ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი პეკინის ოლიმპიადას სავარაუდოდ ბოიკოტს გამოუცხადებს 


ვაშინგტონი პეკინში დაგეგმილ 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, სავარაუდოდ, ბოიკოტს გამოუცხადებს. საუბარია დიპლომატიურ ბოიკოტზე, რომლის გამოცხადების შემთხვევაშიც ჩინეთში ოლიმპიადას ამერიკელი დიპლომატები და ოფიციალური პირები არ დაესწრებიან.

მოსალოდნელი პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია საშუალებები ავრცელებენ. დიპლომატიური ბოიკოტის გამოცხადების შემთხვევაში, ამერიკელი სპორტსმენები ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ და ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ.

თავდაპირველად, წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია შესაძლო ბოიკოტის შესახებ ტელეკომპანია „სი ენ ენ“-მა გაავრცელა.

ნოემბერში ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაცია პეკინის ოლიმპიადისთვის დიპლომატიური ბოიკოტის გამოცხადებაზე ფიქრობს. ამერიკის 46-ე პრეზიდენტის თქმით ამის მიზეზი ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევაა, საუბარია ჩინეთში მილიონობით მუსლიმი უიღურის დაკავებასა და ჰონგ კონგში პროდემოკრატიული ძალების დარბევისა და დევნაზე.

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2022 წლის 4-20 თებერვალს გაიმართება. თეთრ სახლს ამ დრომდე ბოიკოტის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურნენ ჩინეთში. საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი ჟაო ლიჯიანი ამბობს, რომ თუ ვაშინგტონი ბოიკოტის გამოაცხადებს ჩინეთი „კონტრზომებს" მიიღებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასესვე ამბობენ, რომ ამერიკის პრეზიდენტზე ზეწოლას ამერიკელი კანონმდებლები ახდენენ.

პირველად თეთრმა სახლმა სრული ბოიკოტი ოლიმპიურ თამაშებს 1980 წელს გამოუცხადა, მაშინ როცა ზაფხულის ოლიმპიადა მოსკოვში უნდა გამართულიყო. პრეზიდენტმა ჯიმ კარტერმა მაშინ ოლიმპიადაზე დასწრება აკრძალა. მიზეზი ავღანეთში საბჭოთა კავშირის დაშლა დასახელდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG