ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ადვოკატები 6 იანვართან დაკავშირებული დოკუმენტების კონგრესისთვის გადაცემას ბლოკავენ


ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადვოკატები მზად არიან იმისთვის, რომ დღეს სააპელაციო სასამართლოს თავიანთი მოთხოვნა წარუდგინონ. ისინი ითხოვენ, არ გადაეცეს კონგრესის საგამოძიებო კომიტეტს, 6 იანვრის ამბოხთან დაკავშირებული საუბრების და ქმედებების ჩანაწერები. მსხვერპლიანი ამბოხის ჩანაწერები ტრამპის მხარდამჭერთა კონგრესში შეჭრამდე და შეჭრის დროს მიმდინარე მოვლენებს ეხება.

ვაშინგტონში საქმის მოსმენა კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს ადგილობრივი დროით, დილის 9:30-ზე აქვს ჩანიშნული. ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ასაჩივრებს მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, თეთრი სახლის დოკუმენტირებული ჩანაწერები კონგრესის საგამოძიებო კომიტეტს უნდა გადაეცეს.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა ეროვნული არქივისადმი წარდგენილი წარმომადგენელთა პალატის სპეციალური საგამოძიებო კომიტეტის თხოვნა, მათთვის აღნიშნული ჩანაწერების გადაცემის თაობაზე. თეთრი სახლის ჩანაწერებს ეროვნული არქივების ფედერალური სააგენტო ინახავს. მათში თეთრი სახლის მთელი საქმიანობაა დოკუმენტირებული.

კონგრესმენებისგან შემდგარ საგამოძიებო კომიტეტს კონკრეტულად აინტერესებს 6 იანვრის ამბოხამდე და კაპიტოლიუმში შეჭრის დროს, თეთრ სახლში განხორციელებული სატელეფონო ზარები, ვიზიტორთა ვინაობა და წერილობითი კომუნიკაცია ტრამპის მრჩეველთა შორის. მათი მიზანია ყოფილი პრეზიდენტის როლის შესწავლა მომხდარ ძალადობაში.

საგამოძიებო კომიტეტის მოთხოვნის წარდგენის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ეროვნულ არქივს უჩივლა და ამით შეეცადა დოკუმენტების გადაცემაში ხელი შეეშალა. მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გამოძიება რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურადაა მოტივირებული, ვინაიდან საკონგრესო კომიტეტს დემოკრატი კანონმდებლები უდგანან სათავეში. ტრამპის ადვოკატები აცხადებენ, რომ დოკუმენტები ე.წ. აღმასრულებელი პრივილეგიის ქუდის ქვეშ ერთიანდება, რომელიც პრეზიდენტის კომუნიკაციას საიდუმლოდ ინახავს და მათ გასაჯაროებისგან იცავს.

9 ნოემბერს კოლუმბიის ოლქის მოსამართლე ტანია ჩუტკანმა ტრამპის დაცვის არგუმენტები უარყო და დაადგინა, რომ წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს თეთრი სახლის დოკუმენტების გაცნობის უფლებამოსილება აქვს. მის გადაწყვეტილებას ტრამპის ადვოკატები ახლა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. საქმის წაგების შემთხვევაში, მათ შეეძლებათ შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში იჩივლონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG