ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი მოკავშირეების ერთგულებაში დარწმუნებას ცდილობს


პრეზიდენტი ტრამპი ავსტრალიის დელეგაციასთან შეხვედრაზე
პრეზიდენტი ტრამპი ავსტრალიის დელეგაციასთან შეხვედრაზე

ამერიკის მოკავშირეებმა განმეორებით გამოთქვეს შეშფოთება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთგულების მიმართ. ამის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეეცადა პარტნიორების დარწმუნებას იმაში, რომ ამერიკის პოლიტიკა არ შეცვლილა.

ტრამპი იაპონიაში, დიდი ოცეულის სამიტზე იმყოფება. დღეს, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონთან ქ. ოსაკაში გამართული სამუშაო სადილის შემდეგ, ტრამპმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ჩვენ მოკავშირეებთან ერთად ვმუშაობთ. ჩვენ საკუთარ მოკავშირეებზე ვზრუნავთ... ჩვენ მოკავშირეებისგან უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი მივიღეთ მემკვიდრეობად. და ჩვენს მოკავშირეებს სამხედრო დახმარებასაც კი ვუწევთ" - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ერთი დღით ადრე კი ტელეკომპანია "ფოქსთან" საუბარში პრეზიდენტმა ამერიკა-იაპონიის სამხედრო ალიანსზე შემდეგი განცხადება გააკეთა: "თუ იაპონიას შეუტიეს, ჩვენ მესამე მსოფლიო ომში ვიბრძოლებთ. ჩვენ ჩავერთვებით და მათ დავიცავთ საკუთარი სიცოცხლის და განძის ფასად... მაგრამ, ჩვენ თუ შემოგვიტიეს, იაპონია არ არის ვალდებული რაიმე გააკეთოს. მათ შეუძლიათ "სონის" ტელევიზორით გვიყურონ".

ეს იყო პასუხი მანამდე "ბლუმბერგში" გამოქვეყნებულ მასალაზე, თითქოს ტრამპს სურს ამერიკა-იაპონიის თავდაცვის შეთანხმების დატოვება. ამ შეთანხმების საფუძველზე, ორ ყოფილ მტერს შორის შექმნილი ალიანსი, დღეს მათ შორის მშვიდობის შენარჩუნების ფუნდამენტად ითვლება.

იაპონიის მთავრობა მიესალმა სახელმწიფო დეპარტამენტის და თეთრი სახლის მიერ გაკეთებულ საპასუხო განცხადებებს, რომელიც "ბლუმბერგის" ვერსიას უარყოფს. პრეზიდენტის თანმხლები ოფიციალური პირები კი ამტკიცებენ, რომ დიდი ოცეულის სამიტზე, ტრამპისთვის ვაჭრობა უფრო პრიორიტეტული იქნება, ვიდრე სხვა გეო-სტრატეგიული პრობლემები.

მთავარი ღონისძიებების პარალელურად, ტრამპი რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას მართავს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირისპირ შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და სხვა სახელმწიფოთა ლიდერებს.

სამიტის დასრულების შემდეგ, დონალდ ტრამპი სეულში მიფრინავს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ერთად, ის ჩრდილოეთ კორეასთან შექმნილი ვითარების დარეგულირებაზე იმსჯელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG