ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტების შეფასებები საქართველოში ელჩობის ახალ კანდიდატზე


თეთრმა სახლმა საქართველოში ელჩის ახალი კანდიდატურა წარადგინა. კელი დეგნანი 25-წლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატია. ის ამჟამად ევროპისა და აფრიკის ტერიტორიაზე აშშ-ის საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველია. მას გამოცდილება აქვს როგორც დიპლომატიურ, ისე თავდაცვის სფეროში მუშაობის, რაც ამერიკელი ანალიტიკოსებისთვის მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რაც ახლა საქართველოს აქვს.

ჯონათან კაცი- "გერმანიის მარშალის ფონდის" უფროსი მკვლევარი
ჯონათან კაცი- "გერმანიის მარშალის ფონდის" უფროსი მკვლევარი

„გერმანიის მარშალის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს, რომ დეგნანს გამოცდილება აქვს, როგორც რეგიონში მუშაობის, ისე თავდაცვის სფეროში, რაც ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია: „კარგია, რომ წარადგინეს ისეთი კანდიდატი, ვისაც დიდი გამოცდილება აქვს როგორც დიპლომატიაში, ისე თავდაცვის სფეროში და ვისაც რეგიონში მუშაობის გამოცდილება აქვს. საქართველოსთვის ახლა განსაკუთრებით გამწვავებულია უსაფრთხოების საკითხები მისი ჩრდილოელი მეზობლისგან. აქტუალურია ნატოში გაერთიანების მცდელობის საკითხიც. ამიტომ, მნიშვნელოვანია ქვეყანაში იმყოფებოდეს ამერიკის ელჩი, იმისთვის, რომ დარწმუნდეს, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, იქნება ეს ნატო თუ საქართველოს დემოკრატია, დარჩება კვლავ აქტუალური.“

მკვლევარები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ საქართველო 2020 წლის არჩვენებისთვის ემზადება და ეს ქვეყნისთვის გარდამტეხი პერიოდი იქნება. სწორედ ამიტომ, მათი აზრით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში ამერიკის ელჩის ყოფნა, რომელიც მთავრობასთან ერთად ამ თემებზე იმუშავებს.

„2020 წელი მნიშვნელოვანი წელი იქნება საქართველოსთვის და იმედი მაქვს, რომ წინასაარჩევნოდ ელჩი, უკვე საქართველოში იქნება. საპარლამენტო არჩვენები უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოს მომავლისთვის. ვფიქრობ, ამერიკის ელჩი საჭიროა ქვეყანაში, რათა მან შეძლოს ამ საკითხებზე მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხალხთან ერთად მუშაობა“ -თქვა ჯონათან კაცმა.

„ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარი, ლუკ კოფი ამბობს, რომ ელჩის

ლუკ კოფი- "ჰერიტიჟის ფონდის" მკვლევარი
ლუკ კოფი- "ჰერიტიჟის ფონდის" მკვლევარი

ნომინირება კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს საქართველო-ამერიკას შორის მნიშვნელოვან პარტნიორულ ურთიერობას: „ამერიკას, საკმაოდ, დიდი ხნის განმავლობაში არ ყავდა ელჩი საქართველოში, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა და ამერიკის მოკავშირეა. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი სიგნალია, განსაკურებით ახლა, როდესაც არჩვენები მოდის მომავალ წელს. ელჩის დანიშნვა გვაჩვენებს, რომ საქართველო კარგად ახსოვთ ვაშინგტონში და მას მაღალ დონეზე ეპყრობიან. ელჩის ყოლა ნიშნავს, რომ ამერიკაში უკეთესად ეცოდინებათ რა ხდება ქვეყანაში და ასევე, შესაძლებელი იქნება უკეთ ავხსნათ, თუ როგორია ამერიკის პოლიტიკა რეგიონში.

ელჩი, საკმაოდ დაკავებული იქნება, რადგან საქართველო არჩვენებისთვის ემზადება. ასევე ყველაფერი, რაც რუსეთთან ხდება და ბორდერიზაცია, მნიშვნელოვანი საკითხები იქნება მისთვის. ახლა, ნებისმიერი ელჩისთვის რთული დროა საქართველოში მუშაობის დასაწყებად და მე მას წარმატებას ვუსურვებ.“

მომავალი ელჩის კანდიდატურას პოზიტიურად უყურებენ საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩები, იან კელი და კენეტ იალოვიცი.

იან კელი- აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
იან კელი- აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში

იან კელი ამერიკის ბოლო ელჩი იყო საქართველოში, მან თანამდებობა გასულ წელს დატოვა. კელი ამბობს, რომ ელჩობის კანდიდატს კარგად იცნობს და ვერ წარმოუდგენია მასზე უკეთესი კანდიდატურა ამ თანამდებობისთვის: „კელი დეგნანს 20 წელზე მეტია ვიცნობ. ძნელად წარმომიდგენია მასზე უკეთესი კანდიდატურა ამერიკის წარმომადგენლად ისეთ კრიტიკულ დროში, როგორიც ახლაა და ისეთ მნიშვნელოვან ადგილას, როგორიც საქართველოა. ვფიქრობ, სენატი მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს და დარწმუნებული ვარ, ის საქმეს თავს ძალიან კარგად გაართმევს. მიხარია როგორც მისი, ისე ქართველების გამოც.

ასევე, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რა შესანიშნავად იმუშავა ელიზაბეთ რუდმა, როგორც საელჩოს მენეჯმენტის მხრივ, ისე ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ამ ხანგრძლივი შესვენების დროს. რუდი და კელი არაჩვეულებრივი გუნდი იქნებიან ერთად.“

კიდევ ერთი ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი თვლის, რომ ახლა,

კენეტ იალოვიცი- აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
კენეტ იალოვიცი- აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში

როდესაც საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს ამერიკის ელჩი, რომელსაც შეეძლება ამ თემებზე მუშაობა: „მითხრეს, რომ კელი დეგნანი ინტელიგენტი და შრომისმოყვარე ადამიანია. იმის მიხედვით, როგორც მას ახასიათებენ, დარწმუნებული ვარ ის იქნება შემდეგი, გამორჩეული ამერიკის ელჩი საქართველოში. ახლა საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, როგორც საგარეო, ისე საშინაო საკითხების გამო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე იმყოფებოდეს ამერიკის ელჩი, რომელიც გააჟღერებს ჩვენს პოლიტიკას და შესაბამის დახმარებას გაუწევს ქვეყანას მნიშვნელოვან საკითხებში.“

უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის დაინიშნება დეგნანი თანამდებობაზე. პროცედურულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნომინირების შემდეგ კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს. საბოლოო თანხმობის მიღების შემთხვევაში კი ამერიკა საქართველოში პირველ ქალ ელჩს, კელი დეგნანს დანიშნავს თანამდებობაზე. მანამდე, თბილისში ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG