ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს წევრობა, V მუხლის ნაწილობრივი მისადაგებით? - რასმუსენი საქართველოსა და ნატოს დისკუსიისკენ მოუწოდებს


ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ფიქრობს, რომ საქართველოსა და ალიანსში უნდა იმსჯელონ მექანიზმის შემუშავებაზე, რომელის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, ნატოს წესდების მეხუთე მუხლი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდება.

„ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“ - ეს არის ნატოს მთავარი პრინციპი, რომელსაც წესდების მეხუთე მუხლი განსაზღვრავს. მუხლი ადგენს, რომ ნატოს წევრ ერთ რომელიმე სახელმწიფოზე თავდასხმა, ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს, რაც კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. თუმცა, მეხუთე მუხლში ასევე ხაზგასმულია, რომ კოლექტიური თავდაცვის ზომების, მათ შორის, ”სამხედრო ძალების” გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს.

ანდერს ფოგ რასმუსენმა განმარტა, რომ მსგავსი პრეცედენტი არსებობს და ალიანსმა ის გერმანიის შემთხვევაში დაუშვა.

„გერმანია ნატო-ში 1955 წელს გაწევრიანდა, თუმცა მხოლოდ მისი დასავლეთ ნაწილი. ნატოს წესდება არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. თუმცა, 1991 წელს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ნატოს წესდება აღმოსავლეთ გერმანიაზეც გავრცელდა. პრინციპში, ანალოგიური მექანიზმი შესაძლოა, შემუშავდეს საქართველოსთვისაც. რა თქმა უნდა, ეს არის სადავო და უნდა განიხილებოდეს, როგორც საქართველოში, ისე ნატო-ში. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ ის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტ პუტინს მივცემთ დეფაქტო ვეტოს უფლებას, რომ მუდმივად შეძლოს საქართველოს, უკრაინის ან სხვა მეზობელი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების დაბრკოლება ანალოგიური კონფლიქტების წარმოქმნით“, – განაცხადა რასმუსენმა.

გარდა ამისა, ნატოს გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ ალიანსმა 2008 წელს შეცდომა დაუშვა, როცა საქართველოსა და უკრაინას ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა, სამოქმედო გეგმა, იგივე „მაპი“ არ მიანიჭა.

ანდერს ფოგ რასმუსენი ბუქარესტის სამიტის შესახებ საუბრობს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:24 0:00

ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ სხვადასხვა გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველო ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა განცხადებები, თბილისში, „მაკკეინის ინსტიტუტისა“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. დისკუსიას, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, ია მეურმიშვილი უძღვებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG