ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო აქცია თბილისში: პარლამენტის შესასვლელები პიკეტირებულია


მაკო გომური და გიგა მაქარაშვილი საპროტესტო აქციაზე თბილისში. "რადიო თავისუფლების" ფოტო.

თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლაში ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები გაერთიანდნენ.

"ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა პარლამენტის შესასვლელ ჭიშკრებს ბოქლომები დაადეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას, მთავრობის გადადგომას და ცვლილებებს საარჩევნო კომისიებში.

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა, მათ შორის - სამართალდამცავი ორგანოები - კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. მდინარაძემ პარლამენტის პიკეტირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ უკანონობას სახელმწიფო კანონს დაუპირისპირებს:

„ჩვენ არცთუ ისე დიდი ხნის წინ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც კანონსა და კანონიერებას უპირისპირებდნენ უკანონობასა და ბოროტებას. ახლა ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უკანონობას სახელმწიფო უპირისპირებს კანონს. სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა, აღმასრულებელი სტრუქტურა და სამართალდამცავი ორგანოები მოიქცევიან კანონის შესაბამისად. ნახეთ, რომ სამი დღის განმავლობაში იქ შეკრებილი პარტიების ლიდერებმა მოთხოვნაც ვერ დააყენეს ისეთი, პოზიციაც ვერ გაახმოვანეს ისეთი, რომელიც იქნებოდა კონსტიტუციური. ხან გვთავაზობენ გერმანულ მოდელს, ხან 100 ხმით თითქოს გასული იყო კანონპროექტი და ასე შემდეგ. მათ სამართლებრივად გამართული მოთხოვნაც კი ვერ დააყენეს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

"პროტესტის ეს ფორმა სრულიად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. ამ შემადგენლობამ დაკარგა ყველანაირი ლეგიტიმაცია" - ამბობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე. მისი განცხადების მიხედვით, თუ ხელისუფლებას გონიერების ნატამალი შერჩა, დაელაპარაკება საზოგადოებას და ტელევიზიებს არ გამორთავს, როგორც ეს რეგიონებში გააკეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ერთადერთ ძალას მიმართავს, რასაც ეყრდნობა - სპეცრაზმს.

ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის თქმით, რომელმაც აქციის მონაწილეებს მიმართა, საზოგადოება მრავალფეროვანია და მრავალფეროვანია პარტიული ლანდშაფტიც, თუმცა ისინი ერთმა სურვილმა გააერთიანა: ქართველი ხალხი პარლამენტში შევიდეს ისეთი არჩევნებით, რომელსაც ყველა ენდობა.

„30 წელზე მეტია, სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველასთვის, აქ ვდგავართ, რომ მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ხმა გაგონილი იქნას... რომ ჩვენ შევძლოთ შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, რომელიც მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილებს ყველას. ისეთი ქვეყანა, რომელშიც ადამიანი იპოვის სამართალს, ისეთი ქვეყანა, რომელშიაც ყველა იქნება წარმოდგენილი... სადაც არ იქნება გაჭირვებული ადამიანები, სადაც ყველას ექნება თავისუფალი გამოხატვის საშუალება... ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ ერი და ჩვენ ვართ ერი, რომელსაც აქვს მომავალი“ - თქვა ლაშა ბაქრაძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე.

ამ დროისთვის, საპროტესტო აქციაზე გამოსვლები დასრულდა. თუმცა, მონაწილეთა ერთი ნაწილი იქ დარჩა და ღამის გათევას რუსთაველის გამზირზე გეგმავს. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია: ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით. პიკეტში მონაწილეები კი აცხადებენ, რომ ისინი დეპუტატებს 18 ნოემბერს ბიუროს სხდომის გამართვის შესაძლებლობას არ მისცემენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG