ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დიდი ოცეულის" სამიტისას ტრამპს სულ მცირე 8 ორმხრივი შეხვედრა ექნება


იაპონიაში სახელმწიფო ვიზიტიდან ერთი თვის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი აღმოსავლეთ აზიის ქვეყანას კიდევ ერთხელ ეწვევა. "დიდი ოცეულის" სამიტის მიმდინარეობის პარალელურად ის სულ მცირე 8 წვეყნის ლიდერთან გამართავს პირისპირ შეხვედრას. განსაკუთრებულ ინტერესს ჩინეთისა და რუსეთის პრეზხიდენტებთან შეხვედრა იწვევს. თუმცა თეთრი სახლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუს კოლეგასთან შეხვედრის კონკრეტული დღის წესრიგი არ არსებობს.

ქვეყნის დატოვებამდე მან ჟურნალიტებს უთხრა, რომ სამიტისას შეხვდება ბევრი იმ ქვეყნის ლიდერს, რომლებიც "ამერიკისგან სარგებელს იღებდნენ" და მასზე უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ "ასე აღარ არის".

ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს ორშაბათს უთხრა, რომ ტრამპი საკმაოდ თავდაჯერებულია საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ. ადმინიტსრაციის სხვა წევრები კი ამბობენ, რომ პუტინთან შეხვედრის დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ახსენებენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ირანი, უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და ვენესუელა - დიდი ალბათობით, ამ თემებს ორი პრეზიდენტი აუცილებლად განიხილავს.

როდესაც მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ეტყვის თუ არა რუს კოლეგას, რომ ის აღარ ჩაერიოს ამერიკის მომავალ არჩევნებში, ტრამპმა უპასუხა: "ეს თქვენი საქმე არ არის".

"დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში განსახილველი ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ვაშინგტონისა და თეირანის ურთიერთობების გაუარესება იქნება. ორივე ქვეყნის დედაქალაქიდან ისმის განცხადებები, რომ მათ ომის თავიდან არიდება სურთ, მაგრამ ამავე დროს ორივე მხარე ხაზს უსვამს იმას, რომ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ, თუკი მეორე მხარე მათ პროვოცირებას მოახდენს. ტრამპი ეცდება, რომ სხვა ლიდერები დაარწმუნოს, გააძლიერონ ირანზე ეკონომიკური წნეხი.

დონალდ ტრამპი ამგავრ მრავალმხრივ კავშირებს და შეთანხმებებს მაინც ორმხრივ შეთანხმებებსა და მოლაპარაკებებს ამჯობინებს. თუმცა ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლები ამ მოსაზრებას არ ადასტურებენ და არ ამბობენ, რომ პრეზიდენი ამგვარი კავშირების არსებობას აუცილებლად არ მიიჩნევს.

თუმცა სამიტის მასპინძელი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე და ბევრი სხვა ევროპელი ლიდერი ცდილობს საერთაშორისო სისტემები შეინარჩუნოს და მათ პრინციპებს გაუსვას ხაზი. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ როდესაც ამერიკა ასეთი კავშირების მნიშვნელობას ეჭვქვეშ აყენებს, ამ პლატფორმებს ჩინეთი იყენებს მოხერხებულად და საკუთარი ინტერესების გასატარებლად.

რაც შეეხება ჩინეთს, სწორედ ჩინელ კოლეგასთან შეხვედრაა სამიტის ერთ-ერთი საინტერესო საკითხი. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუკი მასთან შეხვედრისას სავაჭრო საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ჩინეთს კიდევ უფრო მეტ ტარიფს დაუწესებს.

ტრამპმა ტელეკომპანია "ფოქსის" ბიზნეს ქსელისთვის მიცემულ ინტერვიუში ოთხშაბათს თქვა, რომ ის დააწესებდა "ძალიან მნიშვნელოვან დამატებით ტარიფებს" აღმოსავლეთ აზიურ სახელმწიფოზე, "თუკი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება".

XS
SM
MD
LG