ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ამბობს, რომ მას ბოდიში უნდა მოუხადონ


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ოთხთვიანმა გამოძიებამ, რომელიც მის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის კავშირებსს სწავლობდა, ვერაფერი აღმოაჩინა და მას ბოდიში უნდა მოუხადონ.

მან ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამასაც დასდო ბრალი იმაში, რომ რუსეთის ქმედებების შესახებ დაზვერვის დასკვნის მიღების საპასუხოდ არაფერი მოიმოქმედა.

პრეზიდენტის მიერ „ტვიტერზე“ შეტყობინებების გამოქვეყნების შემდეგ, თეთრი სახლის პრეს მდივანმა შონ სპაისერმა აკრედიტებულ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტს სჯერა, არჩევნებზე გავლენის მოხდენის საქმეში რუსეთი „სავარაუდოდ“ ჩარეული იყო, თუმცა შესაძლოა ის ერთადერთი ქვეყანა არ იყო, რომელიც ამას სჩადიოდა.

სპაისერმა თქვა, რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე იანვრის შემდეგ უცვლელი შეხედულება ჰქონდა და აცხადებდა რომ მას სჯეროდა რუსეთის შესაძლო ჩარევის.

გასული წლის აგვისტოში, დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ დაასკვნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირადად გასცა კიბერ-კამპანიის დაწყების ბრძანება, რომლის მიზანიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი ნდობის შერყევა და კლინტონის დამარცხება ან, სულ მცირე, მისთვის ზიანის მიყენება და შესაბამისად, ტრამპისთვის ხელშეწყობა იყო.

ორშაბათს, „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში, ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის საქმიანობის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მიღების შემდეგ, პრეზიდენტმა ობამამ არაფერი მოიმოქმედა იმის გამო, რომ კლინტონის გამარჯვებას ელოდა და „ნავის შერყევა“ არ სურდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG