ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე, კონგრესი ბენონისთვის ბრალის წაყენებას განიხილავს


სტივ ბენონი
სტივ ბენონი

შეერთებული შტატების კონგრესის სპეციალური კომიტეტი, რომელიც 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერთა კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეს იძიებს, აცხადებს, რომ ჩვენების მისაცემად გამოძახებული სტივ ბენონი საგანგებო პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს. კომიტეტში გამოუცხადებლობის გამო, კანონმდებლები მისთვის ბრალის წაყენებას გეგმავენ.

ბენონი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიდი ხნის მრჩეველი და თეთრი სახლის ყოფილი მთავარი სტრატეგი იყო. ტრამპი აცხადებს, რომ საკითხების ის ნაწილი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის საკონგრესო კომიტეტი იძიებს, ე.წ. აღმასრულებელი პრივილეგიის კატეგორიაში გადის. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია და თეთრი სახლის სხვა დანარჩენ კომუნიკაციასთან ერთად, ის ლეგალურად არის დაცული. სტივ ბენონმა ადვოკატის საშუალებით თქვა, რომ არ ითანამშრომლებს კომიტეტთან, ვიდრე ტრამპის მიერ გამოცხადებული აღმასრულებელი პრივილეგიის საკითხი არ გაირკვევა.

კონგრესის კომიტეტის წევრებმა კი ორშაბათს ანგარიში გამოაქვეყნეს, რომლითაც ადასტურებენ, რომ ბენონს არ აქვს კონგრესში გამოუცხადებლობის არანაირი ლეგალური საფუძველი და რომ მას ამისთვის შესაძლოა ბრალი წაუყენონ. ანგარიშის მიხედვით, ბენონი მნიშვნელოვანი მოწმეა. მან კონგრესში შეჭრამდე ერთი დღით ადრე, თავის პოდკასტში მსმენელებს უთხრა: "ხვალ ჯოჯოხეთის ძალები აიშვებენ... ამიტომაც ბევრმა თქვა: თუ ეს რევოლუციაა, მაშინ აჯობებს ვაშინგტონში ვიყო. ისტორიაში თქვენი დრო დგება".

კონგრესის სპეციალური კომიტეტი დღეს საღამოს გადაწყვეტს, წაუყენონ თუ არა ბრალი სტივ ბენონს კონგრესში გამოუცხადებლობისთვის. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ამბობს, რომ კონგრესისთვის დაუმორჩილებლობის გამო, უმაღლესი სასჯელი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და $100,000 ოდენობის ჯარიმაა.

2021 წლის 6 იანვარს პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებით, ვაშინგტონში მისი მხარდამჭერების მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. თეთრი სახლიდან მომიტინგეები კონგრესისკენ დაიძრნენ და კაპიტოლიუმში შეჭრნენ. ეს იმ მომენტში მოხდა, როცა კანონმდებლები სხდომაზე, რომელსაც მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი თავმჯდომარეობდა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ფორმალურად ამტკიცებდნენ. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება ტრამპის ოპონენტმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მოიპოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG