ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უიტმორი: იმედია არ იქნება პროვოკაციები, რომლებიც წინაპირობას შეუქმნის მტრულ ძალას ინტერვენციისთვის


ბრაიან უიტმორი, "ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის" რუსეთის პროგრამის დირექტორი.

"საქართველოს მეგობრები ამერიკაში იმედს იტოვებენ, რომ დემონსტრაციების დრო არ იქნება პროვოკაციები, რომლებსაც "გარე მტრული ძალები" ინტერვენციის წინაპირობად გამოიყენებენ", - აცხადებს ბრაიან უიტმორი, "ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის" რუსეთის პროგრამის დირექტორი.

"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ კომენტარში ის ამბობს, რომ თბილისში „ეს ბოლო მოვლენები არის ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებასა და ქვეყნის მთავრობას შორის არსებული დაპირისპირების სერიიდან, რომელიც მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინის ფონზე მიმდინარეობს. ეს არჩევნები საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება."

უიტმორი ამბობს, რომ "საქართველოს მეგობრები უფროდაუფრო წუხან იმაზე, წარიმართება თუ არა 2020 წლის არჩევნები თანასწორუფლებიან და სამართლიან გარემოში."

"პროპორციული საარჩევნო სისტემა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. საქართველოს მეგობრები ასევე იმედოვნებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი პროტესტი და რომ არ იქნება პროვოკაციები, რომლებმაც შესაძლოა წინაპირობა შეუქმნას გარე მტრულ ძალას ინტერვენციის განსახორციელებლად", - აცხადებს უიტმორი.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის მისიამ ერთბლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც ყველა მხარეს ქვეყნისინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებისკენ მოუწოდეს.

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები 14 ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს. მოქალაქეები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნას აპროტესტებდნენ. კენჭისყრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის მანდატები დატოვა ათამდე დეპუტატმა.

18 ნოემბერს გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დროს, პოლიციის ინფორმაციით, 18 ადამიანია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაკავებულებს ბრალად ედებათ ხულიგნობა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG