ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული მედია და გამოწვევები


.

ამერიკული ბეჭდური მედია ციფრულ სამყაროში სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა

შეერთებულ შტატებში საინფორმაციო საშუალებების ბიზნესი დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რადგან აუდიტორია მცირდება და ახალ ციფრულ ტექნოლოგიებს სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ეუფლება. საბოლოოდ, ჟურნალისტიკის მომავალი შეიძლება მედია საშუალებების დივერსიფიკაციაზე იყოს დამოკიდებული.

ბეჭდური მედია ამერიკაში სულს ღაფავს, ვინაიდან ახალგაზრდა თაობა ახალ ამბებს მეტწილად ინტერნეტით ეცნობა. ჟურნალი "ნიუსვიკი" 2012 წლის დეკემბრიდან ექსკლუზიურად, მხოლოდ ინტერნეტით იყო ხელმისაწვდომი, თუმცა მას შემდეგ რაც მას ახალი მფლობელი გამოუჩნდა აი ბი ტი მედიას სახით, გასული თვიდან მისი ბეჭდური სახით გამოცემა განახლდა.

თუმცა ამ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორი კეით გარდინერი ამბობს, რომ ჟურნალის ბეჭდურ ვერსიას გათვლა მხოლოდ ახალგაზრდა თაობაზე არ აქვს.

"ეს ადამიანები ძველ თაობად ითვლებიან, უფრო შეძლებული ფენაა, მეტად აინტერესებთ საერთაშორისო პოლიტიკა, ეკონომიკა და მსგავსი საკითხები, თუმცა ჩვენი მთავარი მკითხველი მაინც სოციალური მედიის მომხმარებელი და უფრო ახალგაზრდა თაობაა."

მედია-კომპანიის უამრავ წარმომადგენელს შორის გარდინერი ერთ-ერთი იყო, რომელიც ტეხასში, ოსტინში გამართულ კონფერენციაზე ონლაინ პროდუქციას პოპულარიზაციას უწევდა.

"ნაითსის" ფონდის წარმომადგებელი მაიკლ მეინესი ამბობს, რომ ციფრული ჟურნალისტიკა კვლავ ფუნდამენტური განვითარების ეტაპზეა.
გამოცემა და პროდუქციის რეალიზება ყველას შეუძლია, ხმის ჩაწერა, გავრცელება, ასე რომ ეს სეგმენტი ძალიან გადატვირთულია.

ახალგაზრდები უფრო მოკლედ ცდილობენ გადმოსცენ ამბავი, დიდი ფორმატისთვის მოთმინება არ ყოფნით. არ უღრმავდებიან ისტორიას.
მაინესი ფიქრობს, რომ სერიოზული პროდუქციის შეთავაზების პირობებში მედია ორგანიზაციები მათი ყურადღების მიპყრობას შეძლებენ.

"ისინი შეიძლება ღრმა განხილვაში არ შევიდნენ, თუმცა ზოგადად ხვდებიან სიტუაციას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არის შესაძლებლობა მედია საშუალებებისთვის, რომ დახვეწონ შინაარსი და მონათხრობის სხვადასხვა ფორმით გადმოცემის შესაძლებლობა ნამდვილად არის.

ზოგიერთმა ელექტრონულმა მედია საშუალებამ საკუთარი ნიშა კონკრეტულ პრობლემაზე კონცენტრაციით, ადგილობრივი მასშტაბის ან შტატის სიახლის გაშუქებით მოიპოვა.

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული "ტეხას ტრიბუნაა", რომელიც პირადი შემოწირულობით და სხვადასხვა კერძო კომპანიების მიერ ფინანსდება.
ეს შეიძლება გახდეს მოდელი სხვა საინფორმაციო ვებ-გვერდებისთვისაც, ამბობს ჯეიკ ბატსელი, რომელიც "ტეხას ტრიბუნაში" მუშაობს. ამერიკის ხმას ის სკაიპით გაესაუბრა.

ძირითადად საქმე ეხება შემოსავლის ხუთ ან ექვს წყაროს. ისინი კოლექტიურად გამოიმუშავებენ საკმარისს იმისათვის, რომ ამა თუ იმ მედიის ფუნქციონირება მოახერხონ.“

"ტეხასის ტრიბუნამ" მის მიერ გამოქვეყნებული ამბების წყალობით წარმატება მოიპოვა და თანდათანობით ქვეყნის მასშტაბით აუდიტორიას იპყრობს. ბატსელის თქმით, ეს ფინანსურ დივერსიფიკაციაზე დაფუძნებული საიმედოობის წყალობით ხდება.

თუკი რომელიმე დონორი შეეცდება რომ გავლენა და კონტროლი დაამყაროს კონტენტზე, მედია ორგანიზაციას უფრო მეტი საშუალება აქვს დონორის შემოწირულობაზე უარი თქვას.

მისი თქმით ასეთი ტიპის საინფრომაციო ორგანიზაციები ხელისუფლების მუშაობას ფხიზელი თვალით აკვირდებიან, თუმცა მათი ეფექტურობა საბოლოოდ მოსახლეობას ანუ იმ დიდ აუდიტორიას ეყრდნობა, ვისაც მედია ემსახურება.
XS
SM
MD
LG