ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერევნის სამიტზე ფაშინიანი რუსეთის ალიანსისგან მხარდაჭერის სიმცირეზე საუბრობს


სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ). ერევანი, სომხეთი. 23 ნოემბერი, 2022წ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოთხშაბათს, 23 ნოემბერს გამართულ სამიტზე, რუსეთის ლიდერობით მოქმედი უსაფრთხოების ალიანსის მხრიდან დახმარების ჩავარდნაზე ისაუბრა. მან ეს "აზერბაიჯანის აგრესიის პირისპირ" მყოფი სომხეთის მხარდაჭერის კონტექსტში თქვა. ნიკოლ ფაშინიანი ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტს მასპინძლობს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრება.

ფაშინიანის თქმით, "სამწუხაროა, რომ სომხეთის წევრობა ორგანიზაციაში აზერბაიჯანის აგრესიულ ქმედებებს არ აკავებს". სომხეთის პრემიერი აცხადებს, რომ მათ აქამდე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას იმაზე, თუ როგორ უნდა უპასუხონ "აზერბაიჯანის აგრესიას სომხეთის წინააღმდეგ... ამას მე სომხეთის თავმჯდომარეობის მთავარ ჩავარდნად მივიჩნევ".

2022 წელს, ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა სომხეთია. მომდევნო, 2023 წელს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ბელარუსი გადაიბარებს.

რუსეთი ორგანიზაციაში დომინანტურ როლს თამაშობს და სამხრეთ კავკასიის ორ დაპირისპირებულ ქვეყანას შორის ხშირად მომლაპარაკებლისა და შუამავლის ფუნქციასაც იღებს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ამჟამად 6 წევრი ერთიანდება: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე სომხეთს და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი დაიწყო. მხარეებმა მას შემდეგ ორი მნიშვნელოვანი ომი გადაიტანეს. ბოლოს კონფლიქტი სექტემბერში გაღვივდა, რომლის დროსაც ორივე ქვეყანამ 200-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG