ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს აფრთხილებს 


ამერიკის სახელმწიფო მდივანი, რომელიც თავდაცვის მდივანთან ერთად აზიაში ვიზიტით იმყოფება, ჩინეთს აფრთხილებს თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან. მეტიც, ბლინკენი ამბობს, რომ ჩინეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო წესრიგს და შეწყვიტოს ძალადობა და აგრესიული ნაბიჯების გადადგმა აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში. გამაფრთხილებელი განცხადება ენტონი ბლინკენმა იაპონიაში ვიზიტის დროს გააკეთა.

"ჩვენ ვიზიარებთ თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის ხედვას, სადაც ქვეყნები ასრულებენ წესებს, თანამშრომლობენ, რათა მშვიდობიანად გადაწყვიტონ პრობლემური საკითხები. თუ ჩინეთი გამოიყენებს იძულებას და აგრესიას თავის მიზნებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მას წინააღმდეგობას გავუწევთ,"- განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

იაპონიაში ყოფნის დროს ბლინკენმა ჰონკონგში ჩინეთის ქმედებები დაგმო და კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება ადამიანის უფლებებისადმი.

2 დღეში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თეთრი სახლის უშიშროების მრჩეველი ჩინელ კოლეგებს შეხვდებიან, და როგორც ჩანს, საუბარი მხარეებს შორის მწვავე ფორმატში წარიმართება. ეს პირველი შეხვედრა იქნება ამერიკასა და ჩინეთს შორის, რაც ამერიკაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრა მხარეებს შორის ალასკაში, ქალაქ ანქორაჟში შედგება.

აზიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჩრდილოეთ კორეის შესახებაც ისაუბრა. ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ამერიკა ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.

"ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღისგან განიარაღებაზე მუშაობას ვაგრძელებთ,"- ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი.

იაპონიასა და ვაშინგტონს შორის უკვე გაიმართა შეხვედრა „ორს პლიუს ორი“ ფორმატში, რომელიც ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზში ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღმავებას ისახავს მიზნად.

ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია აზიაში, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ერთობლივად მართავენ.

სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ამერიკის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნის ვიზიტს ჩრდილოეთ კორეაში უკვე გამოეხმაურნენ. კიმ ჩენ უნის და ვაშინგტონს ემუქრება.


"ვსარგებლობთ მომენტით და ვაფრთხილებთ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, რომ გაფანტოს დენთის სუნი ჩვენს მიწაზე იმ შემთხვევისთვის, თუ ვაშინგტონს სურს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად იძინოს,"- ამბობს კიმ ე ჩენი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მმართველის დაა და დიდი გავლენით სარგებლობს.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეას ამ დრომდე მოსახლეობისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG