ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამილტონი: მნიშვნელოვანია არ შეიქმნას განცდა, რომ საქართველოს დემოკრატია უკუსვლას განიცდის


შეერთებულ შტატებში ექპერტთა ნაწილი "ქართული ოცნების" მთავრობას მოუწოდებს შეასრულოს დაპირება და 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩაატაროს. რობერტ ჰამილტონი, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტიდან ამბობს, რომ ამ დაპირების შესრულება საქართველოს დემოკრატიული განვითარების დასტური იქნება.

„ძალიან მნიშნელოვანია არ შეიქმნას განცდა, რომ საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის. [პროპორციულ] პარტიულ სიებზე გადასვლის დაპირება, რომელიც მთავრობამ გასცა ამ ზაფხულს, დიდი დათმობა იყო. მნიშნელოვანია რომ ეს შესრულდეს და მთავრობამ დაპირებას პატივი სცეს. მესმის, რომ იყო საპარლამენტო კენჭისყრა, და რომ შესაძლოა "ქართული ოცნება" ვერ აკონტროლებს ყველა მისი დეპუტატის ხმას, თუმცა მიუხედავად ამისა, 2020 წელს [პროპორციული სისტემა] იქნებოდა უფრო სამართლიანი ოპოზიციური პარტიებისთვის, რადგან ახლანდელი შერეული სისტემა უპირატესობას აძლევს მმართველ ძალას. ამ დაპირების შესრულება იქნება საქართველოს მომავალი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი ინდიკატორი. ეს სიტუაციის სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს და ხალხი ქუჩაში აღარ იდგება“, - ამბობს ჰამილტონი.

ვაშინგტონში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში გამართულ დისკუსიაზე, საუბარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მის მომავალს და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას შეეხო. საკუთარ გამოსვლაში ალექს ჯონსონმა, ჰელსინკის კომისიიდან, ამერიკის მხრიდან უფრო მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება საარჩევნო რეფორმაზეც გაამახვილა.

“ამ კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხისთვის ყურის დაგდებაა. მთავრობის მიერ საარჩევნო პირობის შესრულებაზე უარის თქმა გამოწვევებს ქმნის. ეს ფაქტი აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა და ამ ფარგლებში ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერა. ქართველებს ვეტყოდი - გააგრძელეთ თქვენი პოზიციის გაჟღერება”, - ამბობს ალექს ჯონსონი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ადმინისტრაციის უფროსი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

იმ მიმოხილველთა ნაწილი, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება, "ქართული ოცნების" გადაწვეტილებამ გააკვირვა.

„მე როცა საქართველოში ვიყავი სექტემბერში, "მაკკეინის ინსტიტუტის" კონფერენციაზე, მთავრობის გზავნილი იყო, რომ ესმოდათ აქციის მონაწილეების მოთხოვნების შესრულების მნიშვნელობა. ამბობდნენ, რომ ეს ქვეყანაში დემოკარატიულ სტაბილურობას გააგრძელებდა, რაც შეერთებული შტატების ინტერესებშიც შედის. მაშინ, ჩვენ ყველანი მივესალმეთ ამ გზავნილს. ძალიან გულდასაწყვეტია, როცა ვხედავთ რომ ეს დაპირება უკან წაიღეს, რადგან ეს ქვეყანაში ქმნის არასტაბილურობას. დასავლეთს სურს ნახოს, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას“, - ამბობს დამირ მარუსიჩი, გამოცემა „ამერიკული ინტერესის“ აღმოსარულებელი რედაქტორი.

პროპორციული საარჩენო სისტემის უპირატესობაზე საუბრობს ასევე ანდერს ასლუნდი „ატლანტიკური საბჭოდან“. ის ამბობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ხალხს საკუთარი სურვილის უკეთესად გამოხატვის საშუალებას აძლევს.

„პროპორციული არჩევნები დემოკრატიის შესანარჩუნებლად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ქვეყნებს რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას - სჭირდებათ პროპორციული სისტემა, უკეთეს შემთხვევაში ღია პარტიული სიით. ევროპის ორ საუკეთესო დემოკრატიას: გერმანიას და ფინეთს, სწორედ ეს სისტემა აქვთ“, - თქვა ასლუნდმა.

პარალელურად, თბილისში პროპორციული არჩევნების მოთხოვნით დემონსტრაციები გრძელდება. მიუხედავად ქუჩის პროტესტისა, "ქართული ოცნება", ამ დრომდე, აქციის მონაწილეებთან დათმობებზე წასვლას და ივნისში დადებული დაპირების შესრულებას არ აპირებს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG