ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუპერ წყალბურთი თბილისში და აშშ-ს ნაკრები...34 წლის შემდეგ


საქართველო აშშ-ს წინააღმდეგ, თბილისის ოლიმპიურ აუზში
საქართველო აშშ-ს წინააღმდეგ, თბილისის ოლიმპიურ აუზში

თბილისი, რომელიც ყოველთვის განებივრებული იყო წყალბურთში მაღალი დონის ტურნირებით, პირველად მასპინძლობს მსოფლიო ლიგის სუპერფინალს. დიღომში, ოლიმპიურ აუზში, ქართველ გულშემატკივარს საშუალება აქვს, ისეთი დიდი გუნდების თამაში ნახოს, როგორებიც მსოფლიო ჩემპიონი იტალია, მსოფლიო ლიგის 2018 წლის ჩემპიონი მონტენეგრო და პან ამერიკული თამაშების გამარჯვებული ამერიკის შეერთებული შტატებია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უმაღლესი დონის ტურნირში, პირველად, მასპინძლის სტატუსით მოხვდა და მეოთხედფინალში გასვლა შეძლო. ქართველებმა B ჯგუფში მოუგეს იაპონიას 13-12, წააგეს მონტენეგროსთან 8-19 და აშშ-სთან 9-13 და მეოთხედფინალში საბერძნეთს შეხვდებიან.

ამერიკელებმა ქართველებს 13 ბურთი გაუტანეს
ამერიკელებმა ქართველებს 13 ბურთი გაუტანეს

34 წლის შემდეგ, თბილისურ პუბლიკას ისევ მიეცა საშუალება ეხილა აშშ-ს ეროვნული გუნდის თამაში. შორეულ 1987 წელს, ამერიკელებმა, FINA-ს კალენდარში შეტანილ, თბილისის საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს, საქართველოს ნაკრებთან კი ფრედ 8-8 ითამაშეს.

ქართველთა და ამერიკელთა შეხვედრამ, 40 გრადუსიანი სიცხის მიუხედავად დიდი ინტერესი გამოიწვია. მატჩს საქართველოში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლები დაესწრნენ, მათ შორის იყო ელჩი კელი დეგნანი. საპირისპირო ტრიბუნიდან კი საქართველოს ნაკრებს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქომაგობდა.

აშშ-ს - ელჩი დეგნანი, საქართველოს - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ქომაგობდა
აშშ-ს - ელჩი დეგნანი, საქართველოს - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ქომაგობდა

ორივე ეროვნულ ნაკრებს სერბი სპეციალისტი უდგას სათავეში, აშშ-ს ნაკრებს ლეგენდარული დეიან უდოვიჩიჩი - მსოფლიოს, ევროპის, პან ამერიკული თამაშების ჩემპიონი, მსოფლიო ლიგის და თასის არაერთგზის გამარჯვებული და ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი; საქართველოს ნაკრებს კი იანვრიდან დეიან სტანოევიჩი წვრთნის, რომელმაც ქართული წყალბურთის ლეგენდა რეზო ჩომახიძე შეცვალა.

საბოლოოდ, ამერიკელთა კლასი უფრო მაღალი აღმოჩნდა, ისინი შეხვედრაში თავიდანვე სოლიდური ფორით დაწინაურდნენ და 13:9 იმარჯვეს. ამერიკელთა შორის საუკეთესო ბერძნული "ოლიმიაკოსის" ლეგიონერი მაქს ირვინგი იყო, ქართველებში კი ხორვატული ფესვების, ნატურალიზებული მარკო ელაჩა, იგი თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავს. ირვინგმაც და ელჩამაც 3-3 ბურთი გაიტანეს.

თბილისში 15 წყალბურთელი ჩამოვიყვანე და ოლიმპიადისთვის 13 უნდა შევარჩიო. აქ არაჩვეულებრივი გარემო და პირობებია, ვფიქრობ, ტოკიოს ოლიმპიადას კარგ ფორმაში შევხდებით
დეიან უდოვიჩიჩი, აშშ-ს ნაკრების მთავარი მწვრთნელი


„ძალიან დიდი ტურნირია, მაგრამ ეს შეჯიბრი ზედ ტოკიოს ოლიპიადის წინ იმართება და ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი ბოლო ეტაპად განვიხილავ.

მთავარ აქცენტს სწორედ ოლიმპიადისთვის ვაკეთებთ, თბილისში 15 წყალბურთელი ჩამოვიყვანე და ოლიმპიადისთვის 13 უნდა შევარჩიო. აქ არაჩვეულებრივი გარემო-პირობებია და ვფიქრობ, ტოკიოს ოლიმპიადას კარგ ფორმაში შევხდებით“ - განაცხადა 50 წლის დეიან უდოვიჩიჩმა, აშშ-ს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

მსოფლიო ლიგის სუპერფინალის A ჯგუფი, როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა მოიგეს. იტალიელებმა სამივე შეხვედრაში უპრობლემოდ იმაჯვეს და მეოთხედფინალში იაპონიას შეხვდებიან . საქართველოს შემდეგი მეტოქე საბერძნეთის ნაკრები კი მეოთხედფინალში, A ჯგუფში დაკავებული მეორე ადგილით მოხვდა. ბერძნებს პირეოსის "ოლიმპიაკოსის" ლიდერი იოანის ფუნტულისი კაპიტნობს.

თბილისში თამაშობენ თანამედროვე წყალბურთის ვარსკვლავები იტალიელები პიეტრო ფიგლიოლი და მატეო აიკარდი, ისინი ევროპული წყალბურთის გრანდის და ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი გამარჯვებულის "პრო რეკოს" ღირსებას იცავენ. ოლიმპიურ აუზში ასევე ნახავთ მონტენეგროელ ალექსანდრე ივოვიჩს და აშშ-ს ნაკრების ამომავალ ვარსკვლავს ბენ ჰალოკს, რომლებიც ასევე "პრო რეკოს" წევრები არიან.

თბილისში მყოფი რვა ნაკრებიდან, ექვსი აქედან ტოკიოს ოლიმპიადაზე მიდის, ვფიქრობ, რამდენიმეს ტოკიოში მედლებისთვის ბრძოლაც შეუძლია, ნამდვილად სუპერ ტურნირია
დეიან სტანოევიჩი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი


„საქართველოსთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა ამ მეტოქეებთან თამაში. თავად განსაჯეთ,მსოფლიო ლიგის ბოლო გამარჯვებული სერბეთი სუპერფინალში ვერ მოხვდა, ისევე როგორც ვერცხლის მედალოსანი ხორვატია.

თბილისში მყოფი რვა ნაკრებიდან, ექვსი, აქედან ტოკიოს ოლიმპიადაზე მიდის, ვფიქრობ, რამდენიმეს ტოკიოში მედლებისთვის ბრძოლაც შეუძლია, ნამდვილი სუპერ ტურნირია“ - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეიან სტანოევიჩმა.

თბილისური სუპერფინალის მეოთხედფინალში, რომელიც 29 ივნისს გაიმართება: იტალია-იაპონიას, საქართველო-საბერძნეთს, მონტენეგრო-ყაზახეთს და აშშ-საფრანგეთს ეთამაშება. ამ წყვილებში გამარჯვებული წყვილები, ნახევარფინალში, 30 ივნისს, გაარკვევენ ურთიერთობას.

რიგით მე-19 მსოფლიო ლიგის გამარჯვებული 1 ივლისს თბილისის ოლიმპიურ აუზზე გამოვლინდება. ყველაზე მეტჯერ, 10-ჯერ, მსოფლიო ლიგა - სერბეთს აქვს მოგებული, 2-2-ჯერ უნგრეთს, მონტენეგროს და სერბეთ-მონტენეგროს (ეს გაერთიანებული ქვეყანა 1992-2006 წლებში არსებობდა); თითოჯერ - ხორვატიას და რუსეთს.

მსოფლიო ლიგის გამარჯვებულს, თასს, თბილისში, FINA-ს (ცურვის საერთაშორისო ფედერაციის) ახალი პრეზიდენტი კუვეიტელი ჰუსაინ ალ-მუსალამი გადასცემს, იგი ამ თანამდებობაზე 5 ივნისს აირჩიეს.

საქართველოს და აშშ-ს მატჩები წყალბურთში

საქართველო-აშშ, 1987 წლის მატჩის ფოტო
საქართველო-აშშ, 1987 წლის მატჩის ფოტო

01.07.1987 თბილისი, ლაგუნა ვერე, FINA-ს საერთაშორისო ტურნირი

საქართველო - აშშ 8-8 (2-1, 1-2, 3-1, 2-4)

გოლები: რამიშვილი(3), კუტივაძე(2), ბაღათურია (2), ნიკოლაიშვილი (საქართველო) - ტონი (2), თორნტონი (2), გიალსოლერი, ჰაუელი, ფიშერი, გრიერი (აშშ)

28.07.2021 თბილისი, ოლიმპიური, მსოფლიო ლიგის სუპერფინალი

საქართველო - აშშ 9:13 (1-3, 2-5, 3-2, 3-3)

გოლები: ელაჩა (3), ვაპენსკი (2), იმნაიშვილი (2), შუშიაშვილი, მაგრაქველიძე (საქართველო) - ირვინგი (3), დაუბე (3), ობერტი (2), ბოუენი (2), სტევენსონი, ჰალოკი, ვუდჰეადი (აშშ)

აშშ-ს წყალბურთელთა ნაკრების ლეგენდარული მწვრთნელი სერბი დეიან უდოვიჩიჩი
აშშ-ს წყალბურთელთა ნაკრების ლეგენდარული მწვრთნელი სერბი დეიან უდოვიჩიჩი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG