ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი თანამდებობებზე ლოიალურ მხარდამჭერებს ნიშნავს


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

ტრამპი თანამდებობებზე ლოიალურ მხარდამჭერებს ნიშნავს

მომავალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, კაბინეტის დაკომპლექტებას აგრძელებს, ის მაღალ თანამდებობებზე მისდამი ლოიალურად განწყობილ კანდიდატებს ნიშნავს, რომელიც კამპანიის დასაწყისშივე მას უჭერდნენ მხარს. ტრამპის მსგავსად, ამ კანდიდატების წარდგენას კრიტიკა მოჰყვა მათი საკამათო განცხადებების და პოზიციების გამო.

დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთოხების საკითხებში, გენერალი მაიკლ ფლინი ტრამპს მხარს რესპუბლიკური პრაიმერის პერიოდიდან მოყოლებული უჭერდა. სამხედრო დაზვერვის სპეციალისტი, ფლინი, ტრამპის მთავარი დამხმარეა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში. მისმა შეხედულებებმა ხშირად გაკვირვება გამოიწვია მიმომხილველებს და ჟურნალისტებს შორის, განსაკუთრებით ფლინის განცხადებამ Twitter-ზე, რომელშიც ის ამბობდა, რომ „მუსლიმთა მიმართ შიში რაციონალურია“.

„ისლამი პოლიტიკური იდეოლოგიაა. ის არის პოლიტიკური იდეოლოგია და იმალება იდეის უკან, რომ ის რელიგიაა“, - განაცხადა მან.

ტრამპმა როგორც წინასაარჩევნოდ აღნიშნა, ის ემხრობა წამების მეთოდების გამოყენებას სადაზვერვო ინფორმაციის მისაღებად. მან ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსად კონგრესმენი მაიკ პომპეო შეარჩია, რომელიც ობამას ადმინისტრაციას აკრიტიკებდა იმისთვის, რომ ის ტერორისტებთან მიმართებით „დაკითხვის გაძლიერებულ მეთოდებს“ არ იყენებდა.

ამასთანავე, ერთ-ერთი პირველი სენატორი, რომელმაც ტრამპს მხარი დაუჭირა, ამერიკის შემდეგი გენერალური პროკურორი, ჯეფ სეშენსი იყო. ტრამპის მსგავსად სეშენსიც ეჭვის თვალით უყურებს მუსლიმ იმიგრანტებს.

„თუ არ შეგიძლია, რომ შეამოწმო ისინი საჭიროებისამებრ, და მოახდინო აპლიკანტების გაცხრილვა, თუ ამის თავი არ გაქვს, მაშინ იმ ხალხს შორის ვისაც მიიღებ, იქნებიან ისეთებიც, ვისაც ტერორისტული მიდრეკილებები აქვს“, - განაცხადა სეშენსმა.

სეშენსს არალეგალურ იმიგრაციაზე ყოველთვის მკაცრი პოზიცია ჰქონდა.

„ვის აქვს უფრო მეტი უფლება დასაქმდეს ამ ქვეყანაში? ლეგალურ იმიგრანტს, მწვანე ბარათის მეპატრონეს და მოქალაქეს, თუ ადამიანს, ვინც ქვეყანაში უკანონოდ შემოვიდა?“, - თქვა მან.

როგორც სხვა პრეზიდენტების შემთხვევაშიც, ტრამპის გარშემო ვხედავთ იმ ხალხს ვინ მის აზრს იზიარებენ სხვადასხვა საკითხებზე. ის ჯგუფები, რომლებიც ტრამპის წინააღმდეგ არიან მის არჩევანს ცხარედ აკრიტიკებენ. „სამხრეთის სიღარიბის დაცვის იურიდიული ცენტრი“-ის მიხედვით, სეშენსი საკუთარ თავს ქსენოფობებს და რასისტებს უკავშირებს. ამასთანავე, დემოკრატები ფლინის ტემპერამენტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

„ეს არ არის ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს ფიქრის შედეგად იღებს. ეს არის ადამიანი, რომელიც ხშირად წყობიდან გამოდის და სწრაფ შეფასებებს აკეთებს იმ თემებზე, რაც შეიძლება მას არ ესმოდეს“, - განაცხადდა დემოკრატმა კონგრესმენმა ადამ შიფმა.

ტრამპის მომავალი თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი კი მათ გაკეთებულ არჩევანს სწორ ნაბიჯად მიიჩნევს. მისი თქმით, ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატები დაიცავენ ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს.

„ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ დაიცვან ჩვენი ქვეყანა, აქ და საზღვარგარეთ, ყოველ დღე, დილიდან საღამომდე“, - განაცხადა რინს პრიბუსმა, რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

სეშენსის და ფლინის კანდიდატურებს სენატის დამტკიცება დასჭირდება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რესპუბლიკელები კონგრეს აკონტროლებენ, დემოკრატების ოპოზიციის მიუხედავად, დიდი ალბათობით სენატი ორივე კანდიდატს დაამტკიცებს.

XS
SM
MD
LG