი. იქაურმა უშიშროებამ მომაკითხა, წამიყვანა სახლიდან და დამკითხა... საბოლოოდ, ჩემთან მიმართებით, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, მადლობა ღმერთს, მაგრამ ძალიან უსიამოვნოდ მახსენდება. ამის შემდგომ, კიდევ რამდენჯერმე შევედი ახალგორში. უკანასკნელი ვიზიტისას, ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოლახვისას პრობლემები შემექმნა. რატომღაც ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, თვალში არ მოვხვედროდი არავის, დრო გასულიყო და როდესაც ჩაწყნარდებოდა სიტუაცია, მერე მეცადა ხელახლა შესვლა. მეგონა, რომ დროის გასვლის შემდგომ, უფრო გამარტივდებოდა გადაადგილება, თუმცა შევცდი. დრო გავიდა, მაგრამ ყველაფერი უფრო გართულდა და ახლა საერთოდ ვეღარ ვიღებ ამ საბუთს,“ გვეუბნება ნანა და გაკვირვებას ვერ მალავს იმის გამო, რომ მისი საქმიანობა ცალსახად მშვიდობის მშენებლობის მიმართულებას მოიცავს, მაგრამ პოზიტიურ დამოკიდებულებას ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაციიდან ვერ გრძნობს.

ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, დავბრუნდებით თუ არა ცხინვალში, მაგრამ ახალი თაობა ნებისმიერი სცენარისთვის, ნებისმიერ გამოწვევასთან გამკლავებისთვის უნდა იყოს მზად, მათ უნდა შეხვდეს ღირსეულად და მშვიდობიანად. ამას ბევრი სწავლა სჭირდება. ჩვენ ვცდილობთ, ახალგაზრდებს დავეხმაროთ ამ მიმართულებით. მნიშვნელობა არ აქვს, სად იცხოვრებენ, მთავარია იყონ თავისი საქმის პროფესიონალები და წარმატებულები.

წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში დაფუძნებული „უკეთესი მომავლისკენ“ ახალგაზრდებთან კომუნიკაციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ის ადამიანები არიან, ვინც მშვიდობის მშენებლობაში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს, ამიტომაც არაფორმალურ განათლებას დიდი მნიშვნელობას ანიჭებს მათი ღიაობის, გახსნილობის, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში. „ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, დავბრუნდებით თუ არა ცხინვალში, მაგრამ ახალი თაობა ნებისმიერი სცენარისთვის, ნებისმიერ გამოწვევასთან გამკლავებისთვის უნდა იყოს მზად, მათ უნდა შეხვდეს ღირსეულად და მშვიდობიანად. ამას ბევრი სწავლა სჭირდება. ჩვენ ვცდილობთ, ახალგაზრდებს დავეხმაროთ ამ მიმართულებით. მნიშვნელობა არ აქვს, სად იცხოვრებენ, მთავარია იყონ თავისი საქმის პროფესიონალები და წარმატებულები,“- ამბობს ნანა ჩქარეული.

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სამოქალაქო აქტივიზმს, რის ფარგლებშიც სივრცე უფრო თავისუფალი და საქმეზე ორიენტირებული ხდება, როგორც ჩანს საფრთხედ აღიქვამს დე-ფაქტო რეჟიმი. სწორედ აქტივიზმის გამოა დასჯილი ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილიც, რომლის მიმართ არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ის დღემდე დე-ფაქტო ადმინისტრაციის ფაქტობრივ ტყვეობაში იმყოფება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG