ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო, ანტიდასავლური ძალები და მღელვარება თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე


მაკკეინის ფორუმი საქართველოში
მაკკეინის ფორუმი საქართველოში

„მაკკეინის ინსტიტუტისა“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, ემოციური განხილვა მოჰყვა პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის დაუპატიჟებელ სტუმრობას. ინაშვილი შეხვედრაზე „ობიექტივის“ ჟურნალისტთან ერთად მივიდა და სიტყვა მოითხოვა. მისმა ხმაურიანმა გამოჩენამ მიმდინარე დისკუსიის შეწყვეტა გამოიწვია.

„ჩვენ არავითარი კანონი არ დაგვირღვევია, არც დესტრუქცია და პროვოკაცია მოგვიწყვია, მე მგონი, ყველა განერვიულდა და მე ყველას ვთხოვ, მშვიდად ვიყოთ, იმიტომ, რომ არაფერი პროვოკაცია არ ყოფილა და არც მომხდარა. ჩვენ ვართ ცივილიზებული ადამიანები და ყოველთვის მომხრე ვართ სიმშვიდის, წესრიგის და არა - დესტრუქციის”, - განაცხადა ინაშვილმა.

ინაშვილმა საკუთარი სტუმრობა იმით ახსნა, რომ მისი პარტიის მიმართ გაცხადებული კრიტიკისთვის და რუსულ კავშირებზე მითითებისთვის ეპასუხა. მიუხედავად მითითებებისა, რომ კონფერენციაზე დასასწრებად საჭირო იყო რეგისტრაცია, პარლამენტის წევრმა უარი განაცხადა სივრცის დატოვებაზე. ის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ მოხელეს დევიდ კრამერს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

„ქართველები საკითხებს გულმხურვალედ ეკიდებიან. მეხუთე წელია ეს კონფერენცია ტარდება და მსგავსი შეფერხება არ გვქონია. მე არ ვიცოდი ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვინ იყო მიკროფონით ან ვინ იყო ის ქალბატონი. თუმცა, როგორც მოიქცნენ ეს იყო ძალზედ უხეში ქცევა. მას შეუძლია დარჩეს, თუმცა ადამიანები ასე არ უნდა იქცეოდნენ“, - განაცხადა დევიდ კრამერმა, რომელიც წლების მანძილზე სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს და რეგიონის საკითხებზე მუშაობდა.

ინაშვილის კონფერენციაზე შეჭრის დროს, განხილვა რუსეთის პოლიტიკურ მომავალს შეეხებოდა. დისკუსიაში რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

"ქალბატონი ინაშვილი ქართული საზოგადოებრივი აზრის ძალზედ მცირე ნაწილს წარმოადგენს. ყურადღების მიქცევის მიზნით, მას ექსტრემალური საქციელი სჭირდება. სწორედ ეს გააკეთა - შემოიჭრა კონფერენციაზე, მოითხოვა ყურადღება, მოაწყო ცირკი. მგონი მიიღო ის, რაც სურდა - საჯაროობა. ალბათ რუსულ ტელევიზიებში ვიხილავთ, ისევე დამახინჯებულად, როგორც ოფიციალური რუსული მედია აკეთებს ხოლმე, თითქოს გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა, ან რამე ამდაგვარი. იგივე ხალხი იტყვის ამას, ვინც ციხეში ჩასვა [რუსი ოპოზიციონერი] ილია იაშინი საჯარო პროტესტისთვის", - განაცხადა ჯონ ჰერბსტმა, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის პროგრამების დირექტორმა.

მომხდარმა კიდევ ერთხელ განაახლა საუბარი საქართველოში რუსულ გავლენაზე.

„ეს პიროვნება [ირმა ინაშვილი] გვიჩვენებს რუსეთის გეგმის ყველაზე უარეს მხარეს და ცხად ნიშნებს.“, - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ, ყოფილმა დიპლომატმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. „ეს ჩაშლის გეგმაა - ჩაშალო პოლიტიკა, ჩვენი კონფერენცია, გაანადგურო საქართველო - აქ შემოჭრით და ოკუპაციით, გაანადგურო უკრაინა - შეჭრით და ოკუპაციით, რათა რუსეთმა მოიპოვოს კონტროლი და არ დაკარგოს ეს ქვეყნები NATO-სთან. ეს იმდენად ცხადია, რომ სასაცილოცაა".

ბაიდენის ცენტრის დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა აღნიშა, რომ მომხდარი იმის ილუსტრაციაა, რომ რუსული გავლენა საქართველოსთვის პრობლემად რჩება.

„საქართველომ ბევრი გააკეთა, რომ ყოფილიყო გამძლე რუსული პროპაგანდის და რუსული მავნე პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო გავლენის იარაღების წინააღმდეგ. თუმცა, საქართველო კვლავ რჩება მოწყვლდი ამ გავლენის წინააღმდეგ და ეს ეპიზოდი სწორედ ამას აჩვენებს“, - თქვა ბაიდენის ცენტრის დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა. „ამ ქვეყანაში პრორუსული ძალები აქტიურნი არიან და ცდილობენ საკუთარი მესიჯის დანერგვას. რაც უფრო ეფექტურად შეებრძოლებიან და გააქარწყლებენ ამ გზავნილებს ქართველები, მით უკეთესი“, - აღნიშნა მან „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

გზა ნატოსკენ

ვნებათაღელვა გამოიწვია ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებამ, რომ საქართველომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ახალი გზები უნდა მოიძიოს და განიხილოს ალიანსში ინტეგრაცია იმ პირობით, რომ მეხუთე მუხლი მხოლოდ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდეს, ოკუპირებული რეგიონების გამოკლებით. რუსეთთან დაკავშირებული ძალები ამ განცხადების წარმოჩენას ცდილობენ ისე, თითქოს ნატოში ინტეგრაციისთვის საქართველომ უარი უნდა თქვას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე.

„გერმანია ნატო-ში 1955 წელს გაწევრიანდა, თუმცა მხოლოდ მისი დასავლეთ ნაწილი. ნატოს წესდება არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. თუმცა, 1991 წელს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ნატოს წესდება აღმოსავლეთ გერმანიაზეც გავრცელდა. პრინციპში, ანალოგიური მექანიზმი შესაძლოა, შემუშავდეს საქართველოსთვისაც“, - განაცხადა რასმუსენმა "ამერიკის ხმის" ჟურნალისტისთან ია მეურმიშვილთან საუბრისას.

მიმომხილველები აცხადებენ, რომ ეს გზა თბილისისთვის წარმოადგენს საშუალებას წინ აღუდგეს რუსეთის მიერ ოკუპაციის ბერკეტად გამოყენებას.

„აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება არაფერ შუაშია. მთავარია, შემოქმედებითად მივუდგეთ ნატოს მიერ საქართველოსთვის კარის გაღებას და საქართველოს გაწევრიანებას, რათა არ მივცეთ რუსეთს საშუალება საქართველოს ნატოსკენ მისწრაფების შესაჩერებლად, ოკუპაციის დე ფაქტო ვეტოდ გამოყენების საშუალება. ამის პრეცედენტები არსებობს, მათ შორისაა აღმოსავლეთ გერმანია და კვიპროსი. მნიშვნელოვანია, მოხდეს ამ საკითხზე ალიანსის წევრების შეთანხმება, რადგან ბევრი მათგანი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე მიუთითებს და იტყვის, რომ „როგორ შეიძლება ამ ვითარებაში საქართველო მივიღოთ“, - განაცხადა დეივიდ კრამერმა.

„ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელი, ჯონ ჰერბსტი აცხადებს, რომ მოსაზრება, რომ ეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმაა, არასწორია.

„საქართველოს აქვს ცხადი კურსი დასავლური ინტეგრაციისკენ და სურს NATO-ს წევრობა ამის ნაწილად განიხილოს. მე მესმის ეს მისწრაფება და მხარს ვუჭერ, რადგან კრემლი პატივს არ სცემს საქართველოს, ან რომელიმე მეზობლი ქვეყნის სუვერენიტეტს, თუ ის მართლაც ძლევამოსილი სახელმწიფო არაა. როგორც ჩანს, NATO-ს წევრობა უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა კრემლის მეზობლისთვის, რომელიც ფიქრობს, რომ უფლება აქვს, ის გაუკეთოს მას, რაც მოუნდება.

რა თქმა უნდა, NATO-ში არის ხალხი, რომელიც სკეპტიკურადაა განწყობილი, რუსები კი ფიქრობენ, რომ თუ საქართველოს ნაწილი ოკუპირებული ექნებათ, ეს გამორიცხავს NATO-ს წევრობას. ეს არ არის სიმართლე. მე-5 მუხლი ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ქვეყანა და პირობას ვდებთ, დავიცვათ ტერიტორია, რომელსაც ეს ქვეყანა აკონტროლებს. სამწუხაროდ, თბილისი არ აკონტროლებს ორ რეგიონს, ამრიგად, თეორიულად, საქართველოს შეუძლია ხვალ გაწევრიანდეს“, - ამბობს ჰერბსტი.

საერთაშორისო კონფერენცია 2015 წელს დაარსდა და ის საერთაშორიო ექსპერტებს, დიპლომატებს და ლიდერებს აერთიანებს. თბილისში კონფერენცია გუშინ, 9 სექტემბერს გაიხსნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG