ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი ტრაგედია ტყიბულში: „საქნახშირს“ მმართველის შეცვლამ ვერ უშველა?


ტყიბულელი მეშახტეები, როიტერის ფოტო
ტყიბულელი მეშახტეები, როიტერის ფოტო

ტყიბულში დღეს მიწას მიაბარეს 52 წლის ჭაბუკი სოფრომაძე. ეს 2009 წლიდან, ქალაქში, სადაც სულ 9700 მოსახლეა, სამუშაო პროცესის დროს გარდაცვლილი, რიგით 39 მეშახტეა.

მეთანის ბოლო აფეთქება მინდელის სახელობის შახტში 30 იანვარს მოხდა. ჭაბუკი სოფრომაძე დაიღუპა, კიდევ რვა მეშახტე დაშავდა. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, კიდევ ერთის, განსაკუთრებით მძიმე, იგი 60%-იანი თერმული დამწვრობით, თბილისში დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში წევს.

მეთანის აფეთქება მინდელის შახტის მეორე ნახშირ-მომპოვებელ უბანზე მოხდა. ამის გამო, ამ დრომდე შახტში ბურღვა-აფეთქების სამუშაოები შეჩერებულია.

შრომის ინსპექციის სამსახურის პირველადი მოკვლევით, გაირკვა, რომ აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას აჭარბებდა, მეშახტეებმა გეგმიური აფეთქება კი ტექნიკური ზედამხედველის გარეშე მოახდინეს.

სიმართლე გითხრათ, ძალიან გვიხაროდა, რომ ტყიბულში 2019 წლის ბოლოდან, ეს უმძიმესი სტატისტიკა გაჩერდა და ვამბობდით, რომ აი, თურმე შესაძლელი ყოფილა ნახშირის მოპოვება მსხვერპლის გარეშე , სამწუხაროდ, ეს სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა"
თამაზ დოლაბერიძე, მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ხელმძღვანელი

„ტრაგედია მოხდა იმიტომ, რომ მეთანის დიდი კონცენტრაცია იყო აფეთქების წინ ამ უბანზე და რამდენადაც ვიცით, ის, რომ კონცეტრაცია იყო დიდი, ეს გაზომილი ჰქონდა უბანზე დამონტაჟებულ ავტომატური გაზომვის სისტემასაც“ - გვითხრა თამაზ დოლაბერიძემ, რომელიც მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირებს ხელმძღვანელობს.

მისი თქმით, „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვიღაცამ გასცა არასწორი ნებართვა, რადგან თუ მეთანის კონცენტრაცია ჰაერში 1%-ს აჭარბებს, ბურღვა-აფეთქების სამუშაო შახტში დაუშვებელია.

შესაბამისად, გამოსაძიებელია რატომ და ვინ გასცა ეს უკანონო ნებართვები. როგორც ვიცი, შრომის ინსპექცია სწორედ ამ გარემოებების დადგენას ცდილობს, ეს უნდა იყოს შსს-ს და პროკურატურის გამოძიების საგანიც“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ თამაზ დოლაბერიძემ.

პროფკავშირები ტყიბულის ტრაგედიაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:52 0:00

ეს ტრაგედია პირველია ტყიბულის შახტში მას შემდეგ, რაც 2019 წლის ოქტომბერში, სამთო მომპოვებელმა გიგანტმა „საქნახშირმა“ მმართველი შეიცვალა. მაშინ, „საქნახშირში“, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) 12 წლიანი მმართველობა დასრულდა. ახალი მმართველები: ქართულ-უკრაინული კომპანია SIT (Steel International Trading) და კომპანია Coal of Georgia გახდნენ.

Coal of Georgia-ს მფლობელი უკრაინული კომპანია „უკრსპეცტექნიკაა“, მოგვიანებით, შვილობილ Coal Georgia-ში კიდევ ერთი მფლობელი გაჩნდა, პოლონური United European Erengy Corporation, რომლის დამფუძნებელებიც რუსეთის და საქართველოს მოქალაქეები არიან.

SIT-ი კი თავის მხრივ, „ჯორჯიან მანგანეზის“ უკრაინელ ინვესტორებთან დაკავშირებული კომპანიაა. „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს, ზესტაფონის ფეროს და ვარციხის ჰიდრო ელექტროსადგურს ფლობს. „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ამჟამად რუსეთის მოქალაქე მიხაილ სოცკია.

2019 წლის ოქტომბერში მმართველის ცვლილება „საქნახშირში“, 2018-ის ტრაგიკულ წელს მოჰყვა, როცა სამ თვეში, ტყიბულის შახტებსა თუ ღია კარიერზე, ჯამში 12 მეშახტე დაიღუპა. ამ ტრაგედიების ძირითადი მიზეზი მაშინაც მეთანის აფეთქება იყო.

მეშახტე ონისე საპანაძე ტყიბულის ტრაგედიის შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:56 0:00

„ძირითადად, ყველასთან მქონდა ნამუშევარი, ვინც დღემდე გარდაცვლილია“ - გვეუბნება ონისე საპანაძე, მეშახტე 12 წლიანი სტაჟით. ონისე მინდელის შახტში, პირველი უბნის მიწისქვეშა სამთო ოსტატია, არის მეშახტეთა პირველადი ორგანიზაციის პროფკავშირის წარმომადგენელი.

არ უნდა ხდებოდეს ასეთი ტრაგედიები ქალაქში. მეგობრებს ვკარგავთ, ოჯახები, შვილები რჩებიან უმამოდ, ობლად, ქვრივდებიან, ძალიან დიდი ტკივილია, ქალაქში ყველაზე მოქმედებს ეს
ონისე საპანაძე, ტყიბულელი მეშახტე

„ჭაბუკი სოფრომაძესთან, ვინც ახლა გარდაიცვალა ვმეგობრობდით, წლები გვქონდა ერთად ნამუშევარი. ძალიან დიდ ტკივილს განვიცდით თითოეული მეშახტე, ჩვენს გვერდით მომუშავე, ჩვენი მეგობრები აღარ არიან. არ უნდა ხდებოდეს ასეთი ტრაგედიები ქალაქში. მეგობრებს ვკარგავთ, ოჯახები, შვილები რჩებიან უმამოდ, ობლად, ქვრივდებიან, ძალიან დიდი ტკივილია, ქალაქში ყველაზე მოქმედებს ეს“ - ამბობს ონისე საპანაძე.

2018 წლის დიდი ტრაგედიის შემდეგ, სახელმწიფომ ქვანახშირის მოპოვება შეაჩერა და ტყიბულის შახტების შესამოწმებლად, სამთო მოპოვების სფეროში, 140 წლიანი გამოცდილების მქონე გერმანული DMT GmbH&CO დაიქირავა.

გერმანელი ექსპერტების დასკვნაში, რომელიც სახელმწიფოს 50 ათასი ევრო დაუჯდა, ჩამოთვლილი იყო მთელი რიგი სერიოზული პრობლემები, რისი გამოსწორების ვალდებულებაც ახალმა მმართველმა თავის თავზე აიღო.

პროფკავშირების შეფასებით, „საქნახშირის“ ახალი მმართველი, წინა მმართველისგან განსახვავებით, მთავარ აქცენტს მადნის უსაფრთხო მოპოვების კონცეფციაზე აკეთებდა", შესაბამისად, ის ტრაგედია, რაც მოხდა, სერიოზულ დაფიქრებას და სწრაფ რეაგირებას საჭიროებს.

„სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან გვიხაროდა, რომ ტყიბულში 2019 წლის ბოლოდან, ეს უმძიმესი სტატისტიკა გაჩერდა და ვამბობდით, რომ აი, თურმე შესაძლებელი ყოფილა ნახშირის მოპოვება მსხვერპლის გარეშე“ - გვითხრა თამაზ დოლაბერიძემ. „ეს სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა და ეს არის ძალიან სამწუხარო. სასწრაფოდ, შახტებში შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულების მექანიზმები უნდა შეიქმნას, კონკრეტულად, სამთო-მოპოვების სფეროში არის ეს ძალიან დიდი პრობლემა“ - მიაჩნია დოლაბერიძეს.

„საქნახშირი“ ქალაქ ტყიბულში 1300-მდე ადამიანს ასაქმებს, მეშახტეების თქმით, ახალი მმართველის შემოსვლის შემდეგ, რიგი პოზიტიური ცვლილებები მოხდა, თუმცა რჩება სერიოზული პრობლემები, როგორიც შახტებში მოძველებული სამუშაო იარაღები და მეშახტეების ანაზღაურებაა, რომელსაც მზარდი ინფლაცია ჭამს.

ცალკე პრობლემაა „საქნახშირის“ ლიზენციის არეალში, ღია კარიერებზე ქვანახშირის უკანონო ან მეინარდეების მიერ მოპოვება, რა დროსაც შრომის უსაფრთხოების ყველა ნორმა დარღვეულია. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლიდან, „საქნახშირს“ მეინარდეების მეშვეობით ნახშირის მოპოვება აეკრძალა, ასეთ გაუქმებულ კარიერებზე, 2019-2021 წლებში, სამი ტყიბულელი მაინც დაიღუპა.

ეს ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა დაშავების და გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის. წინა წლებშიც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა იქ მომხდარ უბედურ შემთხვევებს. აუცილეებლია შახტებში სისტემატური ინსპექტირება, არსებული დარღვევების დროული გამოვლენისა და გამოსწორების მიზნით“
ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი

„სამწუხაროდ, ეს ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა დაშავების და გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის. წინა წლებშიც, არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა იქ მომხდარ უბედურ შემთხვევებს“ - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ტყიბულის ტრაგედიას და სახელმწიფოს მოუწოდა შახტებში „სისტემატური ინსპექტირება ჩატარდეს არსებული დარღვევების დროული გამოვლენისა და გამოსწორების მიზნით“.

არასამთავრო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ მიერ 2021 წელს მომზადებულ კომპანიის პროფილში, წერია, რომ საქნახშირი" არ აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას: წიაღით სარგებლობის ლიცენზიისა და გამამდიდრებელი საწარმოს ნებართვის პირობებისა და ამ პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ;

საწარმოს საქმიანობის შედეგად, გარემოსათვის მიყენებული ზიანის, ამ ზიანის გამოსწორების და/ან შემცირებისათვის დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ; ასევე, კომპანიის საქმიანობის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული გარემოს მდგომარეობის შესახებ.“

ტყიბულში ქვანახშირის საბადო 1825 წელს აღმოჩნდა, საბადოზე მუშაობა კი 1847 წლიდან დაიწყო. გასული საუკუნის 50-იან წლებში, ქვანახშირის მოპოვებამ წელიწადში 3 მილიონ ტონასაც კი გადააჭარბა.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ტყიბულში, ქვანახშირის მოპოვება შეწყდა და მხოლოდ 2006 წლიდან განახლდა, ოღონდ ოთხის ნაცვლად, მხოლოდ მინდელის და ძიძიგურის სახელობის ორ შახტაში.

„საქნახშირი“ საქართველოში ერთადერთი ნახშირის მომპოვებელი კომპანიია, რომელიც მოპოვებასთან ერთად, ნახშირის გადამუშავებას და რეალიზაციას ახდენს.

XS
SM
MD
LG