ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

5 ქვეყანა ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებს


პეკინში 2022 წლის თებერვალში დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 5 ქვეყანა დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს. ამერიკა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ლიეტუვა ჩინეთში ოფიციალურ დელეგაციებს არ გაგზავნის, თუმცა შეჯიბრებაში სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ.

ბოიკოტის მიზეზი ჩინეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე ვითარებაა. დასავლეთში ამბობენ, რომ ჩინეთში უიღურებისა და სხვა მუსლიმი უმცირესობების უფლებები ირღვევა, ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია პროცესს გენოციდად აფასებს. ერთ-ერთ მთავარ შეშფოთებად რჩება ჩინეთის ქმედებები ჰონ კონგში, სადაც პეკინი დემოკრატიულ ძალებს დევნის.

“როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტს უთხრა, ადამიანის უფლებები ამერიკელების დეენემშია. ჩვენი ფუნდამენტია დაცული იყოს ადამიანის უფლებები ყველგან მსოფლიოში, მათ შორის ჩინეთში და ჩვენ ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ. არ შევეგუებით ადამიანის უფლებების დარღვევას,”- განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ საკიმ.

ვაშინგტონის პოზიციის შემდეგ, ჩინეთში დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიადას ბოიკოტი ერთმანეთის მიყოლებით დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და კანადამ გამოუცხადეს.

„მე ადრეც ვთქვი და ახლა ვიმეორებ, რომ ბრიტანეთის მთავრობა არ ყოყმანობს ბოიკოტის გამოცხადების შესახებ. როდესაც მე ბოლოს ჩინეთის პრეზიდენტს ვესაუბრე მე ეს ვუთხარი, რომ ამაზე ვფიქრობდით. დიპლომატიური ბოიკოტი ზამთრის ოლიმპიადისთვის ეფექტური იქნება, რომელსაც არცერთი ჩვენი მინისტრი და დიპლომატი არ დაესწრება. სპორტული ბოიკოტი გონივრულად არ მიმაჩნია,“- თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

შემდეგ იყო ავსტრალია, სადაც თქვეს, რომ პეკინს მათი გადაწყვეტილება არ გააკვირვებდა.

"გასაკვირი არ იქნება, ვთქვა, რომ ავსტრალია პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ოფიციალურ წარმომადგენლობას არ გაგზავნის. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბოლო პერიოდში ჩვენსა და ჩინეთის მთავრობას შორის ბევრი უთანხმოება არსებობს, ჩვენ მზად ვიყავით ჩინეთის მთავრობასთან ეს უთანხმოებები განგვეხილა თუმცა მათ ეს ნაბიჯი არ გადმოუდგამთ,“- აცხადებს სკოტ მორისონი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი

ჩინეთთან ისედაც მწვავე დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე ბოიკოტს შეუერთდა კანადაც. განცხადება 8 დეკემბერს ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ კანადის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

„არ მგონია, რომ კანადის ან სხვა მრავალი ქვეყნის გადაწყვეტილება არ გაგზავნონ დიპლომატები პეკინის ოლიმპიადასა და პარა-ოლიმპიადაზე ჩინეთისთვის დიდი მოულოდნელობა იყოს. ჩვენი ეს ნაბიჯი ჩინეთში ადამიანის უფლებების მხრივ მძიმე ვითარებით არის განპირობებული. ეს არის ჩვენი საერთო ნაბიჯი, რათა გავუგზავნოთ ჩინეთს მკაფიო გზავნილი შეწყვიტოს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა,“- ამბობს ჯასტინ ტრუდო.

ჩინეთში ამბობენ, რომ ბოიკოტი პეკინის ოლიმპიადის წარმატებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„ამერიკის შეერთებული შტატები დიდ ფასს გადაიხდის. თავისი მცდარი ქმედებისთვის. ჩვენ მტკიცე კონტრზომებს მივიღებთ. არ გვაინტერესებს ჩამოვლენ თუ არა კონკრეტული პოლიტიკოსები ოლიმპიადაზე, რადგან ეს პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წარმატებაზე გავლენას ვერ მოახდენს,“- ამბობს ჟაო ლიჯიანი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი.

ჩინეთში ზამთრის ოლიმპიადა 4 თებერვალს აიღებს სტარტს და 20 თებერვალს დასრულდება, შემდეგ პარაოლიმპიადა გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG