ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საგანგებო გამომძიებელი მანდატს გააფართოებს


საგანგებო გამომძიებელი, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევის შესაძლებლობა იძიებს, მანდატს აფართოებს. უკანასკნელი ცნობებით, რომელსაც სამი გავლენიანი გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი", "ნიუ-იორკ თაიმსი" და უოლ სტრიტ ჯორნალი ავრცელებს, გამოძიება შეისწავლის იმასაც, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კანონი.

პუბლიკაციების ცნობით, საგანგებო გამომძიებელი რობერტ მალერი აპირებს ეროვნული დაზვერვის დირექტორი დენ ქოუთსი, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი მაიკლ როჯერსი და ამავე სააგენტოს ყოფილი დირექტორი რიჩარდ ლეჯეტი დაკითხოს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა დირეტორმა ჯეიმს კომიმ, რომელიც საგანგებო გამომძიებლის დანიშვნამდე რუსეთის ჩარევის შესაძლებლობას სწავლობდა, გასულ კვირას სენატის კომიტეტს უთხრა, რომ პრეზიდენტი, პირად საუბრებში მას უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის მაიკლ ფლინის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შეწყვეტას თხოვდა. ეს ბრალდება მაშინვე უარყო პრეზიდენტ ტრამპის ადვოკატმა. გაზეთების ცნობით, ტრამპმა იგივე თხოვა მაიკლ როჯერსსა და დენ ქოუთს.

რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის მეთაურმა რონა მკდანიელმა ვაშინგტონ პოსტის სტატია გააკრიტიკა და გამოთქმულ მოსაზრებას უსაფუძვლო ბრალდება უწოდა.

ინფორმაციას პრეზიდენტი ტრამპი დღეს დილით გამოეხმაურა, და თქვა, რომ პუბლიკაციებში რუსეთთან კონტაქტების გამოგონილი ამბებია შეყვანილი, და მათ არანაირი სამხილი არ უძღვის თან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG