ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას შეიძლება ნიშნავდეს სახელმწიფო მდივნის შეცვლა საქართველოსთვის?


რექს ტილერსონი და მაიკ პომპეო

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორი მაიკ პომპეო დანიშნა. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტილერსონთან ბევრ საკითხზე უთანხმოებით ახსნა და იქვე დასძინა, რომ პომპეოსთან „ყოველთვის ერთ ტალღაზეა“.
„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ეს არის ის, რაც სახელმწიფო მდივნისგან მჭირდება", - უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ტილერსონი ახერხებდა მოულოდნელად შეესწორებინა ევროპის, ნატოს თუ საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ პრეზიდენტის ის განცხადებები, რომლებიც ძალიან დამაზიანებელი და კრიტიკული იყო ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისთვის. ახლა კი არ ვიცით, შეასრულებს თუ არა ამ როლს პომპეო.
ჯეფრი ანდერსონი

ვაშინგტონში პოლიტიკის მიმომხილველებს სწორედ ის აწუხებთ, რომ პრეზიდენტმა განსაკუთრებით ლოიალური და მისი მსგავსი აზრების მქონე ადამიანი დანიშნა სახელმწიფო მდივნად.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის გერმანული და ევროპული კვლევების ცენტრის წარმომადგენელი ჯეფრი ანდერსონი "ამერიკის ხმასთან" საუბარში ამბობს, რომ ტილერსონი პრეზიდენტის ზოგიერთი ხისტი განცხადების შერბილებას ახერხებდა. ახლა კი გაურკვეველია, შეძლებს თუ არა მსგავსი "ფილტრის ფუნქციის" შესრულებას დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი მაიკ პომპეო:

"სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე ყოფნისას რექს ტილერსონს ხშირად აკრიტიკებდნენ შიდა საკითხების გამო, როგორც მართავდა ის დეპარტამენტის შიდა საქმიანობას, მაგრამ მუდმივად აქებდნენ იმისთვის, რომ შეეძლო ზოგჯერ ძალიან რბილად, ზოგჯერ კი ძალიან ძლიერად და მოულოდნელად შეესწორებინა ევროპის, ნატოს თუ საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ პრეზიდენტის ის განცხადებები, რომლებიც ძალიან დამაზიანებელი და კრიტიკული იყო ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისთვის", - ამბობს ანდერსონი.

ის ფიქრობს, რომ ამერიკის ევროპელ მოკავშირეებს ღელვის საფუძველი ნამდვილად აქვთ, რადგან ეს სიტუაცია გაურკვევლობას ქმნის:

"ახლა, როდესაც ტილერსონი ტოვებს თანამდებობას და მას ანაცვლებს ვიღაც - ვისი მოსაზრებებიც უფრო ახლოსაა პრეზიდენტის მოსაზრებებთან, მე მაშფოთებს, რომ ასეთი კორექტივები აღარ წამოვა სახელმწიფო დეპარტმანეტიდან, როგორც აქამდე მოდიოდა. ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და მეგობრები კი, სამწუხაროდ ამ მიმართულებით უნდა ელოდნენ მეტ გაურკვევლობასა და ქაოსს. იმედია ვცდები, მაგრამ ახლა ნამდვილად მაშფოთებს ეს საკითხი", - ამბობს ანდერსონი და განმარტავს, რომ მსგავსი "კორექტორის" ფუნქციის შესრულებას მხოლოდ თავდაცვის მდივანი ვეღარ შეძლებს, გინდაც ამის სურვილი ჰქონდეს, რადგან საჭიროა ეს სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოდიოდეს. "გვჭირდება სახელმწიფო მდივანი, რომელიც ამას გააკეთებს, მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვიცი შეასრულებს თუ არა მაიკ პომპეო ამ როლს".

ჩვენ სულ ახლახან ვნახეთ, რომ ნატომ საქართველოს დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერა განაახლა და არ მგონია, რომ ეს შეიცვალოს ახალი სახელმწიფო მდივნის პირობებში
ანჯელა სტენტი

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ევრაზიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ანჯელა სტენტი კი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებას სავარაუდოდ საქართველოზე და მის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარყოფითი გავლენა არ ექნება.

"საქართველოს კვლავ სჭირდება მხარდაჭერა, შიდა ეკონომიკური რეფორმებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, რადგან ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი იმისთვის, რომ შეგეძლოს ისეთ ქვეყანასთან გამკლავება, როგორიც რუსეთია. და მე არ ვფიქრობ, რომ მაიკ პომპეოს დანიშვნა შეცვლის რამეს ამ მიმართულებით. ჩვენ სულ ახლახან ვნახეთ, რომ ნატომ საქართველოს დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერა განაახლა და არ მგონია, რომ ეს შეიცვალოს ახალი სახელმწიფო მდივნის პირობებში", - ამბობს ანჯელა სტენტი ჩვენთან ინტერვიუში.

სახელმწიფო დეპარტამენტში მიმდინარე მოვლენები და მისი ფუნქციის ცვლილება აწუხებს საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩს, კენეტ იალოვიცსაც.

"ჩვენც ყველანი ვცდილობთ გავიგოთ, რა ხდება, და მე როგორც ყოფილი ელჩი, შეშფოთებული ვარ დეპარტამენტში მიმდინარე ცვლილებებით. იმედია, რომ ახალი მდივნის მმართველობისას დეპარტამენტის როლი გაუმჯობესდება, მაგრამ მაინც არ გვაქვს პასუხები, ეს კონკრეტულად რას შეიძლება ნიშნავდეს", - ამბობს იალოვიცი და განმარტავს, რომ ტილერსონი დეპარტამენტის შიგნით დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა მოიგვიანებით ის ამ თანამდებობას მოერგო და მისი შესაფერისიც ხდებოდა.

"მან გაიგო დიპლომატია, გაიგო მოლაპარაკებების მნიშვნელობა და ახლა გვაქვს გაურკვევლობა იმის შესახებ თუ რა მოხდება და სევდა, რომ ვიღაც, ვინც უკვე ნელ-ნელა ამ სამსახურისთვის შესაფერისი ხდებოდა, უცებ ტოვებს პოსტს", - ამბობს ყოფილი ელჩი საქართველოში.

იალოვიცი დასძენს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია პრეზიდენტი, რომელსაც უყვარს მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება, მრავალმხრივ ინფორმაციას და "ხარისხიან" რჩევებს იღებდეს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG