ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ისტორიული გამარჯვება "დუნაი არენაზე"


ქართველი წყალბურთელები საფრანგეთის დამარცხებას ზეიმობენ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სამშაბათს, ბუდაპეშტში, ევროპის ჩემპიონატზე, სენსაციური და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. D ჯგუფში, პირველივე სათამაშო დღეს, ქართველებმა უშუალო კონკურენტი-საფრანგეთი 9:7 დაამარცხეს და პლეი-ოფში თამაში უკვე გაინაღდეს.

მსოფლიო წყალბურთის ცოცხალი ლეგენდის რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა თანაბრად კარგი შთაბეჭდილება დატოვა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ფრანგებს ყველაზე მეტი სამი გოლი, ნატურალიზებულმა ბორის ვაპენსკიმ გაუტანა, რომელიც ნაკრების სხვა წევრებთან ერთად თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავს.

ქართველთა ბომბარდირი ბორის ვაპენსკი
ქართველთა ბომბარდირი ბორის ვაპენსკი

დანარჩენი ექვსი ბურთი მიხეილ ბაღათურიას, ანდრია ბითაძის, ხვიჩა ჯახაიას, გიორგი მაგრაქველიძის, რევაზ იმნაიშვილისა და ფაბიო ბარალდის ანგარიშზეა.

ნაკრები ბუდაპეშტში 13 წყალბურთელით ასპარეზობს, აქედან ოთხი სერბი ვაპენსკი, იტალიელი ბარალდი, ხორვატი ელაჩა და მონტენეგროელი ცრეპულია ჩვენს გუნდში ნატურალიზაციის შედეგად მოხვდნენ. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე ამბობს:

მეტოქე კარგად შევისწავლეთ, შემოთავაზებულ ტემპსაც გავუძელით და ბოლოს ჩვენი თამაში მოვახვიეთ. ამ გამარჯვებით უკვე ევროპის 12 საუკეთესო გუნდში მოვხდით"
რევაზ ჩომახიძე, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი


„ძალიან მძიმე მატჩი მოვიგეთ და ძალიან დიდი დღეა! მეტოქე კარგად შევისწავლეთ, შემოთავაზებულ ტემპსაც გავუძელით და ბოლოს ჩვენი თამაში მოვახვიეთ. ამ გამარჯვებით უკვე ევროპის 12 საუკეთესო გუნდში მოვხდით, ყველაფერი ახლა იწყება და ბოლომდე ვიბრძოლებთ“ - აღნიშნა ჩომახიძემ.

საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ ასპარეზობს, 2014 წელს უნგრეთში, 2016 წელს სერბეთში და 2018 წელს ესპანეთში, ქართველებმა ჯგუფში თამაში ვერ მოიგეს. ასე რომ ბუდაპეშტის „დუნაი არენაზე“ პირველი გამარჯვებით ისტორია დაიწერა.

მომდევნო შეხვედრებს რევაზ ჩომახიძის გუნდი D ჯგუფში 16 იანვარს საბერძნეთთან და 18 იანვარს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან იტალიასთან გამართავს. დღეს ამ გუნდების მატჩში იტალიამ 10:6 გაიმარჯვა.

ფრანგების კარს ანდრია ბითაძე უტევს
ფრანგების კარს ანდრია ბითაძე უტევს

D ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ მეოთხედფინალში გადის, მეორე-მესამე ადგილოსნები კი პლეი-ოფში და მერვედფინალში იასპარეზებენ. ეროვნული ნაკრების წევრი ანდრია ბითაძე ამბობს:

„საფრანგეთის დამარცხება ჩემპიონატზე ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რამდენიმე თვე ინტენსიურად ვემზადებოდით ამ მატჩისთვის და ყველაფერი ჩავდეთ რომ ასეთი ძლიერი მეტოქისათვის მოგვეგო"
ანდრია ბითაძე, ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი


„საფრანგეთის დამარცხება ჩემპიონატზე ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რამდენიმე თვე ინტენსიურად ვემზადებოდით ამ მატჩისთვის და ყველაფერი ჩავდეთ რომ ასეთი ძლიერი მეტოქისათვის მოგვეგო. წინ საინტერესო მატჩები გველის და იმედი მაქვს, რომ კიდევ გავიმარჯვებთ.“ - თქვა ბითაძემ.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონობისთვის, ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფში 16 ქვეყანა იბრძვის. ფავორიტები ევროპის მოქმედი ჩემპიონი სერბეთი და მსოფლიო ჩემპიონი იტალია არიან. კონტინენტის ახალი ჩემპიონის ვინაობა 26 იანვარს „დუნაი არენაზე“ გაირკვევა.

ბუდაპეშტის "დუნაი არენა"
ბუდაპეშტის "დუნაი არენა"

Facebook Forum

XS
SM
MD
LG