ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოცნებიდან - რეალობამდე


პროტესტი პარლამენტთან პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის გამო
პროტესტი პარლამენტთან პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის გამო

რუსთაველი ისევ საპროტესტოდ გამოსული ადამიანებით აივსო. ისინი ჯერ კიდევ უკმაყოფილეობი იყვნენ იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის მომწყობმა ხელისუფლებამ, მაშინ, სამი ძირითადი მოთხოვნიდან მხოლოდ ერთის შესრულებაზე გასცა დაპირება - არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე. დღეს კი გაირკვა, რომ ეს ერთადერთი მონაპოვარიც, 93 დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ დგომის საფასურად, აღარ არსებობს (93 დღე, გავრილოვის ღამის შემდეგ, ქუჩის მასობრივ პროტესტში გაატარეს სამოქალაქო აქტივისტებმა. ისინი ახალგაზრდების დასახიჩრებაზე პასუხისმგებლად შსს მინისტრ გიორგი გახარიას მიიჩნევდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ, თუმცა იგი პრემიერად დაინიშნა).

14 ნოემბერს პარლამენტში სწორედ ის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო ოფიციალურად, რაზეც არაოფიციალური თანხმობა ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან, უკვე არსებობდა.

„პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ ქართული ოცნება იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა რომ, საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული და შესაბამისად, პლურალისტული პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს. თუმცა იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი 2024 წელს იქნებოდა... მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ვალია იყოს ადექვატური ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მიმართ და ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.

დღეს ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს,“- ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და ის 2019 წლის 24 ივნისით თარიღდება.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 14 ნოემბერს, კენჭისყრის დაწყებამდე ორ ადამიანს ეძებდა, რომელიც პარლამენტის დარბაზში იმყოფებოდა, მაგრამ არ სურდა თავის დაფიქსირება. „მეგობრებო, გთხოვთ, ნუ გავართულებთ, ორი ადამიანი, ნამდვილად აქ არის, გთხოვთ, მოვემზადოთ ხელახალი რეგისტრაციისთვის,“- ამბობდა ის. ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ ორი „დაკარგული“ დეპუტატი გამოჩნდა და რეგისტრაციის ეკრანმაც 141 პარლამენტარი დააფიქსირა.

„ერთი წლის წინ ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება, შევცვალეთ კონსტიტუცია, გავაკეთეთ საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა გადავიდა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე. ამ მოდელის ფარგლებში ერთი წლის წინ ჩვენ შევვცალეთ ჩვენი საარჩევნო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა 2024 წელს გადავიდოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. დღეს კენჭს ვუყრით ინიციატივას, რომლის მიხედვით, 2024 წელს დანიშნული არჩევნები უნდა ჩატარდეს 2020 წელს. გთხოვთ, ყველამ, კიდევ ერთხელ გაიაზროთ თქვენი პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა თალაკვაძემ კენჭისყრის დაწყებამდე, თუმცა შეგონებამ არ გაჭრა.

ინიციატივას მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, სამი კი მის წინააღმდეგ წავიდა. საკონსტიტუციო ცვლილებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც ხელისუფლების მნიშვნელოვან კონსტრუქციულ ნაბიჯად მიიჩნეოდა, ქართული ოცნების ზოგიერთი წევრისთვისაც სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. ყველას გასაკვირად, „მეამბოხე დეპუტატებად“ ისინი მოვევლინნენ საზოგადოებას, ვისაც პარლამენტში მუშაობის რამდენიმეწლიანი სტაჟის მიუხედავად, სხდომებზე არანაირი ინიციატივა არ გაუჟღერებია არასდროს და არც აქტიურობით გამორჩეულა.

კენჭისყრის წინა საღამოს, როდესაც ყველამ ნათლად დაინახა, რომ „გუნდს შიგნით“ დისკუსია და შეჯერება აუცილებელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილება არ გავიდოდა, „ოცნება“ შეიკრიბა. უმრავლესობის სხდომა 14 ნოემბერს, კენჭისყრამდეც მიმდინარეობდა. ერთ-ერთმა მანამდე „უჩინარმა“, როგორც მათ ოპოზიციის წარმომადგენლება უწოდეს, დეპუტატმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ განაცხადა, რომ გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მისი გადარწმუნება ვერ შეძლო: „ მე მქონდა ჩემი არგუმენტები, ბატონ ბიძინას ჰქონდა თავისი. ჩემი არგუმენტები ჩემთვის უფრო წონიანი აღმოჩნდა“,- განაცხადა ბერაიამ პარლამენტში, კენჭისყრის შემდგომ.

ოპოზიციისთვის კენჭისყრის ჩავარდნა „ივანიშვილის თამაშად“ ითარგმნება და არავინ იჯერებს, რომ ეს, მართლაც რამდენიმე პარლამენტარის განსხვავებული მოსაზრებების გამო მოხდა. დაჯერება რთულია იმ ფონზე, როდესაც „ურჩი“ დეპუტატები ოცნების შიგნით ყოველთვის „ისჯებოდნენ“, ახლა კი მათი წინააღმდეგობა „შიდა-პარტიული დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღით“ იხსნება, მაგალითად, ირაკლი კობახიძის მიერ.

საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნამ მნიშვნელოვანი რყევა გამოიწვია ოცნების შიგნითაც. უმრავლესობისგან გამოყოფის თაობაზე განცხადება რვა დეპუტატმა გააკეთა იმ მიზეზით, რომ მზად არ არიან აიღონ პასუხისმგებლობა იმ მძიმე გადაწყვეტილებაზე, რაც დღეს პარტიის შიგნით მიიღეს.

„საკმაოდ მძიმე განცხადება გვაქვს გასაკეთებელი. დღეს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრიდა ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ჩვენთვის საკითხი ძალიან პრინციპული იყო, სხვადასხვა მიზეზის გამო და ეს თქვენთვის, ალბათ ცნობილია. სამწუხაროდ, შედეგი დადგა და არ აქვს მნიშვნელობა, რამ გამოიწვია ეს, საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდა. ჩვენთვის ეს ძალიან სამწუხაროა და სამწუხაროდ, არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ, როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობა, ვინაიდან, საკონსიტუტციო ცვლილებების და პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის საკითხი არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც მე, პირადად და ჩემი კოლეგები პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს აწ უკვე ყოფილმა წევრმა და საერთაშორისო მდივანმა. მის გვერდით არიან თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, მარიამ ჯაში, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზაზა ხუციშვილი.

"ამერიკის ხმა" წერდა იმის შესახებ, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ, სამოქალაქო პროტესტი მოიგუდა ახლა კი მას აალებისთვის მხოლოდ ერთი ნაპერწკალი სჭირდება. სწორედ ამ ნაპერწკალს ანთებს და სულ უბერავს ახლა ოცნება.

არსებული პროგნოზების თანახმად, გარდაუვალია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, სავარაუდოდ, იმ სისტემით ჩატარდება, რაც ამჟამად გვაქვს (შერეული - მაჟორიტარულ-პროპორციული) და რაც კვლავ დაბადებს უსამართლობის განცდას.

პარლამენტის წინ შეკრებილმა დემონსტრანტების ნაწილმა კარვები რუსთაველზე გაშალა და ხანგრძლივი ბრძოლისთვის მზადყოფნა დააფიქსირა, ნაწილი კი ივანიშვნილის რეზიდენციისკენ დაიძრა. ვრცელდება ცნობები იმის შესახებაც, რომ საპოლიციო ძალები მზადყოფნაში არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG