ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დრამატული კვირა ვაშინგტონში სპეციალური გამომძიებლის დანიშნვით დასრულდა


მარცხნიდან მარჯვნივ: დონალდ ტრამპი, მაიკლ ფლინი და ჯეიმს კომი
მარცხნიდან მარჯვნივ: დონალდ ტრამპი, მაიკლ ფლინი და ჯეიმს კომი

პარასკევიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც “ნიუ-იორკ თაიმსში” პრეზიდენტ ტრამპს და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის საუბრის დეტალები გამჟღავნდა, პოლიტიკურ წრეებში და მედიაში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. გაზეთი იუწყებოდა, რომ დონალდ ტრამპმა შეხვედრაზე დაზვერვის ფედერალური ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს “გადარეული” უწოდა და თქვა, რომ ჯეიმს კომის მოხსნით, მასზე არსებული “დიდი ზეწოლისგან” გათავისუფლდა. ზეწოლაში იგულისხმებოდა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში რუსეთის ჩარევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება.

“ახლახან გავათავისუფლე გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსი. ის გიჟი იყო, ნამდვილი გადარეული” - ასე თქვა “ნიუ-იორკ თაიმსის” ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა 10 მაისს რუსეთის ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრაზე. ოვალური ოფისის სტუმრებს შორის იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. გაზეთი საუბრის დოკუმენტირებული, ტექსტური ვერსიის მიმწოდებელ წყაროს არ ასახელებს. რუსული სააგენტო “ინტერფაქსი” კი აცხადებს, რომ სერგეი ლავროვი დონალდ ტრამპთან ჯეიმს კომიზე საუბარს საერთოდ უარყოფს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში განმარტა, თუ რატომ ახსენა ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში რუსეთის ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრაზე შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის, ჯეიმს კომის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი. ეიჩ-არ მაკმასტერმა ტლეკომპანია “ეი-ბი-სისთან” საუბარში თქვა, რომ დონალდ ტრამპს სურდა აეხსნა, თუ რის შემდეგ გახდა შესაძლებელი რუსეთთან თანამშრომლობაში საერთო ენის გამონახვა.

გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც დონალდ ტრამპს ხშირად აკრიტიკებს, ამბობს, რომ ჯეიმს კომიზე პრეზიდენტის უარყოფითმა გამონათქვამებმა მას “მეტყველების უნარი თითქმის წაართვა”. თეთრი სახლი მართალია, ოვალური ოფისიდან “ნიუ-იორკ თაიმსში” ინფორმაციის გაჟონვას მკაცრად აკრიტიკებს, მაგრამ კომის თაობაზე პრეზიდენტის გამონათქვამებს არ უარყოფს. “არ ვიცი, რატომ უნდა ეთქვა ვინმეს რაიმე ამდაგვარი” თქვა სენატორმა მაკკეინმა ტელეკომპანია “ფოქსთან” ინტერვიუში. რაც შეეხება გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ შეფს, მასთან დაკავშირებით გამოცდილი სენატორი ამბობს, რომ “მისტერ კომი რესპექტაბელური პიროვნებაა და მას ყველა დიდი პატივისცემით ეკიდება”.

ეიჩ-არ მაკმასტერმა სატელევიზიო ინტერვიუში იმ თემებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მედიის ყურადღების მიღმა დარჩა. მისი თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე სირიის საკითხებსაც შეეხო და ხაზი ამ მიმართულებით რუსეთის არაკონსტრუქციულ პოზიციასაც გაუსვა. მაკმასტერმა უარყო მედიით გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთის ოფიციალურ პირებთან პრეზიდენტმა ტრამპმა საიდუმლო ინფორმაცია გასცა, რომელიც დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის გეგმას ეხებოდა.

პარალელურად, მედია ახალ ცნობებს ავრცელებს იმ გამოძიების შესახებ, რომელშიც გენერალი მაიკლ ფლინი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ფიგურირებს. როგორც ირკვევა, ფლინი კონსტიტუციის მეხუთე შესწორებით სარგებლობას და დუმილის უფლების გამოყენებას აპირებს. რამდენიმე ხნით ადრე, გენერალი ფლინი ჩვენებების მიცემის და რუსეთთან დაკავშირებული დოკუმენტების სენატის კომიტეტისთვის გადაცემის სანაცვლოდ, მისთვის იმუნიტეტის მინიჭებას ითხოვდა.

სენატში მიმდინარე პროცესი მხოლოდ ერთია იმ რამდენიმე გამოძიებას შორის, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მოსკოვის ინტერესებთან შესაძლო კავშირებს იკვლევს. პრეზიდენტმა ფლინი სამსახურიდან მას შემდეგ დაითხოვა, რაც მედიაში ფლინის მიერ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისთვის დამალული რუსული კონტაქტები გამჟღავნდა.

რამდენიმე ხნის წინ, “ნიუ-იორკ თაიმსში” გამოქვეყნებული კიდევ ერთი სტატიის მიხედვით, დონალდ ტრამპი გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ შეფს ჯეიმს კომის გათავისუფლებამდე სთხოვდა, რომ ფლინის შესახებ გამოძიება შეეწყვიტა. მასთან ბოლო შეხვედრაზე პრეზიდენტმა კომის ასევე სთხოვა დაეზუსტებინა, ფიგურირებდა თუ არა გამოძიებაში დონალდ ტრამპის სახელი, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო.

რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო ამბობს, რომ პრეზიდენტის მხრიდან, ვინც არ უნდა იყოს ის, ფედერალური ბიუროს მიერ წარმოებულ გამოძიებაში ჩარევა “პრობლემა” იქნება და ეს შესაძლოა, “სამართლის აღსრულებისთვის ხელის შეშლადაც” იყოს განხილული. თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის ყოფილმა მეტოქემ, რომელიც ახლა მის მხარდამჭერთა რიგებშია, ისიც თქვა, რომ შეფასებებისგან თავს შეიკავებს, ვიდრე კონგრესში დაგეგმილ მოსმენებზე ტრამპთან საუბრის შესახებ საჯარო ჩვენებებს უშუალოდ ჯეიმს კომისგან არ მოისმენს.

“ნიუ-იორკ თაიმსმა” გასულ კვირაში კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა. გაზეთი იუწყება, რომ ფლინის საეჭვო კონტაქტების შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ მის თანამდებობაზე დამტკიცებამდეც იცოდა. “ნიუ-იორკ თაიმსის” ცნობით, ადმინისტრაციას ინაუგურაციამდე, გარდამავალ პერიოდშიც ჰქონდა ინფორმაცია, რომ ფლინის საქმეზე ფედერალური გამოძიება მიმდინარეობდა. ის საარჩევნო კამპანიის პერიოდში თურქეთის მთავრობის ლობირებაში და ანკარის ინტერესების დაცვის საფასურად, ნახევარ მილიონამდე დოლარის აღებაში იყო ეჭვმიტანილი.

პოლიტიკური დრამატიზმით სავსე გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ტრამპის საარჩევნო გუნდის რუსეთთან საეჭვო კავშირების შესასწავლად საქმე აღიძრა და რომ კრიმინალურ გამოძიებას სპეციალური გამომძიებელი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი რობერტ მალერი უხელმძღვანელებს. გამოძიების დაწყება და მის სათავეში მალერის ჩაყენება შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოადგილის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. რობერტ მალერს უმწიკვლო რეპუტაცია აქვს და მას ორივე პარტიის წარმომადგენლები მიუკერძოებელ იურისტად თვლიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG