ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ერთად ერთის წინააღმდეგ“ - ოპოზიციური ერთობის შანსი?


20 სექტემბრის ანტისამთავრობო აქცია თბილისში, 2019 წელი

შესაძლებელია თუ არა, ახალი დიდი ოპოზიციური ერთობის ფორმირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, პრინციპით „ერთად ერთის წინააღმდეგ“? სწორედ ამ მოწოდების ქვეშ გამოვიდნენ, 20 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ, ხალხმრავალ მიტინგზე, განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმის ოპოზიციური ძალები.

სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ ღიად გაილაშქრეს ახლად დაფუძნებული მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა, ყოფილმა ბანკირმა მამუკა ხაზარაძემ; პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და „შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელმა დავით უსუფაშვილმა; „თავისუფალმა დემოკრატებმა“, რესპუბლიკელებმა, "ევროპულმა საქართველომ", "გირჩმა" და "ნაციონალურმა მოძრაობამ".

ერთმანეთში დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები აბსოლუტურად იდენტურები და კატეგორიულები იყვნენ შეფასებაში, რომ ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა, 2020 წლის არჩევნებზე, ივანიშვილის ხელისუფლების მშვიდობიანი დემონტაჟია. „ლელოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს ვკითხეთ, არის თუ არა ეს საკმარისი დიდი ოპოზიციური გაერთიანების შესაქმნელად.

უკვე ვთქვი, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტია ცალკე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ჩვენი კარი ღიაა მომავალზე ორიენტირებული ყველა პროფესიონალისთვის, ვინც გვეთანხმება, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოში უნდა დასრულდეს"
მამუკა ხაზარაძე, "ლელოს" ლიდერი

„ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ნაადრევია შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება, თუმცა ჩვენ, "ლელო", მივესალმებით, ყველასთან ნორმალურ დიალოგს და ჯანსაღ კონკურენციას, მივესალმებით მრავალპარტიულობას. მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტია ცალკე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ჩვენი კარი ღიაა მომავალზე ორიენტირებული ყველა პროფესიონალისთვის, ვინც გვეთანხმება, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოში უნდა დასრულდეს,” თქვა მამუკა ხაზარაძემ.

მმართველი პარტია ქართული ოცნება 20 სექტემბრის აქციის შემდეგაც ცდილობს დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ 2020-შიც არჩევანი ისევ „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კეთდება. ოცნების ლიდერებმა ხალხმრავლობა საპროტესტო აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის მობილიზაციით ახსნეს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კერძოდ განაცხადა:

„ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთის, ნაცების და ევროპული საქართველოს აქცია, რომლებმაც ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზაცია მოახდინეს. დღის წესრიგიც იყო ძველი და კარგად ნაცნობი, ამას ჩვენ ქვეყნის შენება და სიმართლე უნდა დავუპირისპიროთ“ - თქვა მდინარაძემ.

ეს იყო ‘ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთის, ნაცების და ევროპული საქართველოს აქცია, რომლებმაც ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზაცია მოახდინეს"
მამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნების" ფრაქციის ლიდერი


20 სექტემბრის აქციასთან ერთად, დღეს დასრულდა ანტისაოკუპაციო და ხელისფლების საწინააღმდეგო აქცია „სირცხვილია“, რომელიც პარლამენტის წინ, 21 ივნისიდან, უწყვეტად მიმდინარეობდა.

ორგანიზატორების თქმით, აქციები ახალი ფორმატით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმადე, ყოველ 20 რიცხვში გაიმართება. ამჯერად, მთავარი მოთხოვნა არა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა, არამედ უკვე ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟია.

რამდენად შეძლებენ „ერთად ერთის წინააღმდეგ“ სლოგანის ქვეშ სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიება გაერთიანებას დიდწილად, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული 2020-ის არჩევნების შედეგები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG