ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა დაიწყო


პეკინში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის წინ, სტარტი აიღო ოლიმპიური თამაშების ჩირაღდნის ესტაფეტამ. ჩირაღდნის გადაცემის ტრადიციული მსვლელობა 3 დღე გაგრძელდება და 4 თებერვალს, თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დასრულდება.

ღონისძიება ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ჰან ჟენგმა გახსნა. მან ოლიმპიური ჩირაღდანი 80 წლის ყოფილ სპორტსმენს, ლუო შიჰუანს გადასცა, რომელიც ჩინეთის პირველი მსოფლიო ჩემპიონია ციგურებით რბოლაში. ჩირაღდნის გადაცემის საპატიო მსვლელობაში სულ 1000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ორგანიზატორები წელს ესტაფეტას გაცილებით მოკრძალებულად ატარებენ. პანდემია კოვიდ-19-ის გამო გადაწყდა, რომ 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადისგან განსხვავებით, გლობალური ტური აღარ მოეწყობა და ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა მხოლოდ პეკინში და მის მიმდებარე რეგიონებში, მარტო ოლიმპიური თამაშების ტერიტორიით შემოიფარგლება. ამას გარდა, მთელი თამაშების მანძილზე, სპორტსმენები, ოფიციალური პირები, მომსახურე პერსონალი და ჟურნალისტები, შემოსაზღვრულ ტერიტორიას ვერ დატოვებენ. პეკინს იმედი აქვს, რომ მათი იზოლირება კორონავირუსის გავრცელების შანსებს მინიმუმზე დაიყვანს.

ჩინეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევების გამო, ოლიმპიადას რამდენიმე ქვეყანამ დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა. მათ შორის, ვინც პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე სამთავრობო დელეგაციას არ აგზავნის, არიან შეერთებული შტატები, ავსტრალია, ბრიტანეთი და კანადა.

საქართველოდან პეკინი-2022-ის ფარგლებში გამართულ თამაშებში 9 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ისინი სპორტის 3 სახეობაში იქნებიან წარმოდგენილნი. საქართველოს დელეგაციის მედროშეები ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და მოთხილამურე ნინო წიკლაური იქნებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG