ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრძელდება ქართველი ჟურნალისტების ტრეინინგი აშშ-ში


ქართველი ჟურნალისტები ვაშინგტონში, ივნისი, 2013
ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტით რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი იმყოფება. პროგრამას „ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი“ უძღვება. ყველა შეხვედრა თუ ტრეინინგის კურსი ვაშინგტონსა და ნიუ იორკში სწორედ ამ საყოფველთაოდ ცნობილი ცენტრის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. მონაწილეები ეცნობიან სხვადასხვა ამერიკული მედიის მუშაობის პრინციპებს, ხვდებიან შეერთებული შტატების პრესის, საინფორმაციო სააგენტოებისა და მაუწყებლების წარმომადგენლებს, ეუფლებიან კონკრეტულ უნარებს ახალ მედიაში მუშაობის გასაუმჯობესებლად, დებატობენ ქართულ რეალობაში არსებულ პრობლემატიკაზეც. ჩვენ მათ ვაშინგტონში, პროგრამის მიმდინარეობისას შევხვდით და ორი ქვეყნის მედიის თავისებურებებზე, გამოწვევებზე, პროგრამის გამოცდილებაზე თუ მოლოდინებზე გავესაუბრეთ.

ნინო ბექიშვილი ჟურნალ „ლიბერალის“ აღმასრულებელი რედაქორია. მისი თქმით, ტრეინინგის შედეგად, ბევრად მნიშვნელოვანია ამერიკელ კოლეგებთან გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა, მოსაზრებების გაცვლა და უცხოელი კოლეგების მხრიდან ჟურნალისტებისთვის უნივერსალურად მნიშვნელოვან საკითხებზე და გამოწვევებზე შეხედულებების მოსმენა. აქ, „ლიბერალის“ ერთერთი რედაქტორი, ჟურნალისტური ეთიკისა და საგამომძიებლო ჟურნალისტიკის პრობლემებს გულისხმობს.

ნინო ბექიშვილი: „ყველაზე მეტად მე ის გამიხარდა, რომ ქართველი და ამერიკელი ჟურნალისტების მუშაობის სტანდარტებს შორის დიდი განსხვავება ვერ დავინახე და ვერც ისეთი თემა, რომელზეც ჩვენს არ ვმსჯელობთ, რაც პრინციპში ძალიან სასიამოვნოა.“

ეთერ თურაძე გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორია. მისი თქმით, ქართული მედიისგან განსხვავებით ამერიკული პრესა და ტეოლევიზია დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. ეს, პირველ რიგში, მედიის პოლიტიკური ზეწოლისგან დამოუკიდებლობაზე მეტყველებს, როცა არჩეული ლიდერები მეტი პასუხისმგებლობით და ანგარიშვალდებულებით ეკიდებიან საზოგადოების პრობლემებს, რომელთა მნიშვნელობა სწორედ მედიის საშუალებით გადადის საჯარო დისკუსიის სივრცეში. ეს პრობლემა, მისი თქმით, პროფესიონალიზმთან ერთად, ქართული პრესისა და ტელევიზიის თანამდევი გამოწვევაა.

ეთერ თურაძე: „ჩანს, რომ [ამერიკაში] მედია არის საზოგადოების ხმა. ჩვენთან არსებული გარკვეული დომინანტი მედია საშუალებებით ჩანს ხელი, რომელიც მართავს ამ ყველაფერს. ვგულისხმობ მფლობელებს, შინაარს. წამყვანი მედია საშუალებების შინაარსში--წამყვან მედიას სამწუხაროდ ჩვენი საგაზეთო საშუალება არ მიეკუთვნება იმიტომ, რომ დიდი დაფარვა არ გვაქვს- შინაარსში ყოველთვის ჩანს ვინ ვის წარმოადგენს. ეს არის ჩემთვის დიდი პრობელმა და ასევე ყველაზე დიდი სხვაობა ქართულ და ამერიკულ მედია საშუალებებს შორის.“

ქართული მედიის პრობლემებიდან, ქალბატონმა ეთერმა რამდენიმე სფეროზე გაამახვილა ყურადღება: „პროფესიონალიზმის დეფიციტი გვაქვს, ფინანსური თვალსაზრისით კი არცერთი მედია არ არის მომგებიანი, და არცერთი მედია არ არის ბიზნესი. სამწუხაროდ ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა.“

ნინო ზურიაშვილი სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტია. „ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ტრეინინგის ფარგლებში რამდენიმე სასწავლო კურსმა მისი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ნინო, ამასთან, ქართულ სივრცეში არსებულ პრობლემებსაც ეხმიანება: „მე პირადად ყველაზე მეტად მომეწონა ბილ ჯენტილის ტრეინინგი, რომელმაც წაგვიკითხა ლექცია „ბექპეკ ჟურნალისტიკა“, თუ როგორ ახერხებს თავისი ერთ პატარა მოწყობილობით ზურგჩანთაში შექმნას საინტერესო დოკუმენტური ფილმები. ამასთან, მას აქვს დიდი გამოცდილება ფოტოჟურნალისტიკაში. ის წლების განმავლობაში „ნიუზვიკ მეგეზინში“ მუშაობდა და უამრავი საინტერესო მასალა აქვს ჩამოტანილი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომელიც მას ხელს უწყობს ვიზუალური „სთორითელინგის“-თხრობის-დახვეწაში. ამ ფოტოჟურნალისტიკამ მას ხელი შეუწყო ვიზუალურად კარგად განევითარებინა ჟურნალისტური თხრობა, და ყოფილიყო წარმატებული. მან გვასწავლა რამდენიმე ფორმულა, რომელზეც უნდა ვიფიქროთ, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი მუშაობა.

[ქართულ მედიაში] თუ მანამდე იყო სერიოზული კონტროლი მედიის, მერე მოხდა არჩევნებისთვის გარღვევა, როცა ბევრი მედია შემოვიდა ბაზარზე. ტელევიზიებიც გახდა ძალიან მრავალფეროვანი. მაგრამ უფრო პოლარიზებული და პოლიტიზირებულია ქართული მედია. ქართული მედია ასევე არაეთიკურიც არის, თუმცა ყველაფერში არის ნელი სვლა და ინსტიტუციურად მყარდება. ერთი რამის მოლოდინი მაქვს პირადად მე: სარეკლამო ბაზარი რაც აცოცხლებს მედია გარემოს, იყო კონტროლირებული, ახლა კი არის დეკლარაციის დონეზე მაინც თავისუფალი ბიზნესი. ახლა უკვე ჩვენზეა ყველაფერი. სარეკლამო ბაზართან ერთად, ეთიკის კუთხითაც მიდის მუშაობა, ვზრუნავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებაზეც. ამ ხელისუფლებამ კი სრული გულგრილობა გამოიჩინა-მას საყვედურობენ კიდევაც, რომ ინტერვიუებს აძლევს მარტო ფაშისტური კონტენტის მქონე მედია საშუალებებს. შეიძლება ეს [გულგრილობა] კარგიცაა, თუმცა არა მგონია ეს დიდი პრობლემა იყოს, ჯერჯერობით. თუ მთავრობას გემოვნება არ აქვს, და ვერ ანსხვავებს ფაშისტურ და არა-ფაშისტურ მედია-საშუალებებს, ეს ცუდია, თუმცა მე არ მეშინია. ჩემთვის ჩარევა უფრო მეტი პრობლემაა, და რა მომენტშიც ჩარევას განახორციელებენ ჩვენ, ჟურნალისტები განგაშის ზარებს ავტეხავთ.“


ქართველი ჟურნალისტები კვირის ბოლოს სასწავლო პროგრამას ნიუ იორკში დაასრულებენ და ამერიკული შთაბეჭდილებებით თუ ახალი მეგობრებით გამდიდრებული საქართველოში საკუთარ საქმეს დაუბრუნდებიან. ვუსურვოთ მათ წარმატება.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG