ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი უზენაეს სასამართლოს 6 იანვრის დოკუმენტების გაცემის დაბლოკვას სთხოვს


ხუთშაბათს, ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უზენაეს სასამართლოს მიმართა, რათა კონგრესის კომიტეტს, რომელიც 6 იანვრის საქმეს იძიებს, დოკუმენტებზე წვდომა არ მიეცეს.

2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა მოხდა. ტრამპის ათასობით მხარდამჭერის კაპიტოლიუმში შეჭრამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცების პროცესი დროებით ჩაშალა. 4 ადამიანი გარდაიცვალა და ასზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ეს ამერიკის მთავრობაზე მიტანილი ყველაზე სერიოზული იერიშია, რომელიც 1812 წლის ომის შემდეგ მომხდარა.

ტრამპის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოს სთხოვეს, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს. ყოფილი პრეზიდენტი იბრძოდა დაებლოკა დოკუმენტების გაცემა მას შემდეგაც კი, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა აღმასრულებელი ხელისუფლის ასეთ პრივილეგიაზე უარი თქვა.

ამის წინ, ვაშინგტონის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კონგრესის კომიტეტს დოკუმენტების მიმართ „უნიკალურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესი“ გააჩნდა და ტრამპს „არ წარმოუდგენია საფუძველი“, რათა ბაიდენის და კონგრესის გადაწყვეტილება გაეუქმებინა.

ეროვნულ არქივში დაცული, სასამართლოში ადრე შეტანილი შუამდგომლობის თანახმად, დოკუმენტები მოიცავს საპრეზიდენტო დღიურებს, სტუმრების აღრიცხვის ჟურნალს, წარმოსათქმელი სიტყვების წინასწარ მონახაზებს, კანცელარიის უფროს მარკ მიდოუსის არქივიდან „6 იანვრის მოვლენების თაობაზე“ხელნაწერ შენიშვნებს და „არჩევნების სამართლიანობის შესახებ საპრეზიდენტო განკარგულების პროექტს“.

კონგრესის კომიტეტის ადვოკატებმა თავის შუამდგომლობაში დაწერეს: „საგანგებო კომიტეტს ახლა სჭირდება გამოთხოვილი დოკუმენტები, რათა გამოძიების მიმართულება ჩამოაყალიბოს და საგანგებო კომიტეტს საშუალება მიეცეს საჭირო საკანონმდებლო რეკომენდაციები დროულად შეიმუშაოს“.

ტრამპის ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ეს საქმე თეთრი სახლის ყველა მომდევნო ბინადარს შეეხება და ყოფილ პრეზიდენტს „კონფიდენციალური ჩანაწერების ნაადრევად გაცემისგან დაცვის აშკარა უფლება“ ჰქონდა.

ტრამპის ადვოკატებმა იქვე დაამატეს: „კონგრესს არ შეუძლია ჩაერთოს მაკომპრომეტირებელი მასალების ძიებაში იმის იმედით, რომ პრეზიდენტ ტრამპს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს ან პრეზიდენტის და მისი გუნდის მგრძნობიარე და პრივილეგირებულ კომუნიკაციებს მხოლოდ „გამოაშკარავებისთვის“ გამოფენს“.

ამ წლის დასაწყისში სასამართლომ უარი თქვა შეეჩერებინა ტრამპის საგადასახადო ჩანაწერების ნიუ-იორკის პროკურატურისთვის გადაცემა, რაც მიმდინარე გამოძიების ნაწილი იყო. გასულ წელს, როდესაც ტრამპი თანამდებობას იკავებდა, სასამართლომ კონგრესს მისი და მისი ოჯახის წევრების საბანკო და ფინანსური დოკუმენტების მიღების უფლება არ მისცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG