ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავარო- ქართველ პოლიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ დემოკრატიას არ აქვს ფინიშის ხაზი


თბილისში, 18 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ დაკავებულების 2 დღიანი სასამართლო დასრულდა. პირველ დღეს 37-ივე დაკავებულის საქმეს ერთი მოსამართლე განიხილავდა. ბოლო ინფორმაციის თანახმად, დაკავებულთა ნაწილს რამდენიმედღიანი პატიმრობა მიესაჯა.

პარალელურად, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა 25 ნოემბერს, ორშაბათს, კიდევ ერთი დიდი საპროტესტო აქცია და პარლამენტის პიკეტირება დააანონსეს.

თბილისში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ რეგიონის მკვლევარები

ლუის ნავარო
ლუის ნავარო

ვაშინგტონში. ლუის ნავარო, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის პოლიტიკური მიმომხილველი ამბობს, რომ აქციის დარბევა აჩბენებს, რომ სახეზეა "ქართული ოცნების" პოლიტიკური კრიზისი: "გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ უკვე მესამედ გადაწყვიტა, რომ აუცილებელი იყო საპროტესტო აქციის ძალით დაშლა. პირველი "თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქცია იყო, შემდეგ ივნისის მოვლენები, ახლა კი ეს. ეს არის მთლიანად „ქართული ოცნების“ მთავრობის კრიზისი და აჩენს შეკითხვას იმაზე, თუ რა მოხდება 2020 წელს," ამბობს ნავარო.

ერთი რამ, რასაც ქართველი პოლიტიკოსები ყოველთვის ვერ ხვდებიან ისაა, რომ დემოკრატიას არ აქვს ფინიშის ხაზი, ის მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და გამოხატავდეს ხალხის ინტერესებსა და პრიორიტეტებს,"


მისი აზრით პროპორციული საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვანი იქნებოდა იმისთვის, რომ ხალხის ნება სრულად ყოფილიყო გამოხატული პარლამენტში: "2012 წლისგან განსხვავებით, როდესაც ოლიგარქის მხარდაჭერილი ოპოზიცია ჰყავდა საქართველოს, ახლა პროპორციული საარჩევნო სისტემა აძლევს უფრო მეტ საშუალებას ხალხს, რომ გამოხატონ საკუთარი ნება და უზრუნველყოფს იმასაც, რომ მათი ნება სრულად იყოს გამოხატული პარლამენტში. თუ მთავრობას ადარდებს ის, თუ როგორ შეცვლის ეს მათ შესაძლებლობას შეინარჩუნონ ძალაუფლება, მაშინ მათ შეეძლოთ, რომ მიეღოთ პროპორციული საარჩევნო სისტემა და აეწიათ ბარიერი 3-დან 5 პროცენტამდე. ამის მაგივრად, ისინი მხარს უჭერენ იმავე სისტემას, რომელზეც, 2012 წელს თავადვე ამბობდნენ, რომ არ იყო სამართლიანი. შემდეგ კი ამავე სისტემით შეძლეს 2016 წელს კონსტიტუციური უმრავლესობა მიეღოთ. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ მათ ზურგს ოლიგარქი უმაგრებდა."

ნავარო ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დემოკრატიამ არ შეწყვიტოს განვითარება: "საქართველოში არსებობს პოლიტიკური კლასი იმ ხალხისა, ვინც შეძლო, რომ საკუთარი სკამი შეენარჩუნებინა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო მთავრობაში. მაჟორიტარები, ვინც ხმა არ მისცა პროპორციულ ცვლილებებს, არიან ის ადამიანები, ვინც თანამდებობაზე იყვნენ არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ მიშა სააკაშვილის და ედუარდ შევარდნაძის დროსაც. ვფიქრობ, ესეც არის ერთ-ერთი ნაწილი იმისა, რაც უნდა შეიცვალოს საქართველოში. ერთი რამ, რასაც ქართველი პოლიტიკოსები ყოველთვის ვერ ხვდებიან ისაა, რომ დემოკრატიას არ აქვს ფინიშის ხაზი, ის მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და გამოხატავდეს ხალხის ინტერესებსა და პრიორიტეტებს," თქვა ნავარომ "ამერიკის ხმასთან" საუბარში.

ჯონათან კაცი
ჯონათან კაცი

კიდევ ერთი ანალიტიკოსი, ჯონათან კაცი, გერმანიის მარშალის ფონდიდან ამბობს, რომ ძალის გამოყენება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დაუშვებელია: "ამერიკამ და ევროკავშირმა უკვე გააკეთეს განცხადებები იმის შესახებ, რომ მთავრობამ პატივი უნდა სცეს მშვიდობიან პროტესტს. საქართველოს მთავრობას ნამდვილად არ უნდა უნდოდეს იმის გამეორება, რაც ივნისში მოხდა. თუ ისინი ამ მიმართულებით წავლენ, მაშინ ნეგატიურ შედეგს მიიღებენ, არამხოლოდ საქართველოში, არამედ პარტნიორების მხრიდანაც. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მთავრობა მოუსმენს ხალხს, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუ არა მას. ხალხის მოსმენა საჭიროა იმისთვის, რომ მოინახოს გამოსავალი იმ სირთულეებიდან, რაც ახლა არსებობს, რასაც ხალხი აპროტესტებს. ეს კი კონსტიტუციური ცვლილებები, პროპორციული საარჩევნო სისტემაა. ხალხს სურს დემოკრატია, რომლის განვითარებაშიც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლიათ. ჯერ-ჯერობით, არ მოგვისმენია რა გამოსავალს ხედავს საქართველოს მთავრობა ამ გამომწვევებიდან, მხოლოდ ის ვიცით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ ძველი სისტემით ჩატარდება, არადა თუ შევხედავთ საქართველოში ჩატარებულ ბოლო, საპრეზიდენტო არჩევნებს, უნდა ვთქვათ, რომ ეს არ იყო საქართველოს საუკეთესო მომენტი."

ჩვენს შეკითხვაზე, თუ რატომაა მნიშვნელოვანი 2020 წლისთვის

საქართველოს მთავრობას ნამდვილად არ უნდა უნდოდეს იმის გამეორება, რაც ივნისში მოხდა. თუ ისინი ამ მიმართულებით წავლენ, მაშინ ნეგატიურ შედეგს მიიღებენ, არამხოლოდ საქართველოში, არამედ პარტნიორების მხრიდანაც.


პროპორციული საარჩევნო სისტემის ქონა, ჯონათან კაცმა გვიპასუხა: "პირველ რიგში იმიტომ, რომ მთავრობა ამას დაჰპირდა ხალხს და ამ დაპირების შესრულება არის მნიშვნელოვანი. ასევე, ეს სისტემა ბევრ სხვა პარტიას აძლევს საშუალებას მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რაც ქართული დემოკრატიისთვის, მნიშვნელოვანია. ასევე, [პროპორციული საარცევნო სისტემა] მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანაში, სადაც ძალაუფლების ცვლილება ხდებოდა და სრულად ხვდებოდა ერთი ან მეორე პარტიის ხელში. ამიტომაც კრიტიკულია მას ჰყავდეს სწორი, დემოკრატიული მთავრობა, რომელიც ხალხს წარმოადგენს,. რომელიც არ იქნება მხოლოდ ამ სრული ძალაუფლების მიღების სურვილით შეპყრობილი. საჭიროა პოლიტიკური სიმწიფე. განსაკურებით, ახლა, როდესაც ქვეყანა ევროატლანტიკურ გზას ადგას. თანაც ორივე მხარე, როგორც ოპოზიცია, ისე მთავრობა, შეთანხმდნენ, რომ ეს ცვლილებები საჭირო იყო. იგივეზე თანხმდებოდა სამოქალაქო საზოგადოებაც. ამიტომ, იმედი მაქვს რომ ეს მოხდება."

ჯონათან კაცი თვლის, რომ ქართველი პოლიტიკოსები უნდა ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორ უღებს კარს მიმდინარე კრიზისი რუსეთს. კაცის აზრით, საქართველოში უკვე არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც რუსეთთან არიან ასოცირებულები და ქართველმა ხალხმა და პოლიტიკოსებმა არ უნდა მისცენ მათ საშუალება, რომ საქართველოს დემოკრატიის განვითარება შეაჩერონ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG