26 ნოემბერს, დილის 5 საათისთვის, სპეცრაზმმა თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია დაშალა. სპეციალური დანიშნულიების რაზმმა დემონსტრანტები, რომლებიც პარლამენტის შესასვლელებს ბლოკავდნენ, წყლის ჭავლის გამოყენებით, აიძულა პარლამენტის წინ გადასულიყვნენ.
დღეს დილით, პარლამენტის შესასვლელებთან აქციის მონაწილეების კარვები აღარ დგას. დემონსტრანტების მხოლოდ რამდენიმე კარავია პარლამენტის წინ მდებარე ტროტუარზე. ამ ეტაპზე არსებული ცნობებით, აქციის დაშლის დროს, 3 ადამიანი დაშავდა და 28 დააკავეს.
თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წყლის ჭავლი საპატრულო პოლიციამ გამოიყენა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და განმარტა, რომ წყლის ჭავლი არა საპატრულო პოლიციამ, არამედ შსს-ს შესაბამისმა დანაყოფებმა გამოიყენეს.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის გაცხადებით, ვიდრე აქციის დაშლა დაიწყებოდა, აქტივისტებმა პოლიციისგან შესაბამისი გაფრთხილება მიიღეს. მისივე თქმით, პოლიციის მიერ აქციაზე დაკავებული 28 პირიდან ნაწილი ხელწერილის საფუძველზე უკვე გათავისუფლებულია. სირაძე აცხადებს, რომ პროვოკაციების აღსაკვეთად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ "მობილიზებულია პოლიცია და უზრუნვეყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ასევე უზრუნველყოფს დეპუტატებისა თუ მოქალაქეების თავისუფლად გადადგილებას".
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდება. თუ ხელისუფლება ე.წ. გერმანულ მოდელს დათანხმდება, აქციები შეწყდება - ამბობს ოპოზიციური პარტიის "ევროპული საქართველო“ ლიდერი, დავით ბაქრაძე. მან „პალიტრანიუსს“ უთხრა, რომ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში მთავრობის დაპირების არშესრულების გამო შეიქმნა. ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 2020 წლისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩადგებას აპროტესტებენ.
Facebook Forum