ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ჩხრეკის ორდერის მოთხოვნის რედაქტირებული ვერსია მალე საჯარო გახდება


პარასკევს, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა უნდა გამოაქვეყნოს იმ დოკუმენტის რედაქტირებული ვარიანტი, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ყოფილი პრეზიდენტის სახლის ჩხრეკის საჭიროებას ასაბუთებს. დოკუმენტი სავარაუდოდ პარასკევს, ვაშინგტონის დროით, დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება და კრიმინალური გამოძიების შესახებ ახალ დეტალებს გაასაჯაროებს.

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური პირები მოწმეების, გამოძიების მასშტაბის და მიმართულების შესახებ კონფიდენციალურ დეტალებს საიდუმლოდ დატოვებენ, შესაძლოა ფიცის ქვეშ გაცემულმა წერილობითმა ჩვენებამ, დღემდე ყველაზე უფრო სრული განმარტება წარმოადგინოს იმის შესახებ, თუ რა მოვლენები უძღოდა წინ 8 აგვისტოს მარალაგოში ჩატარებულ ჩხრეკას.

გამოსაქვეყნებლად მზა დოკუმენტი არის ფიცის ქვეშ გაცემული წერილობითი ჩვენება, რომელიც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მოსამართლეს წარუდგინა, რათა ტრამპის საკუთრების ჩხრეკის ორდერი მიეღო. როგორც წესი, ასეთი ჩვენებები შეიცავს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გამოძიებაზე და აგენტები მოსამართლეს დაწვრილებით უხსნიან, თუ რატომ სურთ კონკრეტული საკუთრების ჩხრეკა და რატომ სჯერათ, რომ იქ შესაძლო დანაშაულის სამხილებს იპოვნიან. თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, ასეთი წერილობითი ჩვენებები, როგორც წესი, დალუქული რჩება და მოსამართლის ამგვარი გადაწყვეტილება მისი ნაწილების გამჟღავნების თაობაზე, არც ისე ხშირია პრაქტიკაში.

გამოძიების მიმართ გამორჩეულად დიდი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ხუთშაბათს, შეერთებული შტატების მაგისტრატმა მოსამართლე ბრიუს რაინჰარტმა, დოკუმენტის რეადაქტირებული ვერსიის გასაჯაროების ორდერი გასცა.

XS
SM
MD
LG