ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგანგებო მდგომარობა ტაილანდში


ბანკოკი, 20 მაისი, 2014 წ.
ბანკოკი, 20 მაისი, 2014 წ.

არმიის განცხადებით, კომენდანტის საათის გამოცხადება მშვიდობის და წესრიგის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს

ტაილანდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. არმიის წარმომადგენლების თქმით, ქვეყანაში რამდენიმეთვიანი, ზოგჯერ ძალადობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე, კომენდანტის საათის დაწესება მშვიდობის და წესრიგის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

გენერალ პრეუტ ჩან-ოჩას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ტაილანდში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. გენერალი დღეს სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდა, დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნდება მანამ, სანამ ქვეყანაში მშვიდობა არ დამყარდება და წესრიგი არ აღდგება.

შეერთებული შტატები დიდ შეშფოთებას გამოხატავს ტაილანდში შექმნილი სიტუაციით და მოვლენებს თვალყურს ადევნებს - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ. მან იმედი გამოთქვა, რომ არმია საკუთარ ვალდებულებებს პატივს სცემს და კომენდანტის საათს „არა დემოკრატიული ინსტიტუტების მოშლის, არამედ ძალადობის აღსაკვეთ დროებით ზომად განიხილავს“.

ტაილანდის არმიამ ბოლო 80 წლის მანძილზე 11 სამხედრო გადატრიალება მოახდინა. ქვეყნის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ამჯერად გადატრიალებას ადგილი არ ჰქონია. იუსტიციის მინისტრი, ჩაიკასემ ნიტისირი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, რომ მთავრობა სიტუაციას ძველებურად აკონტროლებს და არმიის ჩარევას მხოლოდ უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG