ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარყოფს, რომ რუსეთი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. ეს განცხადება პუტინმა დღეს, სანკტ-პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა, სადაც დისკუსიას ცნობილი ამერიკელი ტელეჟურნალისტი მეგან კელი უძღვებოდა.

“აი-პი მისამართები ყალბდება, ბავშვსაც კი შეუძლია ამის გაკეთება. თქვენი არასრულწლოვანი შვილიც კი მოახერხებდა ამას,” მიმართა პუტინმა დისკუსიის მოდერატორს.

ამერიკელი მაღალჩინოსნების მიერ რუსეთის დადანაშაულება პუტინმა “ანტი-სემიტიზმს” შეადარა და მას “დეზინფორმაცია” უწოდა.

პუტინმა ფორუმის ამერიკელ მონაწილეებს მოუწოდა ჩაერიონ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ნორმალიზებაში, რომელიც, მისი თქმით, “ცივი ომის” შემდეგ ყველაზე დაძაბულია.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ტრამპის მოწოდებაზე ნატოს წევრებმა გაზარდონ თავდაცვის დაფინანსება. “თუ არავისზე თავდასხმას არ გეგმავთ, რატომ ზრდით თავდაცვის ხარჯებს”? იკითხა მან და დასძინა, რომ ნატო “მოძველებული” ორგანიზაციაა.

“ნატო შეიქმნა ცივის ომის დროს და საბჭოთა კავშრთან საბრძოლველად. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მაგრამ ნატო ისევ აგრძელებს ფუნქციონირებას. კითხვად რჩება - რატომ და რისთვის,” განაცხადა პუტინმა.

ფორუმის დასრულების შემდეგ პუტინი ჟურნალისტ მეგან კელის პირისპირ გაესაუბრება. ინტერვიუ, რომელიც MSNBC-ზე კვირას უნდა გავიდეს, ამერიკელი ჟურნალისტსთვის მიცემული პირველი ინტერვიუ იქნება მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა არჩევნებში რუსეთის ჩართულობაზე გამოძიება დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG