ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი დემოკრატ კანონმდებლებზე თავდასხმებს აგრძელებს


იმ დროს, როდესაც სენატში საიმპიჩმენტო სასამართლო გარჩევის თაობაზე საკანონმდებლო დაპირისპირებაა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მისი იმპიჩმენტის საკითხზე, დემოკრატ კანონმდებლებზე თავდასხმები გააგრძელა.

მან “ტვიტერზე” დაწერა: “რადიკალურმა მემარცხენეებმა, არაფრის მაქნისმა დემოკრატებმა თქვეს, რომ სურდათ ­სასწრაფოდ ყველაფერი სენატში გაეტანათ, რადგან “პრეზიდენტი ტრამპი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს” (ისინი ბოროტები არიან და ყველაფერს იტყვიან!) მაგრამ ახლა სწრაფად მოქმედება აღარ უნდათ, მათ ძალიან ნელა მოქმედება სურთ. მატყუარები!”

გასულ კვირაში, დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ, თითქმის სრულიად ერთპარტიული ხმებით პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ორი მუხლი დაამტკიცა. პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ, რესპუბლიკელთა მიერ კონტროლირებულ სენატში სასამართლო გარჩევის დასაწყებად საიმპიჩმენტო მუხლების გადაგზავნა განუსაზღვრელი დროით გადადო. მან განაცხადა, რომ პროცესის სამართავ წესებზე სენატის მხრიდან თანხმობის მიღებამდე არ იმოქმედებს.

გასულ კვირაში, სენატის რესპუბლიკელმა ლიდერმა უარყო სენატის დემოკრატების ლიდერის, ჩაკ შუმერის მოწოდება, რომ სენატში სასამართლო გარჩევის დროს ოთხი ოფიციალური პირის ჩვენებები მიეღოთ, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის და თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მიკ მალვენის ჩვენებები. ამ ოფიციალურმა პირებმა წარმომადგენელთა პალატის გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

ორშაბათს მაკკონელმა საკუთარი პოზიცია შეარბილა და თქვა, რომ რესპუბლიკელებს მოწმეების გამოძახების შესაძლებლობა არ გამოურიცხავთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG