ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პირველ დიპლომატს ტრამპი მოულოდნელად ათავისუფლებს


რექს ტილერსონის სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეუფარავად განაცხადა, რომ ყოფილ სახელმწიფო მდივანთან დიდი ხანია განსხვავებული შეხედულებები აქვს.

„ჩვენ [ზოგიერთ] საკითხზე ვთანხმდებოდით,“ უთხრა ტრამპმა თეთრი სახლის წინ შეკრებილ ჟურნალისტებს. მან ყურადღება, განსაკუთრებით, ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე გაამახვილა.

„მე მისი ან შეწყვეტა ან სხვა რამის გაკეთება მინდოდა და ის კი სხვანაირად ფიქრობდა,“ თქვა მან.

მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპი ტილერსონის თანამდებობიდან გათავისუფლებას რამდენიმე თვეა ფიქრობდა. თუმცა გადაწყვეტილების ასე მოულოდნელად და მყისიერად მიღება მათ შორის დაძაბულობის გაღრმავების ნიშანი იყო.

ტილერსონმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აფრიკაში სამუშაო ვიზიტის დრო პრეზიდენტის მიერ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული განცხადებიდან შეიტყო. ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია სტივ გოლდსტეინმა გაავრცელა. თეთრმა სახლმა ეს ინფორმაცია მალევე უარყო, ხოლო გოლდსტეინი კი თანამდებობიდან დაითხოვა.

ამ გადაწყვეტილებამ ტრამპის ზოგიერთი ერთგული მხარდამჭერიც კი გააკვირვა.

„ეს ძალიან ‘ტრამპისეული’ [გადაწყვეტილებაა],“ განაცხადა კონსერვატიული „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარმა ჯეიმს კარაფანომ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დაკომპლექტებაში დაეხმარა. „როცა პრეზიდენტი ცვლილებებს ახორციელებს, ამას სწრაფად აკეთებს.“

სახელმწიფო დეპარტამენტის 14 თვიანი ხელმძღვანელობის განმავლობაში, რექს ტილერსონი პრეზიდენტ ტრამპს რამდენიმეჯერ - ზოგჯერ საჯაროდაც - შეეწინააღმდეგა.

დაპირისპირება განსაკუთრებით ოქტომბერში გამძაფრდა, როცა მედიის ინფორმაციით, ტილერსონმა პენტაგონში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე პრეზიდენტს „უტვინო“ უწოდა. მოგვიანებით კი ეს ინფორმაცია საჯაროდ არ უარყო.

ტილერსონი ასევე საჯაროდ შეეწინააღმდეგა ტრამპს ამერიკის პარიზის კლიმატური ცვლილების ხელშეკრულებიდან გამოყვანის თემაზე. ასევე საწინააღმდეგო შეხედულება ჰქონდა ისრაელის დედაქალაქად თელ-ავივის ნაცვლად იერუსალიმის აღიარების თემაზე.

ამასთან, ყოფილი სახელმწიფო მდივანი რუსეთთან მიმართებაში ყოველთვის უფრო მკაცრი იყო, ვიდრე პრეზიდენტი. მიმდინარე კვირა ამის კიდევ ერთი მაგალითი იყო, როცა ტილერსონმა დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლა რუსეთს დააბრალა.

ტრამპმაც არაერთხელ გააკეთა მისი პირველი დიპლომატის საჯარო დისკრედიტაცია. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ოქტომბერში მოხდა, როცა პრეზიდენტმა თქვა, რომ ტილერსონი „დროს ფლანგავდა“ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნთან მოლაპარაკების მცდელობით.

გასულ კვირას კი, როცა ტრამპმა კიმთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო, ეს ტილერსონთან კონსულტაციის გარეშე გააკეთა.

„მასთან ბევრი არ მისაუბრია, მართლ გითხრათ. გადაწყვეტილება მე თვითონ მივიღე,“ განაცხადა ტრამპმა.

ტილერსონის გათავისუფლება წინ უძღვის ამერიკის მხრიდან საგარეო პოლიტიკაში რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელთა შორისაცაა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნთან შეხვედრა, ლითონის იმპორტზე ტარიფების დაწესება და ირანთან ბირთვული შეთანხმების გაუქმება.

კარაფანოს მიაჩნია, რომ რაც უფრო მეტად იძენს ტრამპი თავდაჯერებულობას საგარეო პოლიტიკაში, მით უფრო მეტად აცნობიერებს, თუ როგორ აკავებს მას ზოგიერთი პოლიტიკის მიღებაში ამერიკის დიპლომატიური კორპუსი.

„სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ყოველთვის არის იმის მცდელობა, რომ არაფერი შეიცვალოს და ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც წარსულში კეთდებოდა. არ მგონია, პრეზიდენტს ეს მიდგომა მოსწონდეს,“ თქვა კარაფანომ.

ტილერსონის გათავისუფლების გადაწყვეტილება, შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა - ტაქტიკური თვალსაზრისით - უფრო გაბედული გახდება.

რექს ტილერსონი სახელმწიფო დეპარტამენტს ოფიციალურად 31 მარტს დატოვებს.

ტილერსონს მაიკ პომპეო შეცვლის

მაიკ პომპეო
მაიკ პომპეო

„მე მიმუშავია პომპეოსთან უკვე საკმაოდ დიდი ხანია, უზარმაზარი ენერგია, უდიდესი ინტელექტი,“ უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს. „ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ეს არის ის, რაც სახელმწიფო მდივნისგან მჭირდება“.

მას შემდეგ, რაც დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი გახდა, პომპეომ მალევე მოიპოვა რეპუტაცია როგორც ძლიერმა ხელმძღვანელმა, მკაცრი შეხედულებებით ტერორიზმის, წამებისა და ირანის საკითხების მიმართ. ის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველზე ერთგული მოკავშირეა.

53 წლის პომპეო სამი ვადით იყო არჩეული კონგრესში კანზასის შტატის წარმომადგენლად. სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის განმავლობაში, სააგენტოს მუშაობის შესახებ ყოველდღიურ ანგარიშს პრეზიდენტს თეთრ სახლში ის მუდამ პერსონალურად აბარებდა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG