ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მორიგი დაძაბულობა ლაჩინის დერეფანს უკავშირდება


ლაჩინის დერეფანი

15 დეკემბერს, რუსეთმა შეშფოთება გამოხატა სომხეთს და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ესკალაციის გამო. უთანხმოება ორ მეზობელს შორის გზის მნიშვნელოვან მონაკვეთს უკავშირდება, სახელად - ლაჩინის დერეფანი, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს.

გზა, რომელიც მეოთხე დღეა გადაკეტილია, სომხეთისთვის მთიან ყარაბაღთან დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალებაა. იქიდან შედის სადავო ტერიტორიაზე სურსათი, მედიკამენტები და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტები.

ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანელი აქტივისტების ჯგუფმა დაბლოკა. ეკო-აქტივისტებმა გზა ქალაქ შუშასთან მდებარე, რუსეთის სამშვიდობო პუნქტის მახლობლად გადაკეტეს. დემონსტრანტები რუს სამშვიდობოებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი აზერბაიჯანელ ეკოლოგებს უფლებას არ აძლევდნენ ეკონტროლებინათ სამთო საქმიანობა აღდარაში (მარტაკერტი).

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ეს ერევანს და ბაქოს შორის დადებული შეთანხმების „უხეში დარღვევაა“. სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, სამშვიდობო შეთანხმება 2020 წელს გაფორმდა. მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია, თუმცა იქ 120 000 სომეხი ცხოვრობს. სექტემბერში მხარეებს შორის განახლებულ დაპირისპირებას 200-ზე მეტი ჯარისკაცი შეეწირა.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა. ამერიკის საგარეო უწყების თქმით, ლაჩინის დერეფნის გადაკეტვას „მძიმე ჰუმანიტარული შედეგები“ მოჰყვება და ეს სამშვიდობო პროცესს შეაფერხებს. ვაშინგტონმა ბაქოს მოუწოდა, აღადგინოს მოძრაობა მთიანი ყარაბაღისკენ. „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა ევროპის კავშირმაც. ბაქოს ბრიუსელმაც გზაზე თავისუფალი გადაადგილების აღდგენისკენ მოუწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG