ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატის ლიდერი იმპიჩმენტის სასამართლოზე მოწმეების მოწვევას არ გამორიცხავს


მიტჩ მაკკონელი, უმრავლესობის ლიდერი ამერიკის სენატში, ​აცხადებს, რომ რესპუბლიკელები არ გამორიცხავენ მოწმეების გამოძახებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის სასამართლოზე. რესპუბლიკელი კანონმდებლებით დომინირებულ შეერთებული შტატების სენატში, სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ 2020 წლის იანვარში გაიმართება.

განცხადება მაკკონელმა ტელეკომპანია "ფოქსის" ერთ-ერთ გადაცემაში ორშაბათს გააკეთა. "ჩვენ არ გამოვრიცხავთ მოწმეების მოყვანას... ასე ვთქვით: მოდი, ეს საქმე ისე წავიყვანოთ, როგორც პრეზიდენტ კლინტონის შემთხვევაში. თუ სამართლიანობაა, სამართლიანობა იყოს" - თქვა მან.

გასულ კვირას სენატორმა მაკკონელმა ყურად არ იღო სენატის უმცირესობის ლიდერის, დემოკრატი სენატორის ჩაკ შუმერის მოთხოვნა, რომელიც სენატში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოწმის გამოძახებას ითხოვდა. მათ შორის არიან პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონი და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მიკ მალვენი.

თავის დროზე ორივე მოწმემ უარი თქვა საიმპიჩმენტო გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე, რომელსაც წარმომადგენელთა პალატა აწარმოებდა. დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტი ორი მუხლით დაამტკიცა: ძალაუფლების გადამეტება და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლა.

ეს სულ მესამე შემთხვევაა ქვეყნის 243-წლიან ისტორიაში, როცა პრეზიდენტის იმპიჩმენტი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. ახლა ჯერი ამერიკის სენატზეა, სადაც იმპიჩმენტის პროცესი სასამართლოს მსგავსი პროცედურით წარიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG