ამერიკის ახალი ადმინისტრაციისა და ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის პირველი მაღალი დონის ოციფიციალური შეხვედრა მკაცრი და კრიტიკული ურთიერშეფასებების ფონზე წარიმართა.
ამერიკის ოფიციალური პირები ჩინელ კოლეგებთან ალასკაში შეხვედრამდე იაპონიასა და სამხრეთ კორეას სტუმრობდნენ. ჩინეთის თაობაზე გაკეთებული განცხადებები კი იმის ნიშანი იყო, რომ მიდგომა მკაცრი იქნებოდა.
"ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას ჩინეთის მოქმედებების შესახებ, მათ შორის შინჯანში, ჰონგ კონგში, ტაივანში, ამერიკის შეერთებულ შტატებზე კიბერ თავდასხმებს, ეკონომიკური იძულების ტაქტიკას ჩვენი მოკავშირეების მიმართ. თითოეული ეს ქმედება საფრთხეს უქმნის წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, რომელიც ინარჩუნებს გლობალურ სტაბილურობას", - განუცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის ჩინელ კოლეგას კამერების თანდასწრებით.
ბაიდენის ადმინისტრაცია თავიდანვე აცხადებდა, რომ ჩინეთის მხრიდან მოქმედებების შეცვლა სურს, ეს კი იმედს აჩენდა, რომ წინა ადმინისტრაციის დროს მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის შესაძლოა გაუმჯობესებულიყო.
ჩინეთის წამყვანმა დიპლომატმა ბლინკენის განცხადებებს 15-წუთიანი გამოსვლით უპასუხა, სადაც მან შეერთებული შტატების დემოკრატიის, უმცირესობებთან მოპყრობის პრობლემებზე ისაუბრა და გააკრიტიკა ქვეყნის საგარეო და სავაჭრო პოლიტიკა.
"შეერთებული შტატები საკუთარ სამხედრო ძალასა და ფინანსურ ჰეგემონიას იყენებს იმისთვის, რომ შეავიწროვოს სხვა ქვეყნები. ის ბოროტად იყენებს ე.წ ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებს იმისთვის, რომ ნორმალურ სავაჭრო გაცვლას ხელი შეუშალოს და წააქეზოს ზოგიერთი ქვეყანა, რომ თავს დაესხას ჩინეთს", - განაცხადა ჩინეთის პირველმა დიპლომატმა.
Facebook Forum