ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ამერიკელ ჟურნალისტს ვიზა არ მისცა


ჟურნალისტი დევიდ სატერი
ჟურნალისტი დევიდ სატერი
რუსეთმა ამერიკელ ჟურნალისტს ქვეყანაში შესვლა 5 წლით აუკრძალა. დევიდ სატერი რადიო თავისუფლების გამოცდილი ჟურნალისტია, რომელიც რუსეთის მთავრობას უკვე წლების მანძილზე აკრიტიკებს. რადიო თავისუფლებას და ამერიკის ხმას შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებს.

ამერიკის ხმასთან ინტერვიუში სატერმა განაცხადა, რომ დეკემბერში რუსეთის ვიზა მიიღო. თუმცა, მოგვიანებით, უკრაინაში რუსეთის საელჩომ მას ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა:

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა გადაწყვიტეს, რომ ჩემი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნა არ არის მიზანშეწონილი და რუსეთში შესვლა მეკრძალება.“

სამშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სატერმა „უხეშად დაარღვია“ სავიზო რეგულაციები, რის გამოც მას ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. სატერი პასუხად აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

წლების მანძილზე, სატერი რუსეთის მთავრობას ავტორიტარიზმსა და კორუფციაში ადანაშაულებს. ის მოსკოვში წლების მანძილზე ცხოვრობდა და რუსეთზე რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი.

ჩემი აზრით, ეს იმის გამო გააკეთეს, რომ რუსეთის მმართველი რეჟიმი თავდაჯერებას კარგავს. მე მჯერა, რომ გარკვეულ წილად, ისინი გრძნობენ, რომ ისე მყარად ვეღარ დგანან, როგორც ადრე და არ უნდათ მოსკოვში ჰყავდეთ ჟურნალისტები, რომლებსაც კარგად ესმით რა ხდება ქვეყანაში.”

შეერეთებული შტატები აცხადებს, რომ სატერისთვის ვიზაზე უარის თქმის გამო „იმედგაცრუებულია.“

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მარი ჰარფი ამბობს:

მოსკოვში მდებარე ამერიკის საელჩომ გააჟღერა ჩვენი შეშფოთება ამ საქმესთან და რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ჟურნალისტებთან და მედია ორგანიზაციებთან მოპყრობის თაობაზე. როგორც არაერთხელ გვითქვამს, ინფორმაციის თავისუფალი გაცვლისთვის ხელის შეშლა საფრთხეს უქმნის თავისუფალი დებარებისა და დისკუსიის წარმოებას, რომელიც ინოვაციისა და დინამიზმისთვისაა საჭირო. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმის მონიტორინგს.“

რუსეთის მიერ სატერისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ცივი ომის მოგონებებს აცოცხლებს, როცა ჟურნალისტების ქვეყნიდან დათხოვნა ხშირად ხდებოდა.

გადაწყვეტილება წინ უძღვის ზამთრის ოლიმპიადას, რომელიც სოჭში ერთ კვირაში დაიწყება. ტელეკომპანია „სი ენ ენის“ ეთერში გაკეთებულ კომენტარში სატერმა განაცხადა, რომ დეკემბერში ვოლგოგრადში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები იმის ნიშანია, რომ სოჭში ოლიმპიური თამაშების გამართვა „ოლიმპიადის ისტორიაში უდიდესი კატასტროფის“ მიზეზი შეიძლება გახდეს.
XS
SM
MD
LG