ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუშინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტიდან რექს ტილერსონი გაათავისუფლა და მის ადგილას დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი მაიკ პომპეო დანიშნა.

პრეზიდენტმა ტილერსონის გათავისუფლების მიზეზად მასთან "აზრთა სხვადასხვაობა" დაასახელა. პომპეოს კი უკვე იცნობენ, როგორც დონალდ ტრამპის ერთ-ერთ ყველაზე ახლო თანამოაზრესა და მოკავშირეს. ტილერსონისა და პრეზიდენტის უთანხმოებაზე ამერიკული მედია უკვე თვეებია საუბრობს.

ამ სიახლემდე ვაშინგტონში ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა ამერიკისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მოსალოდნელი შეხვედრა იყო. ტილერსონის ჩანაცვლებამ კი მიმომხილველებს აფიქრებინა, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ სამომავლო მოლაპარაკებების პროცესს უკავშირდება. მაშინ, როდესაც რექს ტილერსონი გამუდმებით იმეორებდა, რომ დიალოგისთვის სივრცე ჯერ კიდევ არსებობდა და ამერიკას არ სურდა კორეის განადგურება, პომპეო გაცილებით მკაცრი და ხისტი გამონათქვამებით გამოირჩეოდა და ამბობდა, რომ ქვეყნის მმართველი რეჟიმი უნდა შეცვლილიყო. მიმომხილველების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს სურს ამ და სხვა, საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მის პოზიციებს ისეთი უკომპრომისო ადამიანი წარმოადგენდეს, რომელიც თავადაც ზუსტად მის მსგავსად ფიქრობს. ​

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვეების განმავლობაში საუბრობდა კიმ ჩენ უნზე დამამცირებელ კონტექსტში, უწოდებდა მას მომაკვდინებელ მისიაზე მყოფ "რაკეტის კაცს", თუმცა გასულ კვირას მან თქვა, რომ ჩრდილო კორეელებს შეხვედრა სურთ და ისინი აღარ ატარებენ ბირთვული იარაღის ტესტირებას, უნდათ მასზე უარის თქმა.

თეთრი სახლის ცნობით, შეხვედრის კონკრეტული დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ის მაისის ბოლოსთვის გაიმართება.

„ამ პოტენციური შეხვედრის ალბათობა შეთანხმებულია. თუმცა ჯერჯერობით მეტი არანაირი პირობა არაა გათვალისწინებული. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ არ უნდა განახორციელონ რაკეტის ტესტირება, არანაირ ბირთვულ ტესტირებაში არ უნდა იყვნენ ჩართულნი. არც საჯაროდ უნდა დაემუქრონ ან შეეწინააღმდეგონ ამერიკისა და სამხრეთ კორეის დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს", - თქვა თეთრი სახლის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა რაჯ შამ.

ტრამპმა არაერთხელ დაადანაშაულა მისი წინამორბედი პრეზიდენტები იმაში, რომ ჩრდილოეთ კორეას ეფექტურად ვერ გაუმკლავდა. ობამას ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი მრჩეველი კი ამბობს, რომ ტრამპის "ამ მაღალრისკიან თამაშში" ეჭვი ეპარება.

"მაქსიმალისტური მიზანია ის, რომ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან სრული გათავისუფლება მოხდეს. საეჭვოა ჩრდილო კორეის ლიდერი პირველივე შეხვედრაზე დათანხმდეს ამ პირობას. მივესალმები დიპლომატიას, მაგრამ ეს დიპლომატიაც სწორად უნდა წარიმართოს. რადგან თუკი ყველა მოთხოვნას ერთბაშად დავაყენებთ და ეს პროცესი კრახით დასრულდება, კონფლიქტის გამწვავების რისკი კიდევ უფრო გაიზრდება", - ამბობს ბენ როუდსი, ბარაკ ობამას მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ჯერ უნდა მოიცადონ. "ვინ იცის რა მოხდება? მოხდება, თუ არ მოხდება? მე შეიძლება ძალიან მალე დავტოვო შეხვედრა, ან შეიძლება დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ მსოფლიოში ყველაზე დიდ შეთანხმებაზე ყველა ამ ქვეყნისთვის, მათ შორის, გულწრფელად, ჩრდილოეთ კორეისთვისაც. იმედი მაქვს, რომ სწორედ ეს მოხდება", - თქვა პრეზიდენტმა.

ამერიკელი კანონმდებლები ორივე პარტიიდან ღრმა სკეპტიციზმით ეკიდებიან ფხენიანის ზრახვებს და მათ გულწრფელობას, თუმცა ამ მოლაპარაკებების შესახებ ყველა მეტ ინფორმაციას ელოდება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG